პოეზიის მიმოხილვა

ფრაგმენტები დავით კობიძის სტატიიდან

ჰაფეზის პოეზიის მთავარი თემა - ესაა ღვინო, გაზაფხული, სიცოცხლითა და სიყვარულით დატკბობა; ამავე დროს პიროვნების თავისუფლების მქადაგებელია და ფეოდალური საზოგადოების სინამდვილის წინააღმდეგ მებრძოლი.; მის პოეზიაში „სოფლის სამდურავის“ მოტივების მძლავრი ნაკადიც შეინიშნება. პოეტი უკმაყოფილებას გამოთქვამს სოფლის წარმავლობაზე, ბუნების მიერ დაწესებულ მკაცრ კანონებზე. ამ თვალსაზრისით იგი აღრმავებს და ავითარებს იმ გზასა და მიმართულებას, რაც ამ რამდენიმე საუკუნის წინ რუდაქისა და ხაიამის შემოქმედებაში ასე თვალსაჩინოდ აჟღერდა და შემდეგი დროის პოეტებიც გავლენაში მოიქცია.

  • ღვინოსა და სიყვარულს ჰაფეზამდეც სპარსული პოეზიის სხვა წარმომადგენლებიც (საადი, სელმან სავეჯი და სხვა) უმღერდნენ, მაგრამ ის შეუდარებელი პოეტური წვა, ნათელი ლირიკული განცდებით აღსავსე ლექსები, ის დიდი გამომსახველობითი უნარი, რაც ჰაფეზს გააჩნია, წინა დროის პოეტებს რამდენადმე უკან იტოვებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჰაფეზი, როგორც ლირიკოსი, ყველა ირანელ პოეტზე მაღლა დგას. მისმა სწორუპოვარმა ლექსებმა სამშობლოში და მის გარეთაც, სადაც კი სპარსულად მეტყველი ხალხები ცხოვრობდნენ, მალე დაატყვევეს მკითხველთა ფართო წრეები. საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ჰაფეზი წმინდანად ჩათვალა და მისი პოეზიაც მისტიციზმის საბურველში გახვია. ასე, მაგალითად სპარსული ლიტერატურის ძველი ისტორიკოსები (დოვლათშაჰი და სხვა), რომელთაც ჰაფეზი მისტიკოსად მიაჩნდათ, „მისტიკის ბრძენს“, „ჭეშმარიტებათა ამხსნელს“, „მისტიკოსთა ღერძს“, ხოლო მის პოეზიას „საიდუმლოების ენას“ „მისტიკოსთა დასაყრდენს“ და სხვ. უწოდებდნენ. ხალხის ფართო მასები კი ჰაფეზს „შირაზის ბულბულს“, „ტკბილბაგოვან პოეტს“ ეძახდნენ და მისი დიდი სიყვარულიც ჰქონდათ. 
  • ჰაფეზს დიდტანიანი თხზულებები არ უწერია; მის პოეტურ მემკვიდრეობას შეადგენს ხუთასზე მეტი ყაზალი, რობაიები, რომელთა რიცხვი პოეტის დივანის სხვადასხვა გამოცემების მიხედვით 40-დან 70-მდე მერყეობს, არამაღალი მხატვრული ღირსებების შემცველი, ახალგაზრდობის დროს დაწერილი რამდენიმე ყასიდა, წვრილი ლექსები და „საყი-ნამე“ (მერიქიფის წიგნი); დივანის ზოგ გამოცემაში მოთავსებულია მოხამასი (ქართ. „მუხამბაზი“), რომელიც თორმეტ ხუთ-ხუთ სტრიქონიან სტროფს შეიცავს, მეცნიერთა ნაწილს იგი ჰაფეზის კალმის ნახელავად არ მიაჩნია.
  • „საყი-ნამე“ იმდროინდელი შირაზის გამგებლის შაჰ-მანსურისადმია მიძღვნილი. ამ ოდა-ლექსის შეთხზვის შემდეგ პოეტი მალე გარდაიცვალა. საინტერესო ის არის, რომ აღნიშნული თხზულება მესნევის ფორმითაა დაწერილი, თავისი შინაარსით იგი ყასიდაა , რომელშიც საკმაოდ ძლიერი პოეტური ხერხებითაა შემკული მანსური და მისი მოღვაწეობა, მაგრამ ფორმით კი ასეთად არ ჩაითვლება. შეიძლება დაისვას საკითხი: ხომ არ წარმოადგენს „საყი-ნამე“ ჰაფეზის ცდას დაარღვიოს კლასიკური ყასიდის პოეტური ფორმა და ამა თუ იმ პირის შექებისათვის შეთხზული პოეტური ნაწარმოებისთვის დღემდე ამ ჟანრისათვის უჩვეულო სალექსო ფორმა და ხერხები გამოიყენოს?
ყაზალი
  • ჰაფეზის საყვარელი სალექსო ფორმა ყაზალია, რამაც მის პოეტურ შემოქმედებაში უმაღლეს მწვერვალს მიაღწია, ამიტომ მას „ყაზალის მეფესაც“ უწოდებენ. მე-14 საუკუნეშ, როცა ჰაფეზი მოღვაწეობდა, ყაზალი საკმაოდ განვითარებულ სალექსო ფორმას წარმოადგენდა. მთელი აღმოსავლეთი მეორე დიდი შირაზელი პოეტის საადის ყაზალების სიმშვენიერით იყო მოხიბლული და მას ამ ფორმის ფუძემდებელს უწოდებენ. მაგრამ ჰაფეზის დიდმა შემოქმედებითმა ნიჭმა შეძლო აღნიშნული ფორმის წინ წაწევა, მისი უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა, რით გამოიხატა ეს?
  • ჰაფეზმა ურითმოდ დატოვებული სტრიქონები შუა-შუაზე გაყო და ისინი ერთმანეთზე გარითმა. ამით ყაზალის არქიტექტონიკას ახალი ელემენტი შეეძინა და იგი უფრო მუსიკალური გახდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ პოეტურ ხერხს ჰაფეზის ყველა ყაზალი არ ემორჩილება. იგი მხოლოდ მისი საუკეთესო ყაზალების ხვედრია. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ გარითმვის გარეშე დატოვებული ყაზალის მუნჯი სტრიქონების, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ მათ, რითმით გაწყობის ცდები ადრე საადისაც აქვს მოცემული, მაგრამ პოეტურ ხელოვნებაში იგი ჰაფეზს ვერ გაუტოლდა.
  • გარდა ამისა, ჰაფეზის ყაზალები ალიტერაციებითა და დიდი კეთილხმოვანებითაა დამშვენებული, ყოველივე ეს კი ისეა შეზავებული, რომ მის ლექსებში არავითარი ძალდატანება არ იგრძნობა. ჰაფეზის ლირიკული ლექსი ნაზი, მოალერსე ნიავივით ეფინება ადამიანის გულს, გასაოცარი ძალით იჭრება ადამიანის სულის სიღრმეში და სწრაფად იმორჩილებს მას, მკითხველი მყისვე პოეტის განცდების ამყოლი, მისი თანამოზიარე ხდება. ჰაფეზის ენა, მისი გამოთქმები, სახეები და შედარება-მეტაფორები ფართო მასებისთვის ადვილად გასაგებია; იგი არ არის დამძიმებული ხშირად გაუგებარი სუფიური ტერმინებითა და ალეგორიებით. ყოველივე ამის გამო მისმა პოეზიამ ხალხის გულში სამუდამო ადგილი დაიმკვიდრა. ჰაფეზის დიდ პოპულარობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ აღმოსავლეთის მთელ რიგ ქვეყნებში (ირანში, ტაჯიკეთსა და სხვა) სახალხო მომღერლებს, მთქმელებს ახლაც ჰაფეზს უწოდებენ; ხალხის გაგებით ჰაფეზი და ლექსი განუყოფელია, იგი მისთვის ერთი ცნებაა.
  • საყვარელი პოეტი არაერთხელ მიუწვევიათ ინდოეთსა და ბაღდადში, იქაურ მმართველებს სურდათ თავიანთი სამეფო კარი „შირაზელი ბულბულით“ დაემშვენებინათ, მაგრამ ჰაფეზი ყველას უარით ისტუმრებდა, იგი მის საყვარელ შირაზს ერთი წუთითაც არ გაშორებია.
მისტიკოსი თუ რეალისტი?
  • ძირითადი საკითხი ჰაფეზის პოეზიისა, რომელსაც, დიდი ხანია, მეცნიერები იკვლევენ, არის ის, თუ როგორ უნდა გავიგოთ მისი შემოქმედება. არის ჰაფეზი რეალურად არსებული საგნებისა და მოვლენების მომღერალი, თუ მისი პოეზია სუფიზმის იდეებს ემსახურება? მისტიციზმის სამოსელშია გახვეული, მას მსოფლიო ღვთაების გამოვლინება-გამოსხივებად წარმოუდგენია და მისდამი ტრფობითა და შეერთების სურვილითაა ამოძრავებული? მის პოეზიაში ყველაფერი ალეგორიულია.
  • ჰაფეზის პოეზიის ბევრი დასავლეთელი კომენტატორიც პოეტში მხოლოდ მისტიკოსს ხედავს; ასე, მაგალითად: ვილბერფორს-კლარკი, რომელმაც ჰაფეზის ყაზალების ინგლისური პროზაული თარგმანი შეასრულა (დაიბაეჭდა კალკუტაში 1891 წელს), კომენტარებში ეცადა პოეტის მისტიკოსობა დაემტკიცებინა, მაგრამ მისმა ცდამ ორიენტალისტების დიდი ნაწილის თანაგრძნობა ვერ დაიმსახურა.
  • ცნობილი აღმოსავლეთმცოდის ა.კრიმსკის თვალსაზრისით ჰაფეზის შემოქმედებაში წარმოდგენილია, როგორც რეალურად არსებული მოვლენების ამსახველი, ისე მისტიკური ხასიათის ყაზალებიც. მისივე აზრით, ახალგაზრდობის დროს დაწერილი ყაზალები ჰედონისტურია, ხოლო მოხუცობის დროისა - ,ისტიკური.
  • სპარსული ლიტერატურის გამოჩენილ მკვლევარს ე.ე.ბერტელსს შეუძლებლად მიაჩნია ჰაფეზის პოეზიის ჭეშმარიტი ბუნების გაგება, მაგრამ იმასაც აღნიშნავს, რომ „მართალია ჰაფეზთან ჩვენ ვხვდებით სუფიური პოეზიიდან ჩვენთვის ნაცნობ ეროტიკულ ტერმინებსა და სახეებს, მაგრამ ისინი ისე ნათელი და ძლიერია, რომ უნებურად წარმოიშობა ეჭვი მათ სულის საცხონებელ მნიშვნელობაზე; შესაძლებელია ჰაფეზი, - განაგრძობს მკვლევარი, - უმღეროდა არა ღვთაებრივ მეგობარს, არამედ ლამაზი ქალის სისხლსა და ხორცს, იგი არა სულიერი ექსტაზით, აარამედ შირაზული მაგარი ღვინით თვრებოდა".  
  • ჰაფეზის მკვლევრის, ქართველი ირანისტის ვ.კოტეტიშვილის აზრით, „ჰაფეზის ჰედონიურ ლირიკაში, რასაკვირველია გვხვდება სუფიური ტერმინოლოგია და განწყობილების შემცველი ყაზალებიც, რომელთა არსებობას, ჩვენი აზრით, ხსნის ეპოქის თავისებურება, რომელშიც სუფიზმი, ერთი მხრივ, მოდას, ხოლო, მეორე მხრივ, თავისუფალი აზრების შენიღბვის გარკვეულ საშუალებას წარმოადგენდა... ჰაფეზის და მის თანამედროვეთა (ობეიდ ზაქანი და სხვათა) შემოქმედებაში წარმოდგენილი ჰედონიური მოტივი ლოგიკური გაგრძელებაა სპარსულ-ტაჯიკურ ლიტერატურაში რუდაქის, ომარ ხაიამის და სხვათა მიერ აღებული გეზისა და ამიტომ ის უჩვეულო მოვლენას არ წარმოადგენს".
  • ჰაფეზის შემოქმედება ბუნებრივი გაგრძელებაა საუკუნეთა განმავლობაში სპარსულ ლიტერატურაში დამკვიდრებული საუკეთესო ტრადიციებისა; პოეტი, რა თქმა უნდა, ვერ ასცდა ეპოქის მოთხოვნებსა და მის საერთო ხასიათს, მან უეჭველად სუფიური მოძღვრების შესამჩნევი გავლენა განიცადა, სხვაგვარად შეუძლებელი ხდება მთელ რიგ ყაზალებში არსებული ტერმინების, სახეებისა და საერთო განწყობილების ახსნა; მაგრამ, ჩვენი აზრით, მთავარი მაინც ის არის, რომ სუფიზმის ტალღამ ვერ წალეკა ჰაფეზის შემოქმედების ნათელი მხარეები, რომელშიც, ერთი მხრივ, ასახულია ეპოქის სუნთქვა, მისი სიავკარგე, პოეტის პროტესტანტული განწყობილება, მისი მებრძოლი სული, ხოლო მეორე მხრივ, სიცოცხლითა და სიყვარულით დატკბობის სურვილები.
  • ჰაფეზის პოეზია გაორებული კი არ არის, იგი ერთი მთლიანი შემოქმედების ნაყოფს წარმოადგენს, რომელმაც შეისრუტა და შეითვისა ყველაფერი საუკეთესო, რაც წინა საუკუნეების პოეზიას გააჩნდა. განავითარა და უმაღლეს მწვერვალზე აიყვანა სპარსული ლირიკის მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხები და საშუალებები და ამით მსოფლიო სახელის პოეტებს შორის საპატიო ადგილი დაიკავა.
ჰაფეზის დიდება
  • ჰაფეზის შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა სპარსული პოეზიის შემდგომ განვითარებაზე; პოეტს სიცოცხლეშივე ჰბაძავდნენ, მას ჰბაძავდნენ მე-15 საუკუნისა და სეფიანთა ეპოქის პოეტებიც, მისი გავლენა არც შემდეგში შენელებულა. მე-20 საუკუნის პოეტთაგანც იშვიათია ისეთი, რომელიც ჰაფეზის ლირიკის გავლენას არ განიცდიდეს. მისი მხატვრული გამოთქმები, შედარება-მეტაფორები და პოეტური სახეები სპარსული პოეზიის განუყოფელ თანამგზავრად იქცნენ.
  • სპარსული პოეზიის ამ შესანიშნავი წარმომადგენლის შემოქმედებით ევროპა ჯერ კიდევ მე-17 საუკუნის შუა წლებში დაინტერესდა, მაგრამ თარგმანები უფრო გვიან ჩნდება. ჰაფეზის შემოქმედების ნიმუშები პირველად ლათინურად თარგმნა თომას ხაიდმა (1767), ინგლისურად უილიამ ჯონსონმა (1791) და სხვა.
  • მე-19 საუკუნის დასაწყისში კი ჰაფეზი ევროპაში ძალიან პოპულარული ხდება. ამას ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ გერმანულ ენაზე გამოიცა სპარსული ლიტერატურის მკვლევრის ი.ჰამერის მიერ შესრულებული ჰაფეზის დივანის სრული თარგმანი. ეს ის თარგმანია, რამაც დიდი პოეტი გოეთე გაიტაცა; მან, როგორც ცნობილია, თავისი თხზულების „დასავლურ აღმოსავლური" დივანის მეორე ნაწილს „ჰაფეზის წიგნი" უწოდა.
  • გამოჩენილი ირანისტების ა.ქრისტიანსენის (დანია), ანრი მასესა (საფრანგეთი) და სხვათა აზრით, ჰაფეზის თარგმნა შეუძებელია, მაგრამ ასეთი განცხადებების მიუხედავად ევროპულ ენებზე არსებობდა არცთუ ისე დაბალი დონის თარგმანები და სპარსული ტექსტის გამოცემები ვ.როზენცვაიგისა, ფრ.ბოდენშტადტისა, ნესელმანისა, ჯონ პეინისა და სხვა. მთარგმნელები ცდილობენ, უფრო ახლოს მივიდნენ ორიგინალთან, დაიცვან არა მხოლოდ ფორმა, არამედ მეტრიც კი.
  • ძველ რუსეთში ჰაფეზისადმი ინტერესი მე-19 საუკუნეში იღვიძებს. ა.ფეტის (1866) და მ.პრახოვის (1874) მიერ ითარგმნება ყაზალების ნიმუშები, მაგრამ მათი თარგმანები, როგორც აღნიშნულია სამეცნიერო ლიტერატურაში, (ა.კრიმსკი, კ.ფრეიტაგი) ორიგინალიდან არ არის შესრულებული, არამედ ჰაფეზის მიაძვით შესრულებული დაუმერის ლექსებიდან. აქედან ცხადია, რომ აღნიშნულ თარგმანებს არავითარი საერთო ჰაფეზის პოეზიასთან არა აქვს. ორიგინალიდან ლექსად ჰაფეზის შემოქმედების ნიმუშების თარგმნა ფ.ე.კორშს ეკუთვნის. რევოლუციის შემდეგ რუსულ ენაზე ჰაფეზის ყაზალთა საკმაო რაოდენობაა ნათარგმნი (კ.დუნაევსკი - 1934, კ.ლიპსკეროვი, ი.სელვინსკი და სხვა - 1957).
  • საქართველოში ჰაფეზის პოეზიით ამ ბოლო დროს დაინტერესდნენ. არც ძველი, არც აღორძინების პერიოდის ქართული ლიტერატურა მის შემოქმედებას არ იცნობს. ჰაფეზის რამდენიმე ყაზალის პირველი ქართული თარგმანები, რომლებიც ა.ჭელიძის მიერ იყო შესრულებული, ირანელი პოეტების სხვა თარგმანებთან ერთად დაიბეჭდა წიგნებში - „სპარსული ლირიკა“ (1933) და „ირანელი ლირიკოსები“ (1936); ქართული თარგმანები ეკუთვნის აგრეთვე მ.თოდუას - „ტაჯიკური პოეზია“ (1952) და „აღმოსავლური პოეზია“ (1959); 1970 წელს ცალკე წიგნად გამოიცა ვ.კოტეტიშვილის თარგმანები. მასში წარმოდგენილია 25 ყაზალის, 6 რობაის, „საყი-ნამეს“ და ერთი მესნევის ფორმით დაწერილი ლექსის თარგმანი.

No comments:

Post a Comment