ზეზვა მედულაშვილი


ზეზვა მედულაშვილი


დაიბადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში 1939 წლის 20 დეკემბერს.
1957 წელს დაამთავრა არაშენდის საშუალო სკოლა და მისაღები გამოცდები ჩააბარა თსუ აღმოსავთლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე _ ჯერ სპარსულის და მერე არმენოლოგიის განხრით. 1961 წელს მისი პირველი თარგმანი დაიბეჭდა ალმანახ „მეგობრობის ცისარტყელაში“. მისი თარგმანები: სპარსული, სომხური, ტაჯიკური, უზბეკური, თურქმენული, თურქული, ჩეჩნური, რუსული, გერმანული, აზერბაიჯანული ენებიდან იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. 1974 წლიდან მუშაობდა მწერალთა კავშირთან არსებულ მხატვრული თარგმნისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარ სარედაქციო კოლეგიაში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად.


ყაზალები


მიმხადა გონი, თმენა, რწმენა - დავრჩი ღატაკი,
ამ გულქვა თურქმა* უშრეტ ცეცხლში მყო დასადაგი,

ლამაზი არის, ამბარჩიან-ყაბაჩიანი,
კოხტა, ზარიფი*, ფიცხი, მკვირცხლი, თან - ავაზაკი.

შემომგზნებია სევდა მისი სიყვარულისა,
ქვაბივით ვდუღ და მწვავს სახმილი დღენიადაგი,

გულს დავიოკებ, როს გულდაგულ გულში ჩავიკრავ,
ვითა პერანგი ეკვრის კაბას - მისით ნადაგი.

რომც შემიმუსროს სიყვარულმა ხორცი და ძვალი,
მაინც ვიქნები სიყვარულის მისის ქადაგი.

მიმტაცა სრულად გული, რჯული, მისგან სარჯული, -
ტან-ანაგებით, მაგ განგებით, ღმერთო, რად აგი?!

სალმოდღა ილმე, ჰ ა ფ ე ზ, მხოლოდ ერთი მალამო -
ისევ მაგისი ტუჩ-ბაგისი ბაქმაზ-ბადაგი.

* * *

სატრფოს ხილვა მიჩნს უკვდავების მტკბარის უმეტეს,
   ღმერთო, შემყარე, ვინ მნათია მთვარის უმეტეს!
დანა დამცა და არ ვამხილე, არ დავძარ კრინტი,
   თუმცა მწარი მჭირს გულს ჭრილობა, მწარის უმეტეს!
ჩამოვუდგები გზასავალზე, ვით მათხოვარი, -
   წყალობა მისი _ განძისა და ლარის უმეტეს!
ჰე, განდეგილო, ნუ მაცდუნებ სამოთხის ბაღით, -
   მისი ხალი ვთქვი იმ ბაღის და ზვარის უმეტეს!
იმ ვარდის დარდით გამღუნვია ტანი საროსი,
   ვინ ერთი მშვენობს ყაყაჩოთა ჯარის უმეტეს!
რას უშველის და რით უშველის, ნეტავ, მკურნალი
   გლახ გულს, დადაგულს, სისხლი რომ სდის ღვარის უმეტეს!
რჩევა მოხუცის ყურად იღეთ, ჰეი, ჭაბუკნო, -
   ჭაბუკთ ხელობას ბრძნული სიტყვა ჰკმარის უმეტეს!
ერთხელ მეზრახა: ვისა აქვსო მსგავსი საყურე,
   ჩემი რომ ბრწყინავს სისხამ დილით ცვარის უმეტეს!
მისი შემყურე მეც დავდივარ მონის საყურით,
   მისთვის ვკვდები და ცოცხალიც ვარ მკვდარის უმეტეს!
ხომ ზენდე-რუდი* უკვდავების წყლად არის თქმული,
   მაინც შირაზი ისპაჰანის არის უმეტეს!
შაქრად იტყვიან საყვარლისას სიტყვასაც, მაგრამ
   ტკბილი ვერ იყოს ის ჰაფეზის ქნარის უმეტეს!

1 comment: