ბიოგრაფიული მასალები

ვახუშტი კოტეტიშვილის წერილი წიგნიდან ჰაფეზი, ლირიკა, 
გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, 1970


ჰაფეზი (მე-14 ს)

შამს ედ-დინ მოჰამედ ჰაფეზ შირაზელის შემოქმედება სპარსული კლასიკური ლირიკის უმაღლეს მწვერვალად არის აღიარებული. მისმა პოეტურმა ნააზრევმა განუზომელი გავლენა მოახდინა არა მარტო სპარსული, არამედ მთელი მახლობელი აღმოსავლეთის ლირიკის განვითარებაზე. ჰაფეზის მიერ შექმნილი პოეტური სახეები თავისებურ ფორმულებად იქცნენ, რომელთა ვარიაციებით აღსავსეა შემდეგდროინდელ პოეტთა შემოქმედება. საგულისხმოა, რომ ამ გავლენამ მე-20 საუკუნის მიჯნამდე მიაღწია. ჰაფეზის პოპულარობა აღმოსავლეთში განუსაზღვრელი იყო. მის ტკბილ ყაზალებს მღეროდნენ სამეფო სასახლეებში თუ ღარიბულ ქოხებში, საჯაროდ თუ განმარტოებით. ირანში დღესაც ცოცხლალია ანდაზა: „ვინ არ იცის, რომ ხოჯა ჰაფეზი შირაზელია“, ხოლო ტაჯიკეთში სიტყვა „ჰაფეზი“ ლექსის ოსტატის აღმნიშვნელ ზოგად სახელად იქცა.
  • ჰაფეზის პოეზია მე-19 საუკუნის ევროპაშიც უაღრესად პოპულარული გახდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, გოეთემ თავის „დასავლურ-აღმოსავლური დივანის“ მეორე ნაწილს „ჰაფეზის წიგნი“ უწოდა და სპარსული ლირიკის ამ შეუდარებელ ოსტატს აღფრთოვანებული სტრიქონები უძღვნა. ამგვარად, ჰაფეზის პოეზიამ ხუთი საუკუნის შემდეგ მსოფლიო აღარება ჰპოვა.
  • ჰაფეზი ცხოვრობდა მე-14 საუკუნეში, ეს იყო უაღრესად აწეწილი და სისხლიანი ხანა ირანის ისტორიისა. ჰულაგიდების დიდი იმპერიის დაშლის შედეგად წარმოშობილ დაქუცმაცებულ სამთავროებსა და სახელმწიფოებს შორის განუწყვეტელი შუღლი მძვინვარებდა. იცვლებოდნენ დინასტიები, იღვრებოდა უდანაშაულო სისხლი და ფეოდალურ უთანხმოებათა მთელი სიმძიმე მშრომელ ხალხს აწვებოდა, რომელთა უკმაყოფილება ხშირად შეიარაღებული სახალხო აჯანყებების სახეს იღებდა.
  • ჰაფეზის ცხოვრების შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით. იგი, ვარაუდით, მე-14 საუკუნის დასაწყისში უნდა დაბადებულიყო ქალაქ შირაზში. მას აქვე მიუღია განათლება და ახალგაზრდობის წლებშივე სახელი გაუთქვამს, როგორც ყურანის კარგ მცოდნეს. აქედან წარმოსდგება მისი ფსევდონიმიც (მუსლიმანურ აღმოსავლეთში მთელი ყურანის ზეპირად მცოდნენი ჰაფეზებად იწოდებოდნენ). იგი ეკუთვნოდა ქალაქის ხელმოკლე ინტელიგენციის ფენას. ქონებრივი უსახსრობის მიუხედავად, ჰაფეზი არ გაჰყვა იმ გზას, რომელსაც იმდროინდელი პოეტები ირჩევდნენ ხოლმე. იგი არ დახარბებია კარის პოეტის კარიერას და თავისი ნიჭი მეცენატთა ხოტბაზე არ დაუხურდავებია. მხოლოდ უკიდურესი გაჭირვების ჟამს თუ ჩართავდა ხოლმე ლექსში რომელიმე მეფისა თუ ვეზირის მაქებარ სტრიქონს თავისი არსებობისა და დამსახურების შეხსენების მიზნით.
  • ცნობილია, რომ ჰაფეზს თავიანთ კარზე იწვევდნენ ბაღდადიდან ჯელაირიდი სულთან უვეისი, ინდოეთიდან - პოეტების ცნობილი მეცენატი მაჰმუდ შაჰ ბაჰმანი, ყიას ედ-დინ იბნ სულთან ისქანდერ ბენგალელი თუ სხვანი... მაგრამ ჰაფეზმა სასახლეთა ბრწყინვალებას თავისი მშობლიური შირაზი ამჯობინა, ცნობილი მუსალის ბაღითა და მდინარე რუქნაბადის აყვავებული ნაპირებით, რომელთა სილამაზესაც ბევრი აღფრთოვანებული ლექსი უძღვნა.
  • ჰაფეზს თავისი შირაზი სიკვდილამდე არ მიუტოვებია. მისი გარდაცვალების თარიღს გვამცნობს ოსტატურად შედგენილი ეპიტაფია, რომელიც ასე მთავრდება:

„რამეთუ მუსალის მიწაში ჰპოვა სავანე,
მისი გარდაცვალების თარიღი მუსალის მიწაში ეძიე“.

  • სიტყვების „მუსალის მიწა“ შემადგენელი ასოების რიცხვით მნიშვნელობათა ჯამი გვაძლევს 791 წელს ჰიჯრით, რაც ჩვენი წელთაღრიცხვის 1389 წელს შეესაბამება.
  • საინტერესო დამთხვევაა: ჰაფეზის მიერ მრავალგზის ხოტბაშესხმული მუსალის მიწა მისივე აღსასრულის ქრონოგრამად იქცა.
  • ამ ცნობებით ამოიწურება ჰაფეზის ბიოგრაფია. აღმოსავლეთში ყოველი დიდი პოეტის ცხოვრება ლეგენდად არის ქცეული, ხალხისთვის ეს ლეგენდები სინამდვილეზე მეტად სარწმუნონი ხდებოდნენ, ვინაიდან მათ სურვილსა და ფანტაზიას ეს გამონაგონი უფრო მეტ საზრდოს აძლევდა, ვიდრე მშრალი ფაქტები და ქრონოლოგია. ეს ლეგენდები მოგვითხრობენ ჰაფეზის ბავშვობის უკიდურეს გაჭირვებას, მისი ღვთაებრივი ნიჭს ზეგარდმოვლენის სასწაულს და იმ საოცარ ზეგავლენას, რომელსაც მისი ყაზალები ახდენდნენ მსმენელზე.
  • არსებობს ასეთი ლეგენდაც: თემურ ლენგს შირაზი რომ დაუპყრია, სმენია ჰაფეზის ცნობილი ყაზალი, რომელიც ასე იწყება:

 ამ ლამაზმა შირაზელმა 
თუ განკურნა ჩემი დარდი,

მზად ვარ იმის ხალში მივცე

ბუხარა და სამარყანდი.

  • განრისხებულ თემურს უბრძანებია, მოძებნეთ ის თავხედი პოეტი და დაუყოვნებლივ აქ მომგვარეთო. როდესაც ჰაფეზი მიუყვანიათ, თემურ ლენგს უთქვამს: მე მთელი მსოფლიო დავიპყარი სამარყანდისა და ბუხარის განდიდებისათვის და შენ ვინა ხარ, რომ ჩემს ქალაქებს ვიღაცის ხალებზე ცვლიო. ჰაფეზს თავისი ძონძები უჩვნებია და უთქვამს: ქვეყნის მბრძანებელო, ხომ ხედავ, ამგვარმა ხელგაშლილობამ რა სიღატაკემდეა მიმიყვანაო. თემურ ლენგს გასცინებია და თავისი რისხვა წყალობით შეუცვლია.
  • ჰაფეზის შემოქმედების კვლევას ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი. ჩვენამდე შემოინახა ჰაფეზის დივანის (ლექსთა კრებულის) კომენტარები, შესრულებული სპარსულ, თურქულ და ინდურ ენებზე. მე-19 საუკუბიდან, როგორც აღვნიშნეთ, ევროპაშიც დაინტერესდნენ ჰაფეზის პოეზიით და მის მეცნიერულ შესწავლას ფართე გასაქანი მიეცა, მაგრამ უნდა აღინიშნოს ერთი გარემოება: აღმოსავლელი კომენტატორები ჰაფეზის ყოველ ლექსს მისტიკურ გაგებას აძლევდნენ და მის პოეზიაში უხვად მიმდინარე სარფიალო-ჰედონისტურ ნაკადს სუფიზმის პრინციპებით ხსნიდნენ, ხოლო ევროპელ მეცნიერთა გარკვეული ნაწილი სავსებით უარყოფდა ჰაფეზის შემოქმედებაში სუფიურ განწყობილებათა არსებობას და მის ეროტიულ ჰედონიზმს რეალურ გაგებას ანიჭებდა.
  • ჰაფეზის პოეტური მემკვიდრეობის მეცნიერულმა შესწავლამ ცხადყო, რომ მის ლექსებში სუფიურ მოტივებს სისტემური ხასიათი არ გააჩნია და მათი არსებობა იმ ეპოქისათვის დამახასიათებელი ლიტერატურული სტილით არის განპირობებული, რაც თავის მხრივ სპარსული კლასიკური ლირიკის სპეციფიკით აიხსნება.
  • ჰაფეზი სამართლიანად ითვლება სპარსული ლირიკული სალექსო ფორმის ყაზალის განუმეორებელ ოსტატად. მან დაარღვია ყაზალის შინაგანი კომპოზიცია და ბეითების აზრობრივი დიფერენციაციის შედეგად ეს ფორმა უფრო ტევადი გახადა. ამის შედეგად მის ერთსა და იმავე ლექსში უნაზესი ლირიზმით აღსავსე სტრიქონთა გვერდით შეხვდებით დილოსოფიურ თუ სოციალურ საკითხთა მოჭარბებასაც.
  • ჰაფეზი იმდენად ორიგინალური შემოქმედია, რომ ბევრი მეცნიერი მისი პოეზიის თაგმნას შეუძლებლად თვლის. ცნობილი ფრანგი ორიენტალისტის ანრი მასეს ხატოვანი თქმით: „ჰაფეზის თარგმნის ცდა იგივეა, რაც მთვარის შუქის ლარნაკში მომწყვდევის სურვილი“. დანიელი აღმოსავლეთმცოდნე ა.ქრისტიანსენი ასე ახასიათებს ჰაფეზის პოეზიას: „ჭეშმარიტად ჰაფეზი არ ითარგმნება, მისი სიმღერები თითქმის სიზმარეულ ჩვენებათა თამაშია, მსწრაფლცვალებადი სურათებითა და ფრაგმენტული აზრებით. ისინი იმდენად შერწყმული არიან სპარსულ ენას და სტილს, რომ ყოველი ცდა მისი სხვა ენაზე ებაზე თარგმნისა მარცხით დამთავრდება. ჰაფეზის პოეზია ფერადი ფაიფურის ორნამენტს გაგონებთ, რომელიც ესოდენ დამახასიათებელია ამ პერიოდის სპარსული არქიტექტურისათვის“.
  • ქართველი მკითხველი, უკვე კარგა ხანია, იცნობს ჰაფეზის შემოქმედების ნიმუშებს ა.ჭელიძის და მ.თოდუას თარგმანების სახით. წინამდებარე წიგნი მესამე ცდაა ჰაფეზის პოეზიის ქართულ ენაზე ამეტყველებისა. 




დავით კობიძის
წერილი წიგნიდან სპარსული ლიტერატურის ისტორია, 
თბილისის უნივერსიტეტის გამომცელობა, 1975


ჰაფეზი

სპარსული ლირიკის უდიდესი წარმომადგენელი შამს ედ-დინ მოჰამედ ჰაფეზ შირაზელი მე-14 საუკუნეში ცხოვრობდა. მისი დაბადების წელი ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. ზოგ წყაროში, სადაც ჰაფეზის შესახებაა საუბარი, პოეტის დაბადების თარიღად 1300 წელია აღიარებული. ამ ბოლო ხანებში ირანში გამოცემული მისი ლექსების კრებულის წინასიტყვაობაში ნათქვამია, თითქოს ჰაფეზი 726 წელს ჰიჯრით (1325 წელს ჩვენი წელთაღრიცხვით) იყოს დაბადებული, ხოლო გარდაცვლილია 1390 წელს. აქვე შეიძლება აღინიშნოს, რომ რიპკას სპარსული და ტაჯიკური ლიტერატურის ისტორიაში პოეტის დაბადების წლად სხვადასხვა გამოკვლევებსა და წყაროებში არსებული შემდეგი თარიღები აქვს წარმოდგენილი: 727/1326-7, 717-1317-8, 720/1320-, 757/1356 და სხვ.
წყაროთა უმრავლესობა პოეტის გარდაცვალების თარიღად 1389 წელს მიიჩნევს, საფლავის წარწერაც ამასვე ადასტურებს. მაშასადამე, ჰაფეზის გარდაცვალების თარიღი ჩვენთვის ცნობილია და მასში არავითარი ეჭვი არ შეიძლება შევიტანოთ, ხოლო დაბადების წელი კვლავ საძებარი ხდება.

ჰაფეზი დაკრძალულია მის მშობლიურ ქალაქ შირაზში, სადაც პოეტმა მთელი სიცოცხლე გაატარა, სადაც იგი გატაცებით უმღეროდა გაზაფხულს, სიყვარულს, ვარდ-ყვავილებს და საიდანაც მისი პოეზიის ჩაუქრობელი ნათება მთელ აღმოსავლეთს სწვდებოდა., შემდგომ კი ევროპის ქვეყნებს და ამრიგად, როგორც აღმოსავლეთის, ასევე დასავლეთის ხალხებში დიდი პოეტის სახელი დაიმკვიდრა. 
  • ჰაფეზი დიდად განათლებული პიროვნება ყოფილა, მას შირაზში კათედრაც კი ჰქონია დაარსებული, სადაც ღვთისმეტყველების დარგში ლექციებს კითხულობდა. მას ზეპირად სცოდნია მთელი ყურანი და დიდი მეხსიერებით ყოფილა დაჯილდოებული. ფიქრობენ, რომ აქედან წარმოდგა მისი ლიტერატურული ფსევდონიმი ჰაფეზი (სიტყვა „ჰაფეზი“ ნიშნავს ყურანის ზეპირად მცოდნეს, დიდი მეხსიერების მქონე ადამიანს, მფარველს, დამცველს და სხვა).
  • ჰაფეზის მამას ბეჰა-ედ-დინი რქმევია, იგი ისპაანის მკვიდრი ყოფილა, მას ახალგაზრდობაშივე დაუგდია მისი მშობლიური ქალაქი და შირაზში გადასახლებულა; იქ სავაჭრო გაუხსნია და იმის შემოსავლით ოჯახს ინახავდა. როცა ბეჰა-ედ-დინი გარდაცვლილა, დარჩენილი ქონება უფროს ძმებს ერთმანეთს შორის გაუნაწილებიათ და წასულ-წამოსულან, მათ ყოველგვარ საშალებათა და სახსრების გარეშე მიუტოვებიათ დედა და მცირეწლოვანი ძმა (ჰაფეზი). როცა ჰაფეზი წამოზრდილა, მას საფუარის წარმოება დაუწყია, ამით მოპოვებულ ფულს იგი სამ ნაწილად ყოფდა: ერთ ნაწილს დედას აძლევდა, მეორეს მასწავლებელს, მესამეს მათხოვრებს.
  • ჰაფეზს სკოლაში მიუღია პირველდაწყებითი განათლება და ზეპირად დაუსწავლია ყურანი. პურის საცხობი, რომელსაც ჰაფეზი აძლევდა თავის საქონელს, ადგილობრივი პოეტებისთვის ერთგვარ თავყრილობის ადგილს წარმოადგენდა; ისინი აქ თავის ნაწარმოებებს კითხულობდნენ, კამათობდნენ ამა თუ იმ ლექსის ღირსება-ნაკლოვანებაზე.
  • ჰაფეზსაც დაუწყია ლექსების თხზვა, მაგრამ აღნიშნულ კლუბში თავშეყრის მონაწილე პოეტების თვალსაზრისით, ისინი მეტრიკასა და რითმებში სცოდავდნენ. პოეტები მკაცრად ეპყრობოდნენ მის ლექსებს. პოეზიაში გადადგმული პირველი ნაბიჯებით გამოწვეული მარცხი ახალგაზრდა პოეტს მეტად უმძიმდა. ამას ზედ დაერთო შირაზელი მზეთუნახავის შაჰ-ნებათის უიმედო სიყვარული, რომელიც ჰაფეზის გულში ნელ-ნელა აენთო და მას მოსვენებას აღარ აძლევდა.
  • ჰაფეზმა მიმართა შირაზის ახლოს მდებარე გამოჩენილი ირანელი სუფი პოეტის ბაბა ქუჰის მიერ დაარსებულ სამლოცველოს, სადაც, გადმოცემით, ვინც ორმოც ღამეს ლოცვით გაატარებს, მას ყოველგვარი სურვილი შეუსრულდება. ჰაფეზი ყოველ საღამოს მიდიოოდა იმ წმინდა ადგილას და მთელ ღამეს ლოცვაში ატარებდა. ასე გავიდა 39 ღამე და აი, პოეტი მეორმოცეჯერ გამოემართა სამლოცველოსკენ და, როცა იმ სასახლის მახლობლად ჩაიარა, სადაც მისი ტრფობის საგანი ცხოვრობდა, მოულოდნელად მას აცნობეს, შაჰ-ნებათი გიბარებსო. ჰაფეზი დიდი აღფრთოვანებით გაქანდა იმის სასახლისკენ, სიხარულით მიიჭრა მასთან, იმდენად გამხიარულდა და გაერთო მის საყვარელ არსებასთან, რომ ვერც კი შენიშნა, თუ როგორ გაიარა მთელმა ღამემ.
  • დილით პოეტი გაეშურა სამლოცველოსკენ, მაგრამ გვიანღა იყო. ხმამაღალი ყვირილი მორთო. ამ დროს მას გამოეცხადა მთლად მწვანით შემოსილი ვიღაც შავგვრემანი არსება და პირში რაღაც ჩაუდო. ჰაფეზმა ის ჩაყლაპა და მაშნვე ისეთი პოეტი გახდა, რომ მისი დიდება მთელ ქვეყანაზე გაისმა.
  • ეს ლეგენდა, განსაკუთრებით მისი ბოლო ნაწილი, ჩვენთვის იმითაა საინტერესო, რომ ხალხმა (ლეგენდის ავტორმა), ჰაფეზის ნიჭი ციურ ძალებს დაუკავშირა; ხალხის რწმენით, ღვთის ჩარევის გარეშე შეუძლებელია მას ასეთი დიდი პოეტური ნიჭი ჰქონოდა. ნათქვამი იმას ნიშნავს, რომ ხალხმა იმთავითვე იწამა ჰაფეზის პოეზიის უკვდავება.




Викизнание


Хафиз (Шемс-Эддин-Мухаммед)
Знаменитый персидский поэт (1300-1389). Родился, жил и умер в Ширазе. Слово Хафиз, усвоенное многими другими персидскими писателями, означает "хранителя", т. е. человека, в сердце своем хранящего заветы Корана. Лирические стихотворения Шемс-Эддина благодаря своей чарующей прелести снискали их автору название Шекерлеб ("сахарные уста"), быстро создали ему известность и сделали любимцем и другом царствовавшей в то время в Ширазе султанской династии Моссаферидов. Несмотря на это, Г. вел скромный образ жизни дервиша. Поэмы, которыми прославился Г., были все эротического характера, так называемые газели. Это - излюбленный всеми персидскими поэтами род литературы, близкий им по духу: здесь воспеваются красота и любовь, вино и цветы. Но лире Г. не чужды были и другие мотивы, более серьезные и глубокие, например, скорбь о непостоянстве человеческой судьбы, изменчивости счастья и т. п. В других своих стихотворениях он с большим изяществом прославлял благородство и благодеяния великих мира сего, оказывавших ему свое покровительство. Преобладание в поэзии Г. мистического элемента было причиной того, что современники называли поэта Лиссан-Эльгаиб - языком таинственных чудес. Могила Г. в одном из предместий Шираза усердно посещается туристами. После смерти Г. произведения его собраны были в один сборник и вызвали массу комментариев; сборник его стихотворений был пополнен истолкованиями Шемни, Сурури и Суди, разъясняющими не только грамматические трудности и особенности языка Г., но, главным образом, самый смысл стихов, подчас непонятный. Сборник этот, составленный Сеидом-Кацем-Анвари, содержит в себе около 751 газели и 7 более значительных произведений (кассид). Вскоре после смерти Г. его стихи подверглись со стороны некоторых фанатиков преследованию за их якобы вольность и неуважение к Корану. Издания: Мухаммеда Гулаудама "Диван" (Калькутта1791 и позже; Бомбей, 1828-50), Булакское изд. с примечаниями Суди (1834 и Констант1841), Брокгауза (неполное, 1857-61); полный текст с метрическим переводом на немецкий язык Розенцвейга (Вена, 1858-64); 24 стихотворения переведено А. Фетом в "Русском слове" 1866, № 2.

No comments:

Post a Comment