ვახუშტი კოტეტიშვილი







ვახუშტი კოტეტიშვილი
დაიბადა 1935 წლის 4 აგვისტოს, თბილისში. 
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1959 წელს. 1965-1977 წლებში იყო თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დოცენტი, 1994 წლიდან _ ფოლკლორის კომპლექსური კვლევის მეცნიერ-ხელმძღვანელი. პირველი ლექსი 1954 წელს გამოაქვეყნა, პირველი თარგმანები — 1958 წელს. სამეცნიერო ნაშრომები ძირითადად სპარსულ პოეზიაზე აქვს გამოქვეყნებული, თუმცა ეკუთვნის მრავალი მონოგრაფია ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრში. სპარსულ პოეზიასვე ეხება მისი პოპულარული თარგმანები: ომარ ხაიამის „რობაიათი“, ჯამის „ლირიკა“, ჰაფეზის „ლირიკა“ და სხვა. გარდა ამისა, გადმოქართულებული აქვს გერმანული, რუსული და ესპანურენოვანი ლიტერატურა.
ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მიენიჭა ლიტერატურული პრემია „საბა“. იყო აგრეთვე საფრანგეთისა და ავსტრიის ლიტერატურული პრემიების ლაურეატი. 2007 წელს ირანის სამთავრობო კომისიამ იგი სპარსულიდან ექვს საუკეთესო მთარგმნელთა შორის დაასახელა და სამთავრობო სიგელით დააჯილდოვა.
გარდაიცვალა 2008 წლის 7 აგვისტოს.


ყაზალები


* * *

ამ ლამაზმა შირაზელმა
   თუ განკურნა ჩემი დარდი,
მზად ვარ, იმის ხალში მივცე
   ბუხარა და სამარყანდი.
მომეც თასი, ღვინო მასვი,
   ჩქარა, თორემ მერიქიფევ,
სამოთხეში არ იქნება
   მუსალა* და რუქნაბადი*.
ჩქარა, თორემ მოთმინებას,
   როგორც თურქი მეკობრენი,
იტაცებენ კეკლუცები,
   რომ აიკლეს ქუჩაბანდი.
მის უზადო სილამაზეს
   არ სჭირდება ჩვენი ხოტბა,
მითხარ, განა ფერ-უმარილს
   საჭიროებს ნორჩი ვარდი?
იოსების საოცარი
   მშვენებისგან შემიტყვია,
რომ ზელიხას* აეხდება
   უბიწობის ფარდის ბანდი.
სულო ჩემო, მოხუცთაგან
   შეისმინე შეგონება.
ახალგაზრდებს, ხამს, ესმოდეთ
   ამ ცხოვრების ყველა ფანდი.
მოდი, თასი გამოცალე,
   მოწყდი ქვეყნის გამოცანებს,
თვით ბრძენმაც კი ვერ გაკაფოს
   ეს ხლართი და ეკალ-ბარდი.
შემრისხე და არას გყვედრი,
   დე, შეგინდოს ზეციერმა,
ლალის ბაგით თქმული რისხვაც
   საამოა, როგორც ყანდი.
ჰ ა ფ ე ზ, შენდა სადიდებლად
   ზეაღმოვლენ ვარსკვლავები,
ძვირფას ლექსთა მარგალიტი
   აკინძე და აღაღანდი.

* * *

გული მიფრთხება, გულისხმიერნო,
   ღვთის გულისათვის, მომეცით ხელი!
ვაი, რომ უცებ უნდა განცხადდეს
   ეს ხვაშიადი გულსშიგან მხვრელი.
ქიმმორღვეული მე ვარ ხომალდი,
   ჰე, ზურგია ქარო, ძალი მომანდე!
იქნება ახდეს და კვლავ ვიხილო
   ის, ვის ხილვასაც აქამდე ველი.
ჩვენი ცხოვრების მქრქალი ლამპარი
   ჯადოქრობაა და ცრუ ზღაპარი,
სანამ მიმქრალა, უნდა შეიძლო
   მოყვასთა მიმართა საქმენი ქველი.
წუხელ. როდესაც ბინდი მინელდა,
   მესმა გრძნეული ხმები ფრინველთა;
აღსდექ და ღვინით აღავსე ჯამი _
   ზეიდუმალი ზმანების მგვრელი.
ჰე, სიკეთეო ცხოველმყოფელო,,
   შემწყალებელო და მწყალობელო,
ოდესმე მაინც მომხედე გლახაკს
   და მესალბუნე სალმობის მხსნელი.
ორთავე ქვეყნად მშვიდობას ფუძედ
   ამ ორი სიტყვის თარგმანი უძევს:
დიდსულოვნება მოყვასთა მიმართ,
   თავდაოკება _ მტრისადმი, _ ქველი.
არა ვყოფილვარ მოთნე და ფლიდი,
   არც მღირსებია სახელი დიდი,
ეს არის ბედი, უკეთუ ძალგიძს,
   შეცვალე იგი, დარიე ხელი.
ხელმოკლეობის თუ გიდგას ჟამი,
   ლხინს მიეძალე, აღავსე ჟამი,
აღსდგნენ ქვენანი, დავრდნენ ზენანი,
   ეს არს საწუთრო ყოვლისა მქმნელი.
ნუ გულზვიადობ და ნუ ენთები,
   იცოდე, სანთლად დაიღვენთები,
მისგან, რომელსაც პიტალო კლდენი
   ძალუძს, რომ ცვილად აქციოს ხელით.
საღვინე ჟამი ჟღალი ფერისა,
   თავად სარკეა ისკანდერისა*,
ჩახედე შიგ და რაც გსურს, იხილე,
   თუნდ დარიოსის სამეფო* მთელი.
სპარსელი ნაზი ლამაზმანები
   ახალ სიცოცხლეს მოგაზმანებენ,
ჰე, მერიქიფევ, ლოთებს მოხედე
   და ქვევრს მოხადე სარქველი სველი.
აღარ ჩაიცმის ეს ჩემი ფლასი,
   ზედ ღვინიანი წამექცა თასი,
წმინდა შეიხო, შეივრდომე და
   შეუნდე ჰ ა ფ ე ზ ს ცოდვები ძველი.

* * *

მერიქიფევ, ადექი და მომაწოდე ჯამი,
დაჰგმე მუხთალ წუთისოფლის მწუხარების შხამი.

ხელის გულზე გადმომიდგი თასი, ღვინით სავსე,
რომ ამ რუხი სამოსისგან განვიძარცვო ტანი.

იძრახვიან გონიერნი ლაღობისა გამო,
ჩვენ რას ვაქნევთ, რას დავუდევთ, რას იტყვიან სხვანი.

ღვინო მოგვეც, იმ უსუსურ გულზვიადთა ხროვას
აგრამც თავში ქვა უხლია და დასწვია ჯანი.

მე გულიდან მონახეთქმა ოხვრის ოხშივარმა
დამაჭკნო და დამიბუგა მკრთალი სახის კანი.

მე ამ ქვეყნის აზნაურთ და უაზნოთა შორის
კაცს ვერ ვხედავ, რომ ვასმინო ჩემი გულის ხმანი.

გულწარმტაცმა მოთმინება წარიტაცა ჩემი,
მაგრამ თავი ბედნიერად მხოლოდ მასთან ვცანი.

არ ისურვებს საროს ნახვას აყვავებულ ბაღში,
ვინც იხილა ერთხელ მაინც მისი საროს ტანი.

დღე-ღამეთა ბედითობას გაუძელი, ჰ ა ფ ე ზ,
მაგ სურვილთა აღსრულების დაგიდგება ხანი.

* * *

ჰე, მერიქიფევ, აგვინთე ჯამი
   ღვინით, რომელიც ცეცხლის ფერია,
ჰეი, მუტრიბო, გვითხარ სიმღერა,
   რომელიც ჯერაც არ გიმღერია.
ღვთიური ვნების დაგვიდგა ხვატი
   და ჯამის ფსკერზე ვიხილეთ ხატი,
ეს ჩვენი ხილვა, სულისთვის ცხადი,
   უმეცართათვის არაფერია.
მარადისობის განგვეღო ბჭენი,
   ჰ ა ფ ე ზ, დარჩება სახელი ჩვენი,
რადგან, ვინც გზნებით გალია დღენი,
   იმას სიკვდილი არ უწერია.

* * *

დილა სუნთქავს, აიკრიფა ბინდი ნაცარა
ძმებო, სმა გვსურს ნასმურევზე და სხვა არცა-რა.

ჩქარა ღვინო! მეგობრებო, დილის ნიავმა
ყვავილთ ძილიც არ აცალა, ნამით დაცვარა.

ბაღნარიდან ქრის საამო სიო სამოთხის,
წმინდა ღვინო სვი, ცხოვებამ სანამ გაცალა.

ნეტავი იმას, ვინც ბაღნარში ვარდის ხელიდან
ლალის ღვინით ანთებული ჯამი დაცალა.

მარნის ბჭენი დაუხშვიათ, ჰე, მასპინძელო,
გახსენ კარი, ლხინის ჟინმა დიდხანს გვაწვალა.

რა დროს მარნის დაკეტვაა, საოცარია,
ვინც დაკეტა, ჩვენი ჟინი რას ანაცვალა?!

ქება იმას, ვინც ჰ ა ფ ე ზ ი ს მსგავსად ილხინა
და სასმისი ლამაზ სატრფოს ღაწვთან დაცალა.

* * *

მახარობელო დილის ნიავო,
   შენი სავანე, მითხარ, სად არის?
მიჯნურთა გზიდან მაცთუნებელი
   მთვარის სადგომი, მითხარ, სად არის?
ღამეა ბნელი, წინა გვაქვს ვრცელი
   გზა გასავლელი, განიხვნა ბჭენი,
მაგრამ სად არის სინას მთა ჩვენი,
   დრო მასთან ხლების, მითხარ, სად არის?
ვინც ამ დასაქცევ ქვეყნად მოვიდა,
   წამსვე დაქცევის დაესვა დაღი,
ამ ნანგრევთ შორის ვით ვიყო ლაღი,
   სხვა იალაღი, მითხარ, სად არის?
ილხენს, ვისთვისაც ენთო და ჩანდა
   იდუმალება შენთა ნიშანთა,
მაგრამ ეს გული ვით დაიშანთა,
   ვის ვანდო, სანდო გული სად არის?
ჩემი არსების ყოველი ასო
   შენით ავსების ლხენამ აავსო,
მქირდავი მგესლავს: უფრთხილდი თავსო,
   მაგრამ სიფრთხილე, მითხარ, სად არის?
შენ ის ხარ, რაიც მარადის მწამდა,
   მიმთვლელი წელთა, ვითარცა წამთა,
მოჰკითხე შენთა შავთა ნაწნავთა,
   ჩემი ნატანჯი გული სად არის?
გონება ჩემი გარდიქცა ხელად,
   გაკიდეგანდა, გაიჭრა ველად,
ვინ დაიურვოს, ვის ვუხმო შველად,
   მუშკის ბორკილი შენი სად არის?
მწდეს უკვე დოქი უპყრია ხელში,
   მუტრიბს სიმღერა ასკდება ყელში,
მოცეკვავენი წყდებიან წელში,
   მაგრამ ვის გამოც ვილხენთ, სად არის?
საწუთროს წალკოტს ეფარვის ქარვა,
   შემოდგომისამ დაჰბერა ქარმა,
ჰ ა ფ ე ზ, გაგტანჯა წელთა ავდარმა,
   მაგრამ უეკლო ვარდი სად არის?

* * *

თმაგაშლილი, მღიმარი, ანთებული, ცხელი,
გულმკერდგადაღეღილი, გაოფლილი სველი,

ტკბილ ყაზალთა ღიღინით, ჯამით ხელში, ღამით,
სასთუმალთან მეახლა, ყელს მომხვია ხელი.

მწველ თვალებში უკრთოდა ჟინიანი ელვა,
ბაგეებზე უთრთოდა სევდის ჩრდილი ნელი.

მომეახლა მძინარს და ნაღვლიანად მითხრა,
ნუთუ თვლემსო მიჯნურო, სიყვარული ძველი?

ღვინის მადიდებელი ვინც არ არის ქვეყნად,
მან არ იცის ნამდვილი სიყვარული მწველი.

განდეგილო, დაგვეხსენ, ნუ აგვირევ სუფრას,
რადგან მხოლოდ ეს არის ჩვენთვის ლხენა მთელი.

ღვინოა თუ სამოთხის უკვდავების წყარო?
გამოვცალეთ ჯამები, ჩავისველეთ ყელი.

მრავალს გაატეხინებს აღთქმას, როგორც ჰ ა ფ ე ზ ს,
ქალის ნაწნავები და ღვინის ღიმი მწველი.

* * *

ჩუმად ღვინის სმას არა აქვს ფასი,
   უსაფუძვლოა ფარული ლხენა,
აშკარად ჩავსხდეთ მომლხენთა შორის,
   დე, დაგვაბრალონ სწრაფვანი ქვენა.
გაიხსენ გულის ყოველი ხლართი,
   და ბედისწერას ნუ გაიხსენებ,
ამ წუთისოფლის დაწყევლილ კვანძებს
   ვერ ახსნის ბრძენთა გონი და ენა.
ასე გრძელდება გაჩენის დღიდან
   ეს უსასრულო, ძველი ზღაპარი,
ნუ გაგაოცებს საწუთროს ბრუნვა
   და დროის მდორე ტალღათა დენა.
რიდით აიღე ჯამი თიხისა,
   თავის ქალების მტვერით ნაზელი,
მას ზედ ატყვია ქეიყობადის*
   ჯემშიდისა თუ ბაჰმანის* ფენა.
ვინ უწყის, ახლა საით წავიდნენ
   ქეიყობადი თუ ქექაუსი*?
ვით დააქცია ჯემშიდის ტახტი
   წყეული დროის გრიგალთა სტვენამ.
შემიმჩნევია, ყოველწლიურად
   ახლაც წითელი ტიტა იზრდება
იქ, სადაც ფარჰადს* შირინზე* სევდით
   მოუხდა სისხლის ცრემლების დენა.
ო, იქნებ ტიტამ ალღო აუღო
   წუთისოფელს და მის უპირობას
და ამიტომაც უპყრია ჯამი,
   ვიდრე განძარცვავს ფოთოლთა ცვენა
მოდი და შევსვათ იმდენი ღვინო,
   რომ თავს დაგვექცეს მთელი სამყარო,
იქნებ უეცრად ამ ნანგრევთ შორის
   იდუმალ განძსაც წავაწყდეთ ჩვენა.
მე შევრჩი შირაზს, რადგან აქედან
   სამოგზაუროდ არსად მიშვებენ
აყვავებული მუსალის ბაღი
   და რუქნაბადის ტალღათა დენა.
შენც მოიქეცი ჰ ა ფ ე ზ ი ს  მსგავსად,
   ჩანგის გარეშე ნუ შესვამ ღვინოს,
დე, შენი გული სიამოვნების
   დიბა-ატლასში გახვიოს ლხენამ.

* * *

იხსენებოდეს ის ბედნიერი წამი,
ოდეს მიჯნურებს გვედგა სიამის ჟამი.

იხსენებოდეს გალაღებულთა ლხენა,
მე კი თუნდ მწვავდეს მწვავე დარდების შხამი.

თუნდ სამუდამოდ გამწირონ ჩემთა სწორთა
და დავშთე ასე დარდით გვემილი გვამი.

ჩემთა თვალთაგან ასი მდინარე მოდის,
იხსენებოდეს სხვათა ცრემლების ნამი

იხსენებოდოს, ვისაც ჰ ა ფ ე ზ ი ს მსგავსად
აღრჩობს უთქმელი სევდა-ნაღველის შხამი.

* * *

ქვეყნად მეგობარს ვერავის ვხედავ,
   ნამდვილ მეგობრებს რა მოუვიდათ?
სიყვარულს როდის მოეღო ბოლო?
   ჭეშმარიტ მიჯნურთ რა მოუვიდათ?
აიმღვრა წმინდა სიცოცხლის წყარო,
   ფეხბედნიერი ხიზრი სად არის?
ვარდის შტოთაგან მოჟონავს სისხლი
   მაისის სიოს რა მოუვიდა?
ან ვიღას შესწევს ძალი ქადილის,
   რომ ჭეშმარიტი ტრფობა ჰგზნებია,
ჭეშმარიტების ჯიუტ მძებნელთ და
   უჯიათ მიჯნურთ რა მოუვიდათ?
დიდსულოვნების საბადო დაშრა,
   აღარ ჩანს თვალი პატიოსანი,
მზე აღარ მზეობს, ქარი არ ქარობს,
   წვიმა აღარ სწვიმს, რა მოუვიდა?
აქ სადღაც იყო მიჯნურთ ქალაქი
   და სანეტარო სატრფოთა მხარე,
ლმობიერება სად აღესრულა,
   მიჯნურთა ქალაქს რა მოუვიდა?
ჰა, მოედანზე დაგორავს უქმად
   სიქველისა და სიკეთის ბურთი,
მაგრამ სარბიელს ყველა გაურბის,
   მოასპარეზეთ რა მოუვიდა?
ბაღში ათასმა ვარდმა იფეთქა,
   მაგრამ არ ისმის ფრინველთ გალობა,
რამ დაადუმა იადონები,
   ან ბულბულს მაინც რა მოუვიდა?
ასპიროზს საზი აღარ უპყრია,
   ნუთუ დაეწვა საკრავი თვისი?
ღვინის და ლხინის ლაზათიც გაქრა,
   ნამდვილ ღვინისმმსმელთ რა მოუვიდათ?
ჰ ა ფ ე ზ, იყუჩე, რამეთუ ქვეყნად
   არავინ უწყის განგება ღვთისა,
ვის უნდა ჰკითხო, ვინ განგიმარტოს,
   საწუთროს ბრუნვას რა მოუვიდა?

* * *

ხმამ იდუმალმა მამცნო, რომ სევდა
   და მწუხარება წარმავალია,
არრა დარჩება სამარადისოდ,
   რადგან ყოველი წარმავალია.
რადგან ყოველი, ქვეყნად რაც არი,
   იწვის და რჩება მხოლოდ ნაცარი.
და სხვა ნუგეში ქვეყნად არც არი,
   რადგან ყოველი წარმავალია.
საწუთროს ბჭესთან დგას კარის მცველი,
   ხელთ უმოწყალო უპყრია ცელი,
ყოველ ჩვენთაგანს ის ცელი ელის.
   რადგან ყოველი წარმავალია.
ცრემლთა მდინარის სველი ნაპირი
   და სიხარული სევდით ნაფერი,
აღარ დარჩება აღარაფერი,
   რადგან ყოველი წარმავალია.
ოქროს სახვეჭად გმინვა და ოხვრა
   არ ღირს წვალებად და წელში მოხრად,
ავლა-დიდება დარჩება ოხრად,
   რადგან ყოველი წარმავალია.
ჭეშმარიტებას ახადე ფარდა,
   ნახე წარწერა იდუმალ კართა:
კეთილშობილურ საქმეთა გარდა
   ქვეყნად ყოველი წარმავალია
ჰ ა ფ ე ზ, ავდარი კვალდაკვალ გდევდა,
   ოცნების აფრებს გრიგალი ხევდა,
მაგრამ გაივლის ეგ შენი სევდა,
   რადგან ყოველი წარმავალია!

* * *

საუნჯე ჩემთა საიდუმლოთა
   კვლავ იგივეა, რაც იყო ადრე,
გულის საკანი მაქვს დაბეჭდილი
   და თავს ამ საკნის პატიმარს ვადრი.
დაღამებიდან განთიადამდე
   მნავლავს ის ცეცხლი, შენ რომ გადამდე,
ასეთ ყოფაში ვივლი სადამდე?
   საით მინათებს ეგ მთვარე ბადრი?
შერისხული და გზააბნეული
   კვლავაც დავდივარ, როგორც ეული,
მდის მარგალიტი ლალშერეული,
   მაგრამ ვინ იცის იმისი ყადრი.
შენა ხარ ჩემი სიზმრის ფერია,
   ეგ ბაგე ჩემი სისხლის ფერია,
ასე რომ მტანჯავ, არაფერია,
   ოღონდ დროდადრო მოიხსენ ჩადრი.
შენ ჯერ თვალთაგან განმიფრთხე რული,
   მერე წარმტაცე სიმშვიდე სრული
და წამწამებით განმიპე გული
   მხოლოდ იმიტომ, რომ მზერა გკაფრე.
ჰ ა ფ ე ზ, განგებამ ასე ინება
   და ამას იქით გეცოდინება,
ქვეყნად წელთა და ცრემლთა დინება
   კვლავ იგივეა, რაც იყო ადრე.

* * *

დაუბრუნდება კვლავ იოსები*
   თავის ქანაანს, ნუ დარდიანობ
და კვლავ წალკოტად გადაიქცევა
   სევდის საკანი, ნუ დარდიანობ.
გულო, დაგულო და ნამწუხარო,
   დაგიბრუნდება ჟამი ქებული
და ეს გონება ამბოხებული
   კვლავ დამშვიდდება, ნუ დარდიანობ.
ჰეი, ბულბულო, გაზაფხულს შენსას
   ტახტს კვლავ დაუთმობს ჟამთა სიავე
და თავს შეგიმკობს ნელი ნიავი
   ვარდთა გვირგვინით, ნუ დარდიანობ.
საწუთროს ჩარხი თუ ორიოდ დღეს
   არ ბრუნავს ჩვენთა სურვილთა დარად,
გჯეროდეს, იგი ამგვარად მარად
   არ იტრიალებს, ნუ დარდიანობ.
სანამ არ უწყი განგება ღვთისა,
   არ ჩაიქნიო იმედის ხელი,
იქნებ ფარული სიამე გელის
   ამ ფარდის მიღმა, ნუ დარდიანობ.
თუ წარმავლობის წარღვნის მორევი
   შენი არსობის ფესვს მოერევა,
ნიეს მიანდე კიდობნის საჭე
   და წარღვნის დღეზე ნუ დარდიანობ.
ქააბისაკენ უდაბნოდ მავალს
   მიგიზიდავდეს დიდი მიზანი
და სიძნელენი შორი გზისანი
   არად ჩააგდე, ნუ დარდიანობ.
სახიფათოა სავანე ჩვენი
   და ჯერ არცა ჩანს მიზანთა ბჭენი,
მაგრამ იცოდე, რომ არ არსებობს
   გზა უსასრულო, ნუ დარდიანობ.
ჩვენთა რაყიფთა გამოხდომანი
   თუ განშორებით ჩვენი წვალება,
ღვთის თვალს არარა დაემალება
   უწყის უფალმა, ნუ დარდიანობ.
ჰ ა ფ ე ზ, ღამეულ სიმარტოვეში,
   დე, დერვიშული გქონდეს ქონება,
და სანამ ყურანს სწვდება გონება,
   უფალს ჰვედრე და ნუ დარდიანობ.

* * *

მე ღვინო მინდა მწარე და ძელგი,
   რომ ოხშივრითაც მაქცევდეს ჭური,
ფიქრთ შარი-შურით შევერთო შორეთს
   და განვიშორო შარი და შური.
შხამით სავსეა საწუთროს ტაბლა,
   სიმშვიდის ბადაგს ვერ ჰპოვებ დაბლა,
ო, გულო ჩემო, არ გაიკარო
   მხვეჭელობა და სიხარბე მგლური.
მომეცი ღვინო, ამ წუთისოფლად
   ვერ ჰპოვებ სადგომს მავალი ობლად,
სულ ასპიროზის* სახით რომ ტკბები,
   მრისხავ მარეხსაც* მიაპყარ ყური.
ბაჰრამის* ქამანდს შეეშვი წამით,
   ხელში აიღე ჯემშიდის* ჯამი,
მე არც ბაჰრამის სამარე ვიცი
   და არც მინახავს თვით ბაჰრამ-გური.
მოდი, გაჩვენო იდუმალება
   ღვინიან ჯამში რომ იმალება,
არ გაუმხილო ოღონდ არავის,
   რომ უღირსებმა არ მოჰკრან ყური.
არ მოაკლდება ღირსება იმათ,
   ვინც მოწყალეა გლახაკთა მიმართ,
თვით სოლომონ ბრძენს ჰქონია თურმე
   ჭიანჭველებთან კავშირი ძმური.
ჰ ა ფ ე ზ, ამ ქვეყნად ვერ დამშვიდდები,
   სანამ იზიდვის წარბთა მშვილდები,
მაგრამ ლამაზებს გაეღიმებათ,
   თუ შეგამჩნიეს მკლავი უძლური.

* * *

მას შევწირე ჩემი მწველი ჩანგი,
გულით ქვაა, ნაზი სახით - მანგი.

მოთმინება, სიმტკიცე და გონი
წარმტაცა და გულს დამადო თანგი.

სულში მიდუღს სიყვარულის სევდა
და ამომდის ცეცხლოვანი ჰანგი.

არ გაქრება სიყვარული ჩემი,
გინდ მიხრავდეს ძვლებს ჟამთასვლის ჟანგი.

თუ გიშველის, ეგ გიშველის, ჰ ა ფ ე ზ,
მაგის ბაგის, მაგის ბაგის ბანგი.

* * *

შენს სიყვარულში თმობით და თმენით
   ცნობილი გავხდი, როგორც სანთელი,
რინდებს და თავზეხელაღებულებს
   ღამეს ვუნათებ, როგორც სანთელი.
არ ეკარება არცერთი წამით
   ჩემს თვალებს ძილი დღისით თუ ღამით
და განშორების სნებით და შხამით
   ვიწვი და ვდნები, როგორც სანთელი.
მე მაკრატელმა შენზე სევდისამ
   გადმიჭრა ძაფი მოთმინებისა,
მედება ალი შენი ვნებისა
   და ჩუმად ვიწვი, როგორც სანთელი.
ალზე დამაწვა ყველა სურვილი,
   დამდინდა ცრემლი ოქროცურვილი,
ვერ დავიურვე გული ურვილი,
   ოდნავღა ვკრთივარ, როგორც სანთელი.
ცრემლში ჩაძIრულს ცეცხლი მედება,
   უკვე არღა-რა მეიმედება,
ცრემლის კიდეზე ალი მენთება
   და ვიღვენთები, როგორც სანთელი.
მკლავს განშორების მანძილი ვრცელი,
   მსურს განვანათო ეს ღამე ბნელი,
შენგან მოფრენილ ფარვანას ველი,
   ვთრთი და ვკანკალებ, როგორც სანთელი.
უშენოდ ჩემთვის სუფევს წყვდიადი,
   შენ ხარ იმედის სხივი დიადი,
აღმობრწყინდები, ვით განთიადი
   და მე მივქრები, როგორც სანთელი.
ჩემი თმენის მთა გადმოქცეულა
  და დარდის ხელში ცვილად ქცეულა,
ეს ცვილი ცრემლად გადმომცვრეულა
   და მიტომ ვდნები, როგორც სანთელი.
ვგრძნობ, რომ ფუჭია ეს ჩემი გარჯა,
   ვიწვი და ჩემი საშველი არ ჩანს,
უკანასკნელი წამიღა დამრჩა
   და ჩავიწვები, როგორც სანთელი.
ო, ნეტავ წამით მაინც მაღირსა
   აღმობრწყინება შენი სახისა,
ოღონდ გამხადე ღირსი ნახვისა
   და მერე დამწვი, როგორც სანთელი.
ჰ ა ფ ე ზ, ცრემლებით აგევსო თვალი,
   ლამის მაგ ცრემლმა ჩაგიქროს ალი,
ჩამოღვენთილი და ნამტირალი,
   უკვე ჩამწვარხარ, როგორც სანთელი.

* * *

შენ ცისკარი ხარ, მე _ მიმქრალი სანთლის მუდარა,
მაგრამ განთიადს სანთლისაგან არა უნდა რა.

სული მხდება და მებინდება სიცოცხლის დღენი,
შენმა ღიმილმა ჩემს სულს ვეღარ გამოუდარა.

სამარეს ია ამიყვავებს, რადგან ამ გულმა
ზედ დაჭდეული ზილფის კავი იას უდარა.

ჰ ა ფ ე ზ, შენს საფლავს სატრფომ სიოდ რომ ჩაუქროლოს,
შემოგეხევა ვნებისაგან ტანზე სუდარა.

* * *

თენდება, ჩქარა, მერიქიფევ, გააღე კარი,
არ დაყოვნდება ჟამთა სრბოლა არც ერთი წამით.

სანამ დამდგარა დრო საწუთროს ყოფნა-არყოფნის,
შენ მაგ სასმისით დაგვიყენე არყოფნის ჟამი.

ეს ღვინო მზეა, ათმომხდარი თასის მაშრიყით,
თუ ლხინს ეძიებ, ძილს ერიდე დღისით თუ ღამით.

სანამ სადოქედ აზელილა ჩვენი ტალახი,
ღვინით ამივსე თავის ქალა ისე, ვით ჯამი.

ჩვენთვის უცხოა მწირობა და განდეგილობა,
კამკამა ღვინით დაგვლოცე და გვაამე ამით.

ჰ ა ფ ე ზ, სწორია, ვინც ამქვეყნად ღვინო იწამა,
ამ გზას დაადექ, არ დაფიქრდე არც ერთი წამით.

* * *

ემი ძონჩები ღვინის ფასად რომ
   დავაგირავი, უმჯობესია,
და ეს უაზრო, დიდი დავთარი
   ქვევრში ჩავახრჩო, უმჯობესია.
მე წუთისოფელს ავუღე ალღო,
   სანამ გამრიყავს ცხოვრების ტალღა,
სადმე, მივარდნილ ნანგრევთა შორის
   რომ ჩავიკარგო, უმჯობესია.
რადგან ასეთი სნება ვისენე,
   ვერც განვიკურნე, ვერც განვისვენე,
გულში ცეცხლი და თვალში სისველე
   ასეთ ყოფაში, უმჯობესია.
ან მსხემობისას როგორ ვიწილე
   ოდენ სიმწარე, ოდენ სიმწირე,
რარიგ აღვწერო, ვით გავიწირე,
   ჩანგს დავაკვნესო, უმჯობესია.
თუ დაუძლურსი სიბერის გამო,
   ჰ ა ფ ე ზ, იკმარე, მარნიდან გამო!
ვნებიანობა და ლხინი ამო
   ჯეელობისას უმჯობესია.

* * *

აღივსო მკერდი მწუხარების და სევდის შხამით,
ვინ მესალბუნოს მარტოდ შთენილს თუნდ ერთი წამით.

მშვიდი თვალებით სხვა ვინღა სჭვრეტს საწუთროს მბრუნავს?
თუნდაც წამით რომ ვპოვო შვება, მომეცით ჯამი.

ეს ვითარება ბრძენს ვანიშნე, მითხრა ღიმილით:
_ შფოთავს ქვეყანა, საოცარი დაგვიდგა ჟამი.

სიყვარულის გზად დავანება ვაებას ნიშნავს,
ტრფობის იარას ვინც იყუჩებს, არ ასცდეს ვამი.

ჭმუნვაგანუცდელ ნებიერთა გზა აგვიქციონ,
ჩვენ დაგვემგზავროს, ვისაც აღრჩობს ნაღველის შხამი.

ხამს გარდაიქმნას ქვეყანა და ადამიანი,
რადგან ვერ ჰგუობს ამა ქვეყნად ტყვეობას გვამი.

გონება მივცეთ სამარყანდელ ლამაზის სუნთქვას,
რომელსაც მოაქვს მულიანის სურნელი ღამით.

ჰ ა ფ ე ზ ი ს  ცრემლი არარაა ზღვა სიყვარულთან,
რომლისთვის შვიდი ზღვაც მცირეა ისე, ვით ნამი.

* * *

"ამქვეყნად ვარდის ფერი და ღვინო ეძიე მარტო!" _
ასე თქვა დილით ბულბულმა, შენ რაღას იტყვი, ვარდო?

ტახტი ბაღნარში დაიდგი, სატრფო მოისვი გვერდით,
ხამს, დაუკოცნო ბაგენი, ვარდით და ღვინით ართო.

გამოდი, საროსტანობა საროს ესწავლოს შენგან,
გამოდი, გამოგოგმანდი, საროდ ქცეულო ვარდო.

ნეტავ ვის მიეწოდები, ვარდის სათუთო რტოო,
შენი ღიმილის კვირტები ნეტავ ვის უნდა ანდო?

გახსენ მშვენების საუნჯე, გაეც სიტურფის ლარი,
ასეთი განძის პატრონმა წყალობა უნდა ფანტო.

რომ არ დაჰბეროს ნიავმა შენი მშვენების სანთელს,
მას უნდა შემოაფარო სიქველის ფარდა სანდო.

თუმც შენი თმების სურნელთან ქრება სურნელი ამბრის,
ხამს, სათნოებაც აკმიო, მადლის სანთელი ანთო.

ყველა მგალობელს თავისის თქმა სურს ამ მეფურ ბაღში,
აჰა, ჰ ა ფ ე ზ ი ც მოსულა და გზა მიეცით ფართო.

* * *

დადგინდა ჟამი საძლისად ძნელი,
კანონად იქცა სიმდაბლე ბნელი.

აწ აღარავის შერჩა სიქველის
და ერთგულების ნიშანი ძველი.

ბრძენთ აღზევებულ ბრიყვთა წინაშე
აქვთ სამათხოვროდ გაწვდილი ხელი.

განსწავლულთა და უნარით სავსეთ
მოჰღერებიათ საწუთროს ცელი.

სამაგიეროდ ბრიყვნი ილხენენ,
აქვთ ასპარეზი ფართო და ვრცელი.

დღეს მათ საქონელს მოუცავს ქვეყნის
აჭრელებული ბაზარი მთელი.

მგოსანს კი ზედაც არვინ უყურებს
თუნდ განანათლოს სიტყვებით ბნელი,

თუნდაც სანაის ბადალი იყოს,
თუნდაც სალამურს უგავდეს ყელი.

ქერის ერთ მარცვლად არ დაფასდება
მისი სიმღერა, უხვი და ქველი.

წუხელ გონების ხმამ ჩამჩურჩულა:
ვიცი, რომ გიდგას დღეები ძნელი.

უნდა გაუძლო ამ ბედშაობას,
უმწეობაში არ მოგწყდეს წელი.

მცირედს დასჯერდი და ლერწამივით
ამოაფრქვიე ქვითინი მწველი.

ჰაფეზ, გვემილი აღზევდი კვლავაც,
გფარავდეს მარად შემწე და მხსნელი.

* * *
ეს რა ჯანღია, რომელსაც ახლა
   მე ამა ქვეყნად შევყურებ, ღმერთო,
მთელი ქვეყანა ბოროტებითა
   და მაცდურობით აღვსილა ერთობ.
ქალიშვილები ლანძღავენ დედებს,
   ვაჟები მამებს ეურჩებიან,
ავს უქადიან შობილნი მშობელთ,
   ასეთ ყოფაში ვის უნდა ენდო?
ბრიყვებს და რეგვენთ უდგათ ზეიმი,
   შეექცევიან დაშაქრულ შარბათს,
ბრძენთა კერძი კი გულის სისხლია
   და თავს ექცევათ ქოხმახთა ერდო.
არაბულ მერნებს და ბედაურებს
   ზურგზე ვირების კურტანი ადგათ,
ვირებ კი თურმე თვალ-მარგალიტის
   მოსართავები უმშენებთ მკერდთო.
ჰ ა ფ ე ზ ი ს რჩევას მისდიე, ძმაო,
   და როგორც ძალგიძს, ჰქმენი სიკეთე,
სხვისა არ ვიცი, მა კი საგანძურთ
   ეს ბრძნული რჩევა ვარჩიე, ღმერთო!

* * *

გაზაფხულია, ვარდების ცეცხლმა
   შემოაწითლა შემოგარენი,
ჰე, მეგობრებო, ლხინს მივეძალოთ,
   ნუ ვსხედვართ, როგორც მგლოვიარენი.
გარეთ ამინდი დგას საოცარი,
   მოლხენისა და თრობის დროც არი,
თანამესუფრედ გვაღირსე, ღმერთო,
   მზეთუნახავნი სახემთვარენი.
ცთომილთა ბრუნვის უწყვეტი ჰანგი
   გვაბრუებს, როგორც ღვინო და ბანგი,
და მიკვირს, უქმად რად გვიდევს ჩანგი,
   რატომ არ მოვთქვამთ გულმდუღარენი.
ჰ ა ფ ე ზ, ის დროა, ჯამები ვანთოთ,
   სალხენად ველი ვარჩიოთ ფართო,
ვის დავარწმუნებთ, ბულბულნი ვართო,
   თუ ვარდობისას ვართ მდუმარენი.

ყითა


ბაზრისთავს უცებ ჯამბაზთა
   ყიჟინამ დაიგრგვინაო:
ისმინეთ, რინდთა* ქუჩაზე
   რომელთაც გიდევთ ბინაო!
ვაზის ასული* გაგვექცა
   ამ ორიოდ დღის წინაო,
უფრთხილდით, თორემ გადაგრევთ,
   თუ შემოგიხტათ შინაო.
ტანთ ლალის კაბა ჩაიცვა,
   ლამაზად აიბზინაო,
თავზე გვირგვინად მოირგო
   ბუშტები პაწაწინაო.
ჭკუა-გონებას მოსტაცებს
   მას, ვინც დახვდება წინაო,
რარიგად დავასაჩუქრებ
   თუ ვინმემ მაპოვნინაო.
ვინც დამიმალავს, ჰაი, რომ
   ჯოჯოხეთს მივცე ბინაო;
გოგონა ვარდისფერია,
   მთვრალი და ყოყლოჩინაო.
თუ ვინმე სადმე წააწყდით,
   ჰ ა ფ ე ზ ს მოჰგვარეთ შინაო.

რობაიები

ცხოვრებისაგან გავიწირე მწირი, პარტახი,
თავს ჩამომექცა დანისლული ზეცის ჩარდახი,
ვისაც შევფიცე მეგობრობა, მტრად გადამექცა
და ბედმა გულზე მომიჭირა დარდის არტახი.

* * *
სწორად მოიქცა ვინც ბაღნარში წყაროს ნაპირთან
მოილხინა და მწუხარებას გაუნაპირდა,
ჩვენი სიცოცხლე ვარდის მსგავსად ათდღიანია
ნურას ინაღვლი, ეს სამყარო ვის რას დაჰპირდა?!

* * *
მოლხენისათვის სიყრმის ჟამი უმჯობესია,
ლამაზის ღაწვთან ლხინის ჯამი უმჯობესია,
თუ ეს ქვეყანა ბოლოს მაინც უნდა დაიქცეს,
მოდი და მოგვეც ჩვენ ეგ შხამი, უმჯობესია!

* * *
ტირიფის მსგავსად გათრთოლებდეს ბედი და ხვედრი,
თან დღენიადაგ იმედოვნე ცვლილება მკვეთრი.
მე საბოლოოდ ფერად შავი ფერი მსმენია,
მაშ, ეს შავი თმა, მითხარ, რაღამ გახადა თეთრი?

* * *
ისე მწყუროდი, ისე მსურდა ალერსი შენი
და ეგ ბაგენი, იაგუნდის ნათელის მჩენი...
მეტი რა გითხრა, დამიბრუნდი, ო, დამიბრუნდი,
თორემ ლოდინმა მომისწრაფა სიცოცხლის დღენი.

* * *
ოდეს კოკორთა აფეთქებით ენთება ბაღი
და ღვინისათვის თასს ამზადებს ნარგიზი ლაღი,
იგი იქნება გონიერი, ვინც საღამოჟამს
ღვინის სარდაფში თავს ჩაკიდებს ისე, ვით ჭაღი.

მესნევი

ჰეი, დამფრთხალო ქურციკო, საით რას დაიარები?!
მეც გული შენებრ მიფრთხება დაკოდილ-ნაიარევი.

დავდივართ გზააბნეულნი, არც ერთს არა გვყავს პატრონი,
კლდე-ღრეში დავეხეტებით ცალ-ცალკე, მარტოდმარტონი.

საით წავიდეთ, ორთავეს ყოველგნით მახე გვიგია,
რას გვემართლება საწუთრო არ ვიცით, ვერ გაგვიგია.

მოდი, ერთმანეთს გავანდოთ, გულმა რაც სევდა შენივთა,
შენ ჩემი დარდი იდარდე, მე დავმწუხრდები შენითა.

უერთმანეთოდ ორთავეს არღა-რა გვესაძლისება,
ხომ ხედავ, ჩვენი ცხოვრება შხამით და გესლით ივსება.

რამ შეაშფოთა ქვეყანა, თავკერძი, გულჩაკეტილი?!
რად ყელყელაობს ბოროტი? რად ითრგუნება კეთილი?

ვის ძალუძს, რომ უთვისტომოს გაუხსნას გულის კარები,
ვინ უმეგობროს დაჩაგრულს, ვინ შეივრდომოს ყარიბი?

ნუთუ ოდესმე მოგვხედავს თვით ხიზრი ფეხბედნიერი
და ამ დაქცეულ ქვეყანას კვლავ შეეცვლება იერი?!

ნუთუ დადგება სიკეთის და ერთგულების დროება,
ნუთ ამ ქვეყნის ქარვასლა ოდესმე გვემყუდროვება?!

ნუთუ კვლავ ჰპოვებს სიმშვიდეს სული, ნანგრევთა ხიზანი
და მიზანს მიგვაღწევინებს ხილი სიამის ხისანი.

*  *  *

მაქვს ჩაბეჭდილი ხსოვნაში ბრძენი მოხუცის სიტყვები,
მაგონდება და გონებით იმის ნაამბობს მივყვები:

შინიდან გარეთ გასულა მგზავრი, შორ გზაზე მავალი,
გადაულახავს მთა-ველი, ჭირი უნახავს მრავალი.

გზად ვინმე რინდი შეჰყრია, გზის პირას გარინდებული,
განმარტოებით განმდგარი, ქვეყანას გარიდებული.

რინდს შეუხედავს მგზავრისთვის შიგან მხედველი თვალებით
და ასე უთქვამს: სად მიხვალ შორი გზით განაწვალები?

სჯობს წამობერტყო ერთიან მაგ შენს გუდაში რაც არი
და კაკანათი დააგო თუ გეპოვება მარცვალი.

მგზავრს უთქვამს: მზად ვარ მიზნისთვის მრავალი ღამე ვათიო,
მაგრამ ჩიტების საჭერად არ მინდა კაკანათიო.

გულდაგულ შემომინახავს ერთი მარცვალი წმინდაო,
მე იმით თვითნ სიშორის მონადირება მინდაო.

ამ სიტყვის გაგონებაზე რინდს ესღა უთქვამს მარტოდენ:
სიმორღის მონადირებას შენს გარდა ბევრნი ნატრობდნენ.

მაგრამ ვაი, რომ იმათგან დარჩა მხოლოდღა ქვიშანი,
არვინ იცოდა სიმორღის საბუდარი და ნიშანი.

*  *  *

მოდი, დაჯექ და ილხინე, დრომ სანამ გაგატიალა,
ცალ ხელში ვარდის რტო გქონდეს, მეორე ხელში - ფიალა.

მოასწარ, მთვრალი საწუთრო თვალთმაქცია და ვერაგი,
სანამდე შემოუძარცვავს ჩვენთვის სიცოცხლის პერანგი.

ვზივარ მდინარის ნაპირას, ცხოვრების მორევს ჩავცქერი,
ჩავშტერებივარ ჩაბინდულს, ჩამდის ცრემლების ჩანჩქერი.

ვფიქრობ, სიამის დარბაზი რა უცებ გამომეკეტა,
და განშორების მახვილი როგორი რისხვით მეკვეთა.

იმ წარსულ დღეებს მივტირი, გულს სევდა გადამეღობა,
აპრილის ღრუბლად ვიქეცი, ცრემლი საწვიმრად მეყოფა.

მდინარის მდორე დინებას მოაქვს გმინვა და გოდება,
მეც ცრემლს ვუმატებ, როგორც კი ჩემი მზე მომაგონდება.

ვაგლახ, რარიგად მიმწუხრა, რარიგ უეცრად მიღამა,
ვიღას ვასმინო ვედრება, ან ნუგეში მცეს ვიღამა.

ვის ძალუძს, რომ უთვისტომოს გაუხსნას გულის კარები,
ვინ უმეგობროს დაჩაგრულს, ვინ შეივრდომოს ყარიბი?!

ნუთუ ოდესმე მოგვხედავს თვით ხიზრი ფეხბედნიერი
და ამ დაქცეულ ქვეყანას კვლავ შეეცვლება იერი.

რამ დაადუმოს ეს სევდა, მარადის განუკურნელი,
მარტოსულს რამ მაგრძნობინოს იმედის კეთილსურნელი.

ჰეი, მოყვასნო, ისმინეთ, ეს ერთი სიტყვა მართალი,
ერთურთს უწილეთ სიკეთე, გულიდან ჩამონათალი.

ჰეი, საწუთროს ავდარო, მე ჩემი დარდი მეგონე,
მოვმართე ჩანგი ღვთიური სული და აზრი შევკონე.

სინათლეს გადავესოდე, დავთრგუნე ჯანღი წყეული,
ჩემში მთრთოლვარე სულს მივეც ლამაზი ლექსის სხეული.

სანამდე მაცლის სიკვდილი, ჩემს შიგნი-შიგნი მკვნესარი,
მანამდე ჩემი მოთქმაც და ჩემი სიმღერაც ეს არი.

საყი-ნამე

(მერიქიფის წიგნი)

ჰე, მერიქიფევ, მომხედე, შენს მოწყალებას მოველი,
ისეთი ღვინო მომეცი, გარდამავიწყოს ყოველი.

მწედ მექმნას ამა ქვეყნისგან დამდაბლებულს და გათელილს,
შარავანდედად დამადგას სრულყოფილების ნათელი.

მომეც ეგ ღვინ ფერწმინდა, ეგ კურთხეული სასმელი,
მუტრიბის ჰანგი მასმინე, სხვა არღა დამრჩა სასმენი.

იჩქარე, დარდს ნუ მიმატებ, ჩემთვის ეს სევდაც მეტია,
ორთავე ქვეყნის იმედი ერთთავად გადმიწყვეტია.

მწდევ, კვლავ მაღირსე ჯამებში მაგ ღვინის ათინათება,
რომ მაგ ჯამთაგან თვით ჯემშიდს გადასწვდეს მათი ნათება.

შევსვამ და გულნაკვნესარი სალამურს დავემგვანები,
დროის ქარავანს გაუყვნენ მეფეთა ტახტრევანები.

განა ეს წუთისოფელი გულს ლხენით ვისმეს აუვსებს?
რა ემართებათ ჯემშდებს, რა მოსდით ქეიქაუსებს?

მომეც სასწაულმოქმედი ეგ ღვინო უსათნოესი,
მას ძალუძს მოგვცეს განცხრომა და უკვდავება ნოესი.

ჰე, მერიქიფევ, სვიანო, აგრემც გეხაროს მარადის,
განგეხვნეს ბჭენი სურვილთა მისულს სამოთხის კარამდის.

ის ღვინო მომეც, ჯემშიდის ჯამშ შიგან ნალიცლიცარი,
ვერსახილველთა მხილველი, რაიც გუმანით ვიცანი.

ამივსე, გადმომაწოდე, მაგ მადლიანი მტევნითა,
კმარა საწუთროს გრიგალი, რაც დაუდევრად მდევნიდა.

მომეც და მეც მაზიარე ჯემშიდის ნათელხილვათა,
სამყაროს ოდუმალებამ იქნებ ჩემთვისაც ინათა.

გარდამავიწყე ქვეყანა, ეს დაქცეული ტაძარი,
ძველთა მეფეთა ამბების სათხრობად სიტყვა დასძარი.

ახსოვს ამ ბებერ ქვეყანას საუკუნეთა უკუნი,
აფრასიობის სასახლის ჟრიამული და გუგუნი.

რამ დაადუმა სარდალთა ხმა ამაყი და მყივანი,
რამ დააბნელა ფარ-ხმალთა უამარ მზეთა ბრწყინვანი.

გაუდაბურდნენ არენი ბუკ-ნაღარით და დაფითა,
ტახტნი და სრა-სასახლენი დროთა ქარ-წვიმამ დაფიტა.

ამ უდაბნოში შთაინთქა სელმის და თურის ლაშქარი,
მათ ჩონჩხთა ჩინჩხვარს აყრია ქვიშა მშრალი და ნაქარი.

მწდევ, კვლავ მაღირსე ჯამებში მაგ ღვინის ათინათება,
რომ მაგ ჯამთაგან თვით ჯემშიდს გადასწვდეს მათი ნათება.

ასე ამბობდა ჯემშიდი ოქროს გვირგვინის მფლობელი:
ქერის ერთ მარცვლად ფასობსო ეს ჩვენი წუთისოფელი.

ჰე, მერიქიფევ, მაღირსე, რად მალოდინე ამდენი,
ზარდოშთის ცეცხლი მომეცი ჯამიდან გადმონადენი.

მოდი, მაგ შმაგი ფიალით აზრი და გინი წამართვი,
ისე, რომ ვერ განვასხვავო მართლმორწმუნე და წარმართი.

მომგვარე ვაზის ქალწული, გულს გადამყაროს ნაღველი,
მინდა აწყვეტით ვილხინო და შევირცხვინო სახელი.

მინდა ნანგრევთა გროვაში ამ ზარ-ზეიმის ამტეხი
დავთვრე და აქვე მივეგდო, ვით ძველი დოქის ნატეხი.

ჰე, მერიქიფევ, იჩქარე, ნუ გამომილევ ფიალებს,
აზრი და გონი დამიწვი, ცეცხლივით ამაბრიალე.

დავლახო ზოდიაქონი, ხელთ ვიპყრა ლომის ფაფარი,
სიკვდილმა - მგელმა ბებერმა ვეღარსად ჰპოვოს საფარი.

მწდევ, მაგ მადლიანი მარჯვენით განმიღე ზეცის სარკმელი,
თურმე ეს ღვინო ყოფილა თვით ანგელოსთა საკმელი.

მომეც, მეც მინდა ვაკმიო, ცას მისწვდეს მისი სურნელი,
გონს განმაშოროს სალმობა აქამდის განუკურნელი.

მომეც ეგ ღვინო სიამის მეინახე და მხლებელი,
სამეფო ტახტზე ამყვანი და მეფედ მაკურთხეველი.

ღვინით განბანე ეს გული მრავალგზის-ნაწვავ-ნადაგი,
მხოლოდ შხამს ვიყავ ჩვეული, დამალევინე ბადაგი.

ჰე, მერიქიფევ, მიხსენი, მომბეზრდა საკნის წყვდიადი,
თვალნი ამიხსენ, მაჩვენე დღე ნათელი და დიადი.

თუ მერგო სასუფეველი, მაშინ ეს რა ღა მაწუხებს,
რატომღა შეუბოჭიათ სული სხეულის მარწუხებს?!

მოდი, მაგ ღვინის ნიაღვრით დამანგრევინე სხეული,
ჰპოვე საუნჯე სიბრძნისა გულიდან გადმომსხვრეული.

სასწაულებრივ შევხარი გრძნეული ჯამის ავსებას,
შიგ ჩავხედავ და ვიხილავ უხილავ არსთა არსებას.

განმინათლდება გონება ამ ზმანებათა მიმქცევი,
უპოვარი და გლახაკი ქვეყნის მეუფედ ვიქცევი.

საიდუმლოთა მარგალიტს დავხვრეტ და ავაციმციმებ,
გულიდან ჩამოვიშორებ უთქმელი სიტყვის სიმძმეს.

და ოდეს ახმიანდება ჰაფეზის ფანგი გრძნეული,
ბანს მისცემს თვით ასპიროზი, მისი სიმღერით ძლეული.

ჰეი, მუტრიბო, სადა ხარ, საით ვის ებულბულები,
მოდი და შენი ტკბილი ხმით კვლავ აგვითრთოლე გულები.

შენი სიმღერის ალამი ჩვენს სულთა შიგან აღმართე,
აღგზნებულთ აღგვავლევინე აღფრთოვანების აღმართი.

ვაქოთ, ვადიდოთ ხელმწიფე, გვირგვინოსანი, ძლიერი,
რომელსაც ძალუძს ქვეყანას შეაცვლევინოს იერი.

რომელიც არის სამეფო ხის უმშვენესი ნაყოფი,
რომელსაც მოსდგამს უნარი მრავალი მეფის სამყოფი.

რომელსაც ხელეწიფების დათრგუნვა დროის გრიგალთა,
ვის ხელშიც სიბრძნის საზღვარი მოდრკა და გამოიკვალთა.

რომელსაც ჰმონებს ქვეყანა, მისთა სიტყვათა გამგონი,
რომლის ბრძანების ნიშანზე იცვლება ზოდიაქონი.

ვინც მეფობს თევზთა სიღრმიდან ფრთოსანთ კამარის თაღამდე,
ვინც ბრძანებს - როდის გათენდეს, ან როდის უნდა დაღამდეს.

ვისგანაც მზე ვიწყალობე, ვისგანაც შვება ვიმადლე,
და ვინც ჩვენს თვალთა უპეში ჩამდგარა, როგორც სინათლე.

ვის თავზეც ბუდობს ჰომაი, - ბედნიერების ფრინველი,
ვინც არის დედამიწაზე წყალობის მიმომფინველი.

და რომლის ბადალ მარგალიტს არა ჰფლობს ზეცის ნიჟარა,
ვინც სხვა ქვეყნების მეფენი მხევლებად შემოიჯარა.

ვინც ჯემშიდსა და ფერიდუნს დარჩით მემკვიდრედ, უბადლოდ,
ვისაც ამ ქვეყნის სვე-ბედი მარადის უნდა ვუმადლოთ,

ვინც ისქამდერის ადგილი შეავსო მეფურ ღირსებით,
ვინც გვწყალობს თავის სიუხვით, ვისი მადლითაც ვივსებით.

ჰეი, მუტრიბო, მაღირსე კვლავ შენი ჰანგის მშვნება,
სანამ ამ მუხთალ სოფელში ჩემი მზეც ჩაესვენება.

მოდი, სიმთვრალით დაბინდულს, შენი ხმა მესალბუნება,
მომისწაე, სანამ დამნაცრავს სატრფოს ნაზ თვალთა ცთუნება.

ამ ქვეყნის ოღროჩოღროებს ვერავინ ვერ განერიდა,
გზას ზოგი ფარ-ხმნლით მიიკვლევს, ზოგი კი - კალმის წვერითა.

მოდი, მუტრიბო, მასმინე ჰანგები ახალ-ახალი,
სომღერით შეატორტმანე ზეცის გუმბათი მაღალი.

ქვეყანას მოსდე ამბავი, რომ ვერვინ დამედარება,
რადგან ზეგარდმომევლინა უფლის შეწევნის ხარება.

მოდი, მუტრიბო, მალხინე, და განმიქარვე ნაღველი,
მასმინე ტკბილი ყაზალი სევდათა გადამლახველი.

მოთხარე დარდის ფესვები ჩემს სულში გადახლართული,
რომ ვეღარ ვგრძნობდე ვერაფერს შენი სიმღერით გართული.

მოდი, მუტრიბო, მაამე მაგ შენი რუდის თაფლითა,
დარდის სიშმაგემ ეს გული სანამ მთიანად დაფლითა.

ვარ მონატრული შენი ხმის, არ მსურს მოსმენა არვისი,
დავტკბები, როგორც ბარბადის ჰანგით ტკბებოდა ფარვიზი.

მოდი, მუტრიბო, სიმღერით გააპე ბაგის მარჯანი,
იდუმალების სავანეს ჩამოხსენ ფარდა-ფარჩანი.

ერთბაშად ამოაფრქვიე ის, რაც აქამდის ინახე,
გულში ნაგუბარ ხმას მიეც საიალაღე სილაღე.

ზეცად შეყრილთა ვარსკვლავთა დავლური დაავლევინე,
ასპიროზს საზის სიმენი დააწყვეტ-დაალევინე.

აღაგზნე სუფი დერვიში, საუფლო გზაზე მავალი,
შენ იყავ მისი მეგზური, შემწე და შუამავალი.

სიმღერის რაშზე შემოსვი, მიაშვებინე სადავე,
მიაკვლევინე სრულყოფის დასაბამი და სათავე.

ჰეი, მუტრიბო, გახელსი, არ დაიშურო საკრავი,
სიმღერა იყოს სალხინო, ცაში კამარანკარავი.

რა თვალთმაქცობას გვიქადის ეს ჩვენი წუთისოფელი?
ყოველი ღამე შავბნელი არის შავი დღის მშობელი.

თანდათან უფრო მაოცებს საწუთროს ჩარხის ტრიალი,
ხვალ ნეტავ ვის ჩაიხუტებს ეს შავი მიწა ტიალი.

რისთვის ანთებენ ჩირაღდნებს, ვისთვის ილევა სანთლები?
ვისთვის ან რისთვის ვინაღვლო, ანდა ვის რას ვემართლები.

მოდი, მუტრიბო, მიხსენი უბადრუკი და ძაბუნი,
მხოლოდ შენ იცი ამ გულის დარდის და სევდის სალბუნი.

მეორედ მოსვლა დამდგარა, მოწვიმს ავდარი ისართა,
წვეთ-წვეთი სისხლი თანდათან წარღვნაში გადაიზარდა.

ჰეი, მუტრიბო, ნუ უსმენ საამურ ბუკს და ნაღარებს,
ამ სისხლისღვრაში შენ მხოლოდ ხელადის სისხლი დაღვარე.

ალხინე მსმელი, რომელივ მხოლოდ შენს ნუგეშს ენდობა
და ჩვენგან წასულ მეგობრებს აწვდინე შენი შენდობა.






1 comment: