ამბაკო ჭელიძე

ამბაკო ჭელიძე 

დაიბადა 1878 წლის 20 ივლისს ამბროლაურის რაიონის სოფელ ბაჯში.
1895 წლიდან მუშაობდა გაზეთ „ივერიის“ რედაქციაში. ირანში მონაწილეობდა ირან-საბჭოთა კავშირის ბანკის დაარსებაში (1923-29 წლებში). 1927 წელს იმოგზაურა ფერეიდანში. ერთ-ერთმა პირველმა აღადგინა კავშირი ფერეიდნელ ქართველებთან; სწავლობდა მათ ენას, ისტორიას, ყოფას.
ამბაკო ჭელიძემ აღადგინა სპარსულიდან ქართულად თარგმნის ტრადიცია. მისი თარგმანები გაერთიანებულია კრებულებში: „სპარსელი ლირიკოსები“ (1935), „ირანელი ლირიკოსები“ (1936), „მოლა ნასრედინის ანეკდოტები“ (1940), ომარ ხაიამის „რობაიათი“ (1946). თარგმნა პოემები „ლეილი და მაჯნუნი“, „ხოსროვი და შირინი“ (1964), „საიდუმლოებათა სალარო“; საადის „ბუსთანი“ (1955), „გოლესთანი“ (1948). ავტორია წიგნებისა „ფერეიდნელი ქართველები“ (1935) და „ექვსი წელი სპარსეთში“ (1964).
გარდაიცვალა 1940 წლის 25 დეკემბერს.


ყაზალები

* * * (1)
ჩემი სული და გული ჩემმა სატრფომ წაიღო,
ჩემმა სატრფომ წაიღო ჩემი სული და გული.
სული გაცოცხლებული მისი ბაგით იქნება,
მისი ბაგით იქნება სული გაცოცხლებული.
მიწა სატრფოსეული ჩემი ლხენის ბაღია,
ჩემი ლხენის ბაღია მიწა სატრფოსეული.
შენით აძგერებული გული ვნებით სავსეა,
გული ვნებით სავსეა შენით აძგერებული.
შენ ხარ მოვლინებული იოსების სიტურფით,
იოსების სიტურფით შენ ხარ მოვლინებული.
შენი სარო სხეული ჩემს ბაღში ნაზარდია,
ჩემს ბაღში ნაზარდია შენი სარო სხეული.
ზეცით მომადლებული, ჰაფიზ, იმღერე ტკბილად,
ჰაფიზ, იმღერე ტკბილად ზეცით მომადლებული.

* * * (2)
ნუ ქნას უფალმა, - ღვინო უარვყო, ნუ თუ ამას ვიქმ,
ვამაყობ ჭკუით, და ამ საქმეს განა რისთვის ვიქმ,
სად ხარ, აშუღო, განსწავლას და თავგამოჩენას
მხოლოდ ჩანგისთვის, ბარბითისთვის და სტვირისთვის ვიქმ.
ყაყან-ყიჟინმა სკოლისამ რომ მოქანცა გული,
სამსახურს მხოლოდ მიჯნურის და ღვინის სმისთვის ვიქმ.
როდის ყოფილა ბედი ჩვენი ერთგული, ღვინო!..
წარსული, თხრობას ქეიქაუს და ჯამისთვის ვიქმ.
ცოდვის ჩადენა არ მაშინებს. განკითხვის დღეზე
მისი წყალობით თუნდ ას ცოდვას შავი დღისთვის ვიქმ.
თვით ერთ დილის ჟამს, სანამ ღამე მოვა განსჯისა,
იმ ბედნათელთან ახლოყოფნას სიამისთვის ვიქმ.
სული ანაზდად რომ ჩაუდგა ჰაფიზს მიჯნურმა,
როცა ვიხილავ იმის სახეს, ქებას მისთვის ვიქმ.

* * * (3)
მომღერალო, იმღერე მაგ ხმით,
ნაირნაირით, ისევ და ისევ.
აღივსე თასი ტკბილი ღვინით,
ნაირ-ნაირით, ისევ და ისევ.
ტურფა გოგონას საალერსოდ მიუჯექ გვერდით,
აღინთე გული კოცნის ჟინით,
ნაირ-ნაირით, ისევ და ისევ.
ჩემი გოგონა, ჩემი კარგი, ჩემთვის ირთვება -
მუშკ-ამბრით, ფერით, წითელ ინით,
ნაირ-ნაირით, ისევ და ისევ.
დილის ნიავო, რომ შეირბენ მიჯნურის ბაღში,
უთხარ: ჰაფიზი სტკბება ლხინით,
ნაირ-ნაირით, ისევ და ისევ.

* * * (4)
ვინც მეძმო წინათ, ჭირ-ნაღველში მე მიმატოვა,
მიმცა ვით ბოლი მე ცეცხლს ღველფს, და მიმატოვა;
ლოთმა სასმელი ეშხნარევი ღვინის მაგიერ
შხამის ფიალა შთამიდვა ხელს, და მიმატოვა;
მე ვით ნადირი, იმისაგან დაჭრილ-დაღლილი,
შთამაგდო ზღვიურ დიდ სატანჯველს, და მიმატოვა,
ვუთხარ: თუ მე ამ ცბიერებას ამოვფხვრი მასში, -
შეკრთა, ჩამაგდო კვლავ განსაცდელს, და მიმატოვა;
რედესაც ჯავრი სისხლნარევი ჩამიწვა გულში,
ჩემი თვალის წინ გაეკრა ველს და მიმატოვა;
ბედმა სალხინოდ ხელი აღარ გამომიწოდა,
აკოცა მხოლოდ ჩემ საძირკველს, და მიმატოვა.
ვარდს გაუკვირდა, როცა დილით ჰაფიზის ბაღში,
ბულბული კვნესით იგლეჯდა ყელს, და მიმატოვა.

* * * (5)
ის რა ჯანყია, მთვარის გარს რომ შემორტყმულს ვხედავ?
მთელი სამყაროს შიშითმოცულ ბოროტ გულს ვხედავ.
ქალები დედებს თავხედობით ეჩხუბებიან,
ვაჟებს მამებთან სიბოროტით ბრაზმოცულს ვხედავ.
ყოველ უგონოს შერბეთი აქვს და ტკბილეული,
ყოველ გონიერ მძმე სევდით წამებულს ვხედავ,
ოქროს სამკერდე მოოჭვილი აცვია ვირებს,
მერანს კურტნის ქვეშ ყველასაგან დაჩაგრულს ვხედავ.
ჰაფეზის რჩევა შეისმინე, კეთლი ჰქმენი,
რადგან ამ რჩევას ყველა განძზე ღირებულს ვხედავ.

* * * (6)
ბადახშნის ლალი თუ ტლანქი ქვით გამოდის გარეთ,
როქნის წყალიც ხომ მის ვიწრო გზით გამოდის გარეთ.
ქალაქ შირაზში თვით ყოველი სახლის კარიდან
გულის წარმტაცი, თვის სახემზით გამოდის გარეთ.
ყადის, დარაჯის, შეიხის და მუფტის სახლიდან
ვარდივით ღვინო თავის წესით გამოდის გარეთ,
ბაღებში მღერა მომღერალის დილით და ღამით,
სტვენა ბულბულის, ჩანგის, ლხენით გამოდის გარეთ.
ქალაქში სატრფოს განშორებით შეწუხებული,
ჰ ა ფ ე ზ სახლიდან გულისტკენი გამოდის გარეთ.

* * * (7)
დილაა, ღვინო დაასხი, ჰა, აბა, რა ჰქენი!
   ქვეყნის ტრიალი არ ჩერდება, მაშ, ჩქარა ჰქენი!
სანამ საწუთრო წარმავალი სულ წახდებოდეს,
   ჩემი წახდენა ღვინით უწინ აშკარა ჰქენი.
ღვინის მზის სხივი მოდის ჯამის აღმოსავლეთით,
   ლხინი თუ გინდა, შენ ძილისთვის მუქარა ჰქენი.
სამყარო მაინც ჩვენის თიხით დოქს გააკეთებს,
   ჩვენი თავჯამი ღვინით სავსე თუ არა ჰქენი.
ჩვენ არც მწირი ვართ, არც მლოცველი, არც ცრუ მოლაყბე.
   ჩვენ ჯამით ღვინო მოგვილოცე, ეს კმარა ჰქენი.
თუ რიგი არის ტრფობა ღვინის, ჰოი, ჰ ა ფ ე ზ ო,
   ადე, როგორც გსურს, ყოველივე იმგვარად ჰქენი.

* * * (8)
ვამბობ საქვეყნოდ და ამ სიტყვით ვარ მოხარული,
მონა ვარ ტრფობის, სხვას არა სცნობს ეს ჩემი გული.

იმ წმინდა ფრინველს ვარდნარისას როგორ ვუამბო,
მაცდურ სახეში თუ რაგვარად ვარ მე გაბმული?

მე ანგელოზი ვიყავი და სამოთხეც მქონდა,
ადამმა მომცა ეს ქვეყანა ძირდანგრეული,

ხის ძირში წყარო, ფერია და აუზის პირი,
შენ გამო მექნა ყოველივე დავიწყებული.

გულის ფიცარზე მაქვს სხეული ჩემი სატრფოსი,
რა ვქნა, ეს ცოდნა ოსტატისგან მაქვს მიღებული,

ბედის ვარსკვლავი ჩემი ვერ სცნო ვარსკვლავთმრიცხველმა,
დედა ქვეყნისგან რა ბედი მაქვს მონიჭებული.

საყურე გავხდი ღვინის დუქნის სიყვარულისა,
ყოველ წუთს მოდის სევდა ჩემი შეყვარებულის.

სწუხს ჩემი გული და თვალისთვის აშკარა არის,
რომ გული მე სხვის გულის ყურში მაქვს მიცემული.

ჩამოიწმინდე სახე, ჰ ა ფ ე ზ, ცრემლი რომა გდის,
თორემ მაგ ღვარით იქნები შენ წყალწაღებული.

* * * (9)
ის დალოცვილი, ვინც ბედნიერ, სწორ გზით წავიდა,
ღვინის მარანში, ლხენის სახლში, მისით წავიდა,

ოყიან ჯამით სიმართლის გზა მან გაიარა,
ფარულ წმინდანის, ქვეყნის მხსნელის, წესით წავიდა.

მოდი, შეიგნე რამე ჩემგან, ჩემი ნათქვამი,
წმინდანთ შეწევნა კარგია და წინ მით წავიდა,

ნუ ეძებ ჩემი ბედისაგან თავაშვების მეტს,
სხვა რამ საქმნელი ჩემს ვარსკვლავთან ხომ თვით წავისა.

ბედის წყალობით იგი ხელში კვლავ ჩაგვივარდა,
გუშინ რომ შევსვით, ხომ იცით, რომ იგი წავიდა.

განა ექიმი ქრისტიანი იზამს სასწაულს,
რომ არვინ მხედავს და საქმე კი ვიცით, წავიდა.

ათასი მადლი, რომ ჰ ა ფ ე ზ ი ღვინის სახლიდან
ღვთის სალოცავში ვედრებით და ლოცვით წავიდა.

* * * (10)
პირადი ტანჯვა ჩვენ რომ ვზიდოთ, ქვეყანა არ ღირს,
ღვინისთვის კაბაც რომ გავყიდოთ, ეს განა არ ღირს?!

ღვინის მოვაჭრის გარდა ღვინოს ვერვინ მიიღებს,
ღაღადით ღმერთი რომ ვადიდოთ, ფიალად არ ღირს.

გვირგვინის სხივით სულთანმა რაც წამება ნახა,
გულს კი იზიდავს, მაგრამ თავზე მიტანად არ ღირს.

მე რას მიქადდა მწუხარების ზღვა სასარგებლოს,
შევცდი, ეს შფოთვა არავითარ მისთანად არ ღირს.

სჯობია შენთვის განდიდების პირი არიდო,
მეფობა ჯარის წამებამდე მოყვანად არ ღირს.

ცოტა იკმარე, ჰაფრზივით, - ორასი ოქრო,
გულით მოძღვნილი ორი პურის ოდენად არ ღირს.

* * * (11)
წამალი მე თვით სატრფოსგანა მაქვს და წყლულიც კიდევ,
სული მსხვერპლია მთლად იმისი... და გულიც კიდევ.

რასაც ამბობენ ჩემ მიჯნურის სილამაზეზე,
მასზე მეტია უაღრესად.... და სრულიც კიდევ.

უნდა გახსოვდეს, ვინც კი ჩვენდა გასაჯავრებლად
ჩაშალა ჩვენი შეხვედრა და აღთქმულიც კიდევ.

მეგობრებს ჩუმად ვუამბობთ ჩვენს სალაპარაკოს,
სათქმელი უნდა კარგი იყოს... და თქმულიც კიდევ.

ბედი თუ გაწყრა, ღამით ნახვა უქმი იქნება,
განშორების დროც სამუდამოდ წასული კიდევ.

ამ ორ ქვეყანას მისი ერთი სახე ანათებს,
ის არის ცხადი და აგრეთვე ფარულიც კიდევ.

არას იძლევა საიმედოს ამ ქვეყნის საქმე
და თვით მსოფლიოს ეს მუდმივი ტრიალიც კიდევ.

მიჯნურს მსაჯულის არ აქვს შიში, მოიტა ღვინო,
თუნდ სამსჯავროთი ვიყო გვემულ-ტანჯული კიდევ.

დარაჯმა იცის, რომ ჰ ა ფ ე ზ ი  აშიყი არის,
ასე ვეზირიც*, თვით სოლომონ მსაჯულიც კიდევ.

* * * (12)
ბაზრის გამზირზე გუშაგები გაიძახიან _
ისმინეთ, ჰეი, ავარებო, ყველამ ისმინეთ:

ვაზის ასული დაიკარგა რამდენი დღეა,
წავიდა ჩუმად, აბა, ფრთხილად ითვალისწინეთ.

სამოსი ლალის აცვია მას, გვირგვინი ქაფის,
ჭკუა და ცოდნა გაითიშა, ნუ დააყოვნებთ;

ვინც მე იმ კაპასს აქ მომიყვანს, მას მივცემ ჰალვას,
ვინც მას დამალავს, ჯოჯოხეთში ჩავაგდებინებ.

ასული ვარდისფერისაა და ვნებიანი,
ვინც ნახოთ, ჰ ა ფ ე ზ ს წამსვე სახლში წარმოუდგინეთ.

* * * (13)
გამშორდი, მწირო, იმავ რწმენით, რაც შენში არის,
როგორც შენ, ისე მეც იმედი მაქვს ყოველგვარი,

გარდა თასისა, ყაყაჩო რომ უჭირავს ხელში
მოდი, მერქიფევ, მოგვეც ყველა ეგ სანუკვარი,

თავაშვებულთა და ლოთების ხელში ჩამაგდე,
სიფხიზლის უფრო ლოთობაა გულგასახარი,

შორს შემგან სუფი-განდეგილი ცრუ-ღვთისმოსავი,
ღვთისმოსავთაგან მე უკვე ვარ განზე გამდგარი.

მის დაგრეხილ თმებს მოდი, გული დავუკავშიროთ,
თუ გსურს სიმართლე და სიწმინდე შესაქებარი,

ეგ მოწიწება, ღვთის გულისთვის, შესწყვიტე ვარდის,
რადგან თვით ვარდსაც ხომ არა აქვს აღთქმა მაგარი.

ძვირფასნო, ახალგაზაფხულის სიცოცხლე გაქრა,
ვით გაზაფხულის მონაბერი მინდვრიდან ქარი,

მოდი, ჰ ა ფ ე ზ ო, ლალის ღვინო შესვი სიამით,
სიცოცხლის გზიდან უხალისოდ რად მიიჩქარი.

* * * (14)
მეგობრობა მე ვერსად ვერ ვნახე,
   ამდენ მეგობარს რა მოუვიდა?
გულმატკივრობა თუ კი დასრულდა,
   დულშემატკივარს რა მოუვიდა?
წყარო სიცოცხლის უკვე აიმღვრა,
   სამოთხის წყარო კი სადღა არის,
სისხლი გადმოჩქეფს ვარდის ტოტიდან,
   გაზაფხულის ქარს რა მოუვიდა?
არავინ ამბობს თავის ძმობაზე,
   რომ ჰქონდა იმას ნამდვილი გრძნობა,
ძმობის მცოდნეებს და დაემართათ,
   ან ძმობას ამგვარს რა მოუვიდა?
ლალი ზნეობის თვის საბადოდან, -
   გადიან წლები, - არ ამოსულა,
მზის მცხუნვარებას და ქარის ქროლას,
   ან წვიმების ღვრას რა მოუვიდა?
დიდკაცნი იყვნენ, მათი მოყვრების
   მტვერით აივსო სამყო ადგილი,
და ეს მოყვრები რომ ყველა გაქრნენ,
   ამბობდნენ, დიდ გვარს რა მოუვიდა?
ბურთი თანხმობის, დიდსულოვნების,
   ურთიერთშორის ისროლეს უკვე,
მოედანზე კი არვინ გამოდის,
   ამოდენ მხედარს რა მოუვიდა?
ასი ათასი აყვავდა ვარდი
   და აღარ ისმის ფრინველთა სტვენა,
ბულბულს ნეტავი სტანჯავს რა დარდი,
   ათა ხმით მსტვენარს რა მოუვიდა?
ცის მუსიკოსი კარგად არ უკრავს,
   ნუთუ დაეწვა მას დასაკრავი,
არავისა აქვს გემო სიმთვრალის,
   ვის ღვინო ურვარს, რა მოუვიდა?
ჰ ა ფ ე ზ, ხომ იცი, ღვთის საიდუმლო,
   არავის ესმის, ხმა ჩაიწყვიტე,
ან ვისა ჰკითხავ მბრუნავ ცხოვრებას,
   ამ დაუდეგარს, რა მოუვიდა?

* * * (15)
დაუკარ სტვირი, ლხენით ავსილი,
   ხმა სინაზისა მას ავაყოლო.
თქვი რამ შაირი, რომ მძმე თასის
   ჯახუნი იმის თქმას ავაყოლო.
სატრფოდ საძირკვლის შესავალ კართან
   დავხარო თავი დაბლა მიწამდე,
და ჩემი სიტყვის გრძელი მიმართვა
   ქება-დიდებით ავიდეს ცამდე.
წელში მოხრილი ჩვენი სხეული,
   რომ გეჩვენება ასე ადვილად,
ისარი ამა მშვილდით რხეული
   მტრებს ჩვენსას თვალებს გამოსთხრის წვრილად.
სამლოცველოში ვერ მოთავსდება
   საიდუმლონი მოაშიყესი,
ჯამი ღვინისა იქ დაგვჭირდება,
   სადაც კი ესმით ამ ღვინის წესი.
დერვიშს სულთანის დიდ სასახლეშ
   ბინად დადგომა არ მოუხდება.
ჩვენ მარტო ამ ჩვენს ძველ სამოსელში
   თუ შეგვიძლია ცეცხლის ანთება.
ვინც კი განჭვრიტავს ამ ორი ქვეყანას,
   ერთი რამ უნდა ჰქონდეს დაცული:
სიყვარულსა და პატიოსნებას
   შეიძლება რომ შესწირო სული.
თუ ამ შეხვედრას, კეთილსასურველს,
   ოდესმე უნდა გაეღოს კარი,
ამ საოცნებო ძვირფას საძირლველს
   დიდის მადლობით თავი დაჰკარი.
ტრფობა, სიგიჟე, ყმაწვილკაცობა,
   ერთიმეორეს ვერ განშორდება,
და განუყრელი ეს სამი ცნება
   კვლავ სიტყვა-სიტყვით განმეორდება.
სამშვიდობო გზის ყაჩაღად იქცა
   ეგ მშვენიერი ხუჭუჭი თმები,
გზის ყაჩაღობა თუ დაიმტკიცე,
   თუნდ ას ქარავანს წინ დაუხვდები.
ჰოი, ჰ ა ფ ე ზ ო, ყურანსა ვფიცავ,
   თუ თვალთმაქცობა არ მოგეშლება,
გწამდეს, - თუ ქრისტეს ადათს დაიცავ,
   ამ ქვეყნად ყოფნა კი შეიძლება.

* * * (16)
უქმე დღე არის, ვარდი გაშლილა,
   მერქიფევ, მომეც ეგ ღვინო ტკბილი.
როდის გინახავს, რომ ვარდის დროზე
   უღვინოდ იდგეს ჯამი დაცლილი.
მწირმა და ბერმო, როგორც ეტყობა,
   დაიცვეს ჩვენი წესი ნამდვილი;
მერქიფევ, ღვინო! ნუღარ აყოვნებ,
   იქნებ შეიქნეს გული გახსნილი.
სუფი გუშინ რომ ღვინოსა გმობდა,
   აშიყთა მიმართ ენაგაწვდილი,
დღეს ლოცვები მან ქარს გაატანა
   და ღვინით იყო ის გალეშილი.
ერთი-ორი დღე სასიამოვნოდ
   დაგვირჩა ვარდი, ეს დალოცილი;
მოაშიყეებს, ლხენის მაძებართ,
  მერქიფესთან აქვთ ძმობა განცდილი.
ვარდი წავიდა, ჰე, ჰარიფებო,
   რად ზიხართ ეგრე ხელმოჭდობილი.
არც მღერა, ჩანგი, არც ჯამით ღვინო
   და მასთან აღარც სატრფო-დობილი.
დილის მეჯლისში, ხომ კარგად იცი,
   საუკეთესოდ რაა ცნობილი:
თვით ღვინის ჯამში რომ ჩავარდება
   ლამაზ მერქიფის ლოყის აჩრდილი.
მღერალი როცა სიმღერას იტყვის,
   მარადიული ლხენით ავსილი,
თუ კი იმღერა ლექსი  ჰ ა ფ ე ზ ი ს,
   მიიწვევს ლხინში თვით მეფის შვილი.

* * * (17)
მე არ ვარ გიჟი, სატრფო და ჯამი
   რომ განვიშორო... აბა, რად ვიზამ?
დარაჯმა იცის, მე ამგვარ რამეს
   ახლა ძალიან სხვაგვარად ვიზამ.
შენდობა ცოდვის და სინანული
   და სინანული, ერთხელ რომ ვქენი,
უარვყო ღვინო ვარდის დღეებში? -
   გიჟი ვიქნები, რომ ვქნა ეგენი.
მიზიდულობა არის მარცვალში,
   ზღვა მარანია, მე კი - მცურავი,
მე ჩავეშვები იმის ძირამდე,
   რომ შემდეგ ზევით ამოვუო თავი.
ლალის ფიალა, ნარგიზი მთვრალი,
   მით დავარღვიოთ საღვთო კანონი,
მე სიმთვრალე მაქვს და სამართალი
   აღარავისიც არ მინდა, მგონი.
მოსწიე აღვირს, თუნდ ერთის წუთით,
   ვნების აღმძვრელო, შენ ჩემო კარგო,
ცრემლით ნაღარი სახის ნაკვთები,
   თვალ-მარგალიტით რომ მოგიქარგო.
მე იაგუნდის და ლალის ცრემლი,
   როგორც რამ განძი, მაქვს უთვალავი,
როდის ვიხილავ მზის წყალობაში,
   რასაც მიქადის ბედის ვარსკვლავი.
როცა ეთერმა ვარდის კრებული
   განბანა თავის წყალობის წყალით,
გულქვად ჩამთვალე, თუ დავთრის გვერდში
   აწ ჩავიხედო მე ჩემის თვალით.
აღთქმის მიცემა და პაემანი
   ბედისგან აწი არ დაიჯერო,
აღთქმას მე მარტო კათხას დავუდებ,
   პირობაც ჯამთან უნდა დავწერო.
მე თუმცა ამ ჩემს სიღარიბეში
   ხელში მიჭირავს განძი მეფური,
მაგრამ სამყაროს ორომტრიალში
   სიხარბეც მცირე მაქვს ჩემებური.
თუ მეჭუჭყით და მტვერით გასვრილი,
   ამ სიღარიბით ვარ შერცხვენილი,
ჩემი დიდების მზის წყაროს წყალით
   მექნება კალთა ჩამორეცხილი.
თუ კი მიჯნურებს თვით ცეცხლის ალში
   სატრფოს სინაზე მოსწონთ აღგზნებით,
ჩემს ნატკენ თვალით სამოთხის წყალში
   მეც ჩავიხედავ სიამოვნებით.
გუშინ იმისმა ლალის ტუჩებმა
   რაღაც მანიშნა მე საცბიერო,
მე ის არა ვარ, რომ იმისაგან
   ეს ცრუ ზღაპრები რომ დავიჯერო.

* * * (18)
მწირი - მოსავი ღვთის, განდეგილი
   ღვინის სარდაფში გუშინ მოვიდა,
მოკლა სატრფოს ნახვის სურვილი
   და ღვინით სავსე ფიალას ცლიდა.
სუფიმ* მეჯლისში ველური ჟინით
   რომ დაამტვრია კათხა და ჯამი,
როს ერთი ყლუპი გადაკრა ღვინის,
   გახდა ჭკვიანი და მცოდნე გვამი.
მიჯნურმა ღამის სიზმარში სრულად
   თავისი ყრმობის რომ იგრძნო ძალა,
დაიწყო ტრფობა ისევ ბებრულად
   და ჭკუაზედაც კი შეიშალა.
ურწმუნო ვაჟმა დატოვა რიგი,
   გზა რწმენისა და გულით ნაგრძნობი
და ამის შემდეგ შეიქნა იგი
   ყველა უცნობის დიდი ნაცნობი.
წითელი ვარდის ცეცხლივით ფერმა
   შეუბრალებლად დაწვა ბულბული,
სანთელის მცინარ სახის ნათელმა
   მოკლა ფარვანა გაჭირვებული.
ღამის მოთქმა და მადლობა დილის
   ორივე ისეთ რამ ძალად იქცა,
ყოველი წვეთი ჩვენს ცრემლთა წვიმის
   მარგალიტის ერთ მარცვალად იქცა.
კოხტა მერქიფის თქმული ლექსები
   რაღაც ჯადოქრულ სიტყვად გადიქცა,
სალოცავი წრის სამღვთო ლოცვები
   მთელი მეჯლისის არაკად იქცა.
ჰ ა ფ ე ზ ი ს  ბინა რომ არის ახლა,
   ეს შესაფერი შაჰისთვის არის,
ეს გული გულის მომკვლელს ეახლა,
   ეს სული სულის ტოლისთვის არის.

* * * (19)
ადექ, ეს ჩვენი სუფის ხალათი
   ღვინის დუქანში უნდა წავიღოთ,
ჩვენ სათავხედოდ - ისე სალაყბოდ
   სჯობია ჭორის ბაზარში ვიყოთ.
მწირი წავიდა სათავხედო გზით
   და აირჩია გზაც წასავალი,
მისი სამოსი ძირს დასაფენად -
   ჩვენ სალოცავი წავიღოთ ხალი.
ყოველმა მწირმა აიღო ხელში
   ფიალა სავსე დილის სასმელით,
ჩვენ დილის ჩანგი წავიღოთ ბერთან,
   სამიკიტნოში როა მლოცველი.
შენთან რომ ერთხელ აღთქმა დაცდევით
   და ავირჩიეთ რწმენის ადგილი,
ვითარცა მოსეს, დანიშნულ დროზე
   ჩვენც სალამური გვქონდეს ხმატკბილი;
ქოსი დიდების ავახმაუროთ,
   ღვთის ტახტხე, მეცხრე ცის დასაქანზე
ეგ შენი დიდი მოძღვრება ტრფობის
   ზე ავიტანოთ თვით ზეცის ბანზე.
შენს ნაშთს შენს შემდეგ ხვალ უსათუოდ,
   განკითხვის ველზე წავალთ, წავიღებთ,
ყველა, ვინც არის იქ გამკითხველი,
   მის განშორებით ჩვენ ვიამაყებთ.
თუ რომ ჩვენს გზაზე დააგდო მწირმა
   ეკალი, ცუდი ზრახვა და შურის,
ვარდის ბაღიდან სატუსაღოში
   წაგყვება ჯილდო თავისებური.
ჩემი სირცხვილი თU არის მხოლოდ,
   ხალათი ჭუჭყით მაქვს გაპოხილი.
მიმაქვს ღირსება ნიჭის სიმბოლოდ
   თანაც სახელი კეთილშობილი.
ჩვენ გვიპყრობს შიში აუტანელი,
   ამ მოხრილი ცის... ადექ საჩქაროდ,
ღვინის სარდაფი მოვძებნოთ ბნელი,
   რომ ყველამ თავი იქ შევაფაროთ.
არარაობის მწირ უდაბნოში
   სანამ ვიქნებით გზადაბნეული,
გზა მოვიკითხოთ, მაშინ უთუოდ
   მიზანს ვიქნებით ჩვენ მიღწეული.
ჰ ა ფ ე ზ, მაგ შენი სახის წმინდა წყალს
   ყოველ დაცემულს ნუ მიასხურებ,
თუ ეძებ სხვაგან რამე სამართალს,
   სჯობს მოსამართლეს ნუ იმსახურებ.

* * * (20)
შენმა კულულმა ათასი გული
   ერთი თმის წვერზე დაკიდა მხოლოდ,
ყოველ ათას გზას მან განსაზღვრული
   ოთხჯვარედინი მისცა სიმბოლოდ.
სანამ მიჯნურნი მისგან მონაბერს
   ნიავს სიცოცხლეს მისცემენ სრულად,
მან გახსნა ქისა მუშკის და ამბრის -
   შიგ ვნებათღელვა ჩადო ფარულად.
მან გამახარა, ჩემმა მიჯნურმა,
   როგორც ახალმა მთვარემ ანკარამ,
გახსნა წარბი და სხივმონათურმა
   პირზე ნიღაბი გადაიფარა.
მერქიფემ ღვინო ნაირნაირი
   აჰა, ველმარჯვედ ჩაასხა ჯამში,
ეს საოცარი რამ მშვენიერი
   მოუქცევია ღვინის გოგრაში.
ჰოი, უფალო, ეს გოგრის სურა
   ქვევრის სისხლით დღეს ისე გაბრწყინდა,
მის ვიწრო ყელში თავისებურად
   ტკბილად ამღერდა და აყიჟინდა.
მღერალმა კილო როგორ ააწყო,
   რომ ამ სიმღერის საამო ხმაში,
რაც სასიამო სალხენი იყო,
   თან ჰაი-ჰუი ჩაურთო მასში.
ჰ ა ფ ე ზ, ვინც შენი ტრფობით დაწვაზე
   და შენთან ყოფნის ყაბული იყო,
ქააბის* ლოცვის წესთა დაცვაზე
   მან სამუდამოდ ხელი აიღო.

* * * (21)
ახლა რომ მინდვრად მოვიდა ვარდი.
   არყოფნის გზით რომ გამოგვეცხადა,
ცისფერმა იამ იმის ფეხთა წინ
   თავმოხრით მადლი გადაუხადა.
დალიე ჯამით დილის ნამხევზე,
   დაფსა და ჩონგურს დაუგდე ყური,
ჰკოცნე მერქიფეს, თანაც უკრავდეს
   სალამური და ტკბილი ფანდური.
ვარდის გარშემო ნუღარ დაჯდები,
   უღვინ-უჩანგოდ და უმიჯნუროდ, -
დღე აწ მოსული მარადისობით,
   გაქრება ჩვენდა საუბედუროდ.
გამოჩნდა სუნნელ ყვავილთა წყება,
   როგორც ბრწყინვალე ზეცის ნათელი,
მიწას უღიმის ვარსკვლავთა კრება,
   ბედნიერების გამომხატველი.
პირნაზი, სათნო ქრისტიან ქალის
   სათუთი ხელით მონაწოდები,
დალიე ღვინო, ადსა* და სამუდს*
   შეუნდე მათი შენაცოდები.
ქვეყანა ახლა როა მორთული
   ვარდით, შროშანით, სამოთხისგვარად,
რა ბედენაა, თუ ასე სრული
   არ შეიძლება აქ ყოფნა მარად.
როდესაც ვარდი მინდვრად გაჩნდება,
   სოლომენ მეფის შესაფერ ფერით,
დილით ფრინველი იქ მოფრინდება
   დავითისებურ ტკბილი სიმღერით.
ბაღში შეიფი დაიწყე ისე,
   როგორც გიჩვენებს ზერდეშტის* სჯული,
დაჯექ ყაყაჩოს ანთებულ ცეცხლთან,
   როგორც ნემროდი*, მეფე ზღაპრული.
დალიე ღვინო ნასვამზე დილით,
   მოსაგონარად ესაფის სულის;
ის სოლომონის ვეზირი იყო
   და საფუძველი საქები სჯულის.
მოიტა ღვინო, ჰ ა ფ ი ზ ს სრულყოფის
   ჰქონდა ყოველთვის ეს დაჟინება,
კეთილი საქმის და გულუხვობის
   მოსარჩლე იყო და კვლავ იქნება.

* * * (22)
დღეს უქმე დღეა, სამგლოვიარო,
   და, ჩემი აზრით, ეს მაქვს სათქმელი,
მარხვის წესრიგი რომ აღვიარო
   და სავსე ჭიქას მოვკიდო ხელი.
ორი-სამი დღე არის ავკვეთე
   ღვინის, ჯამის და ფინჯნის ხმარება,
ვაი, სირცხვილო, როგორ გავბედე,
   რომ გავამჟავნე ეს აღსარება!...
მე თავისუფლად ვერსად დავჯდები,
   სადაც გინდ იყოს ჩემი ადგილი,
საკნის მწირივით ვერ გავყუჩდები,
   თუ ფეხზე მექნა რკინის ბორკილი.
მე დარიგება მომცა ბებრული
   მქადაგებელმა სასულიერო,
მაგრამ არა ვარ ისეთი სული,
   რომ სხვისი რჩევა მე დავიჯერო.
ვინც ღვინის სასმელ სამიკიტნოში
   მიწას მიანდო თავისი სული,
მინდა მის კვალზე მეც დავდო თავი
   და კვლავ განვაგრძო წინ სიარული.
უნდა ვატარო მე ბეჭით ღვინო,
   მასთან ხალიჩა ღვთის სალოცავი,
ვაი თუ მე ხალხს გავაგებინო
   ეს მოქმედება ცრუ და პირშავი.
ხალხსა ჰგონია სიტყვა ჰ ა ფ ე ზ ი ს
   დაძველდა უკვე, აღარ გვარგია,
ეს ძველი ღვინო დღევანდელი დღის
   ჩემს სიბერეზე ასჯერ კარგია.

* * * (23)
ცხადი შეიქნა დღეს ჩვეულება,
   უპირულობის, ლანძღვის და გმობის,
და არავისგან აღარა რჩება
   აწი რაიმე ნიშანი ძმობის.
მიაქვთ სიმდიდრის მცირე ნაშთიდან,
   ვინც არის ძუნწი და საძაგელი,
და ვისაც საქმის ნიჭი აქვს თვითონ
   აქვს სამათხოვროდ გაწვდილი ხელი.
ვინც არის ყოველ კეთილი საქმის
   მოქმედი მუდმივ ამ საწუთროში,
აღარ უნახავს სილაღე სუნთქვის,
   მწუხარებისგან მას თავის დროში.
თუმც ვერა ხმარობს დღეის სიხარულ,
   რადგან იგი მას ვერ ეთვისება,
თუმც ბრწყინვალეა და თან ძვირფასი,
   ამ დროებაში მისი ღირსება,
თუ მოშაირის თქმული შაირი
   წმინდა წყალივით მოედინება,
გულს სიხარული ათასნაირი
   მზის ნათელივით მოეფინება.
მას არაფერს არ აპატიებენ,
   თუ კი სიძუნწის ექნა მიზანი,
არსად ჩათვლიან თუნდ მაგალითად,
   თვითონ სენაიც იყოს მგოსანი;
ბრძენმა მოხუცმა გონების ყურში
   გუშინ მე სიბრძნე მითხრა ამგვარი,:
„წადი, იყავი გულდამშვიდებით,
   მხიარული და მოუწყინარი.
კმაყოფილება მცირე ცხოვრებით
   თვით სიმდიდრესთან შენ შეითვისე,
თუნდ იტანჯოდე სევდით და დარდით,
   ვით სალამურის ხმა, სევდით სავსე“.
მოდი, ჰაფიზო, ამ დარიგებას
   თუ ყურადღებას კარგად მიაქცევ,
ვინიცობაა შენი წაქცევა,
   მაინც კი შენ შენს მიზანს მიაღწევ.

* * * (24)
მწვანით შემოსილ ზეცის სივრცეზე
   მე დავინახე ნამგალი მთვარი
და ვთქვი: "აქამდე ტაც კი დავთესე,
   უნდა მოვიმკო, ახლა დრო არის.
შევძახე - "ბედო! ადექ, გაინძერ,
   შენ ძილში უკვე მზე ამოსულა!"
მითხრა: "ნუ დარდობ, ეს იცოდე, ჯერ
   შენი იმედი არ დაკარგულა.
თუ შენ წმინდა ხარ, როგორც მესია,
   და ქვეყნის ცოდვა არა გდევს ვალად,
შენი სხივები თუკი ესეა,
   ცის კამარამდე მიაღწევს კვალად.
ქედს ნუ მოუხრი იმ მაცდურ ვარსკვლავს,
   ღამის წყვდიადში რომ თავს იფარავს,
ის ღამის ქურდი ქვებით მოოჭვილს
   მეფის გვირგვინსაც კი მოიპარავს.
ოქროს საყურე ლალით შემკული
   რა ძვირფასია, ხომ იცი, ჩემო,
რომ ციმციმებენ გაბრწყინებული
   ტურფა ქალების ყურთა გარშემო.
ავი თვალები, შურით მოცული
   სახის იერზე რომ გიცქერიან,
ყველა ისინი დაბრმავებული
   შენი სინათლის სხივით არიან.
შენს სიდიადეს ნუ გაცვლი ფულში,
   გულის სიხარბით ნუ ისაზრდოებ,
ხალხის უზომო ბრმა სიყვარულში,
   იცოდე, ხშირად ბევრ ცუდსა ჰპოვებ.
პირმოთნეობის ცეცხლში გამოსწვეს
   პატიოსნების ფარჩის სამოსი,
ჰ ა ფ ე ზ, ის ფარჩამ შენ რომ ჩაგაცვეს,
   გაიძვრე, ნურა ნუ გინდა მისი!.."

* * * (25)
მერწმუნეთ, ცრუა, აბა რა არის,
   ეს საფუძველი ჩვენი იმედის,
დაასხით ღვინო! არარა არის
   თვით საფუძველი ჩვენი ცხოვრების.
მას ვანაცვალებ ჩემს სათუთ ფიქრებს,,
   ცხოვრება ვისაც კი შეუგნია,
რაც კი ამქვეყნად რამე აწუხებს,
   ყველა გულიდან ამოუღია.
მე გუშინ ღამით ნაქეიფარზე
   ცის მოციქული გამომეცხადა
და მთელი ღამის ტკბილ საუბარზე
   მან ასე მითხრა და გამეხარდა:
„ო, შევარდენო, ცის მეთვალყურე,
   მალე შენ თავის ბინას გაღირსებს,
ეს მწუხარების ყალბი სადგური
   შენ სამუდამოდ ვერ შეგითვისებს.
შენ საყვირის ხმა მოგესმის ციდან,
   ნუ გეშინია, მარჯვედ იყავი,
რად არ მოდიხარ ამ შეკრულ გზიდან
   და ტყვედ რად უნდა ჩაიგდო თავი?!“
კეთილი რჩევა თუ შემოგესმა,
   ის შეინახე გულში სიწმინდით
და გავიგონე მე სიმართლის ხმა
   მისი, ვინც დადის მუდამ სწორი გზით.
არ აქვს სიმართლეს არსად ადგილი,
   სტყუის ქვეყანა ყოველ დროებით,
იგი ქალია დროგადასული
   თავისი ყალბი საქმაროებით.
და არ მოიკლო სიამოვნება,
   ბედს არ შეუდრკე, შური ვეძიოთ,
რადგან მე და შენ არა გვაქვს ნება,
   რაც გვინდა, იგი ამოვირჩიოთ.
შენ კი, მესტვირევ, რათა გაქვს შურით,
   ჰოი, საბრალოვ, აღვსილი გული?
აზრი და სიტყვა წმინდა ციური
   ჰ ა ფ ე ზ ს განგებით აქვს მოცემული.

* * * (26)
გულზე მაქვს ვარდი დაბნეული და ჭიქა ხელში,
   სატრფო გვერდით მიზის.
მეფე ქვეყნისა, ვით მსახური, ამნაირ წრეში
   გულმა არ იცის.
ჩააქრეთ ლამფა, საჭირო ის ჩემთვის არ არის
   ის გულს აცივებს.
მზიურის სახის ჩემი სატრფო ახლა აქ არის
   და აბნევს სხივებს
მაჰმადის სჯული ყოფილა მუდამ მოყვარული
   ტკბილი სასმელის.
მაგრსმ უშენოდ, მშვენიერო, სიხარული
   გულს არ მოელის.
ამგვარ კრებისთვის მეტი არის და არც გვინდა
   დღეს საკმეველი.
სხვაგვარი ვნებით ახლა შენი ავსებს ჰაერს
   თმების სურნელი.
სმენას იტაცებს საამური მუსიკის ხმები,
   ეს საოცარი სულის საზრდო წუთისოფელში,
თვალებს კი შენი იზიდავენ ლალის ტუჩები
   და ჭიქის მარდი სიარული ხელიდან ხელში.
ნუ მომაგონებთ სიტკბოებით შაქარს, ტკბილეულს,
   ასჯერ მეტია სიტკბოება იმის ტუჩებში.
ვერ გაახარებთ უმისოდ გულს სევდით მილეულს,
   როგორც დაგდებულს უხეირო მთის ნანგრევებში.
ნურაფერს იტყვით ზნეობრივად ჩემს დაცემაზე,
   დღეს საფუძველი იგი არის ჩემი დიდების.
ნუ მეუბნებით, რომ ვიფიქრო ჩემს დიდებაზე,
   ჩემი დიდება წყარო არის ჩემი დაცემის.
მე მიყვარს ღვინო, ქეიფი და თავგასულობა,
   ვინ არის კიდევ, რომ ჩემსავით ის არ უყვარდეს.
თვით ეზოს დარაჯს უყვარს ღვინო, მხიარულობა,
   მას ნუ დაძრახავთ, იქეიფოს და გაუხარდეს!..
ღვინო შენს სხეულს სასიცოცხლოს შემატებს ძალას,
   ნუ გინდა ქვეყნის ნურც იმედი, ნურც საყვედური.
შენი ლეშიდან ის ამზადებს რაღაც მასალას
   და უნდა მისგან გააკეთოს თიხის აგური.
ჰოი, ჰ ა ფ ე ზ ო! არ უარყო ჯერ სიყვარული,
   გიყვარდეს ღვინო და იცოდე დროს დაფასება.
ვარდსა და იას, ჰა, დაუდგა კვლავ გაზაფხული,
   მოწყენილობას - ქეიფი და სიამოვნება.
ნუ დაიზარებთ და ჰ ა ფ ი ზ ი როცა მოკვდება,
   განსვენების დროს გააცილეთ იმისი გვამი,
თუმც უცოდველი არა რჩება არც ერთი წამი,
   მაგრამ, იცოდეთ, სამოთხეში მაინც მოხვდება!...

* * * (27)
მე ვარ სანთელი გამფანტველი ოდნავ წყვდიადის,
შენ კი სხივებში მოელვარე მზე განთიადის,
ოღონდ შენ იყავ, შენ ენთე ეგრე!...
თუმც შენი სხივი უცებ ჩანთქავს სინათლის ნელ შუქს,
მაგრამ მე მაინც ვფიცავ ჩემს თავს, ოღონდ შენ იყავ,
რომ შენს სხივებში დავიწვა, გავქრე!..
შენკენ ვილტვოდი სიყვარულის ეშხით დამწვარი,
   თუმც ქვეყნის ძრახვით ბევრჯერ ეს გზა მე ამერია,
მე საიდუმლო ჩემი გულის როგორ დავფარო,
   რომ დაფარული ქვეყანაზე არაფერი.

* * * (28)
როცა ფიალის აღმოსავლეთში
   ამოვა ღვინის მზე ბრწყინვალებით,
მერქიფის სახე. როგორც ყაყაჩო,
   აელვარდება წითელ ლალებით.
დილის ნიავი გააპობს კოკორს
   სუმბულის ტოტზე ნაზად, ნარნარად,
იმისი სუნი ყვავილთა გროვას
   დაეპკურება სიცოცხლის გვარად.
წარსული ღამის გულის ტკივილი
   არ შემიძლია არ შევაჩერო,
მის ნატამალსაც ვერ ვიტყვი მაინც
   თუნდა ათასი წიგნი დავწერო.
ბედის განგებით გაშლილ სუფრაზე
   რამდენიც უნდა ფრთხილად იარო,
პაწია ლუკმა-პურისთვის უნდა
   ათასი ტანჯვა გაიზიარო.
თუ მწუხარებას ვერ გადაიტან,
   ოცნების გარეთ რჩება ყოველი,
ჩვენი განზრახვის ავსა და კარგში
   არის ვიღაცის ფარული ხელი.
სევდის მორევში თუ გაქვს იმედად
   წარღვნის დროს ნოეს ძველი ხსენება,
ტანჯვით გავლილი ათასი წელი
   ყველა ერთ წამად მოგეჩვენება.
ჰ ა ფ ი ზ ი ს საფლავს როცა მოსწვდება
   შენი ხუჭუჭი თმების ეთერი,
მაშინვე ჩემი გახრწნილ გვამიდან
   ამოიღვრება ყვავილთა ჩქერი.

* * * (29)
მე ღვინო მინდა მაგარი, მწარე,
   ვაჟკაცს რომ დასცემს და დააძინებს,
ამ ქვეყნის ვაი-ვაგლახის გარე
   ცოტა ხანს მაინც ის მომასვენებს.
ქვეყნის სიმდიდრე და განდიდება
   სულს ვერასოდეს ვერ მისცემს შვებას,
თუ ეს სიხარბე ჩამოგშორდება,
   ის მოგანიჭებს სიამოვნებას.
დაასხი ღვინო! დრო უხილავი
   უცხო ენაზე რომ გვიღაღადებს,
არავინ იცის, ბედის ვარსკვლავი
   ჩვენ სახვალიოდ რას გაგვიმზადებს.
ნუ იოცნებებ დღეს ბაჰრამ გურზე,
   ღვინით დაიტკბე სიცოცხლის წამი,
მე ამქვეყნიურ ტიალ მინდორზე
   ვერც ვირი ვნახე, ვეღარც ბაჰრამი*.
მოდი დავლიოთ, მით ამქვეყნიურ
   დიდ საიდუმლოს ვეზიარებით,
იცოდე მხოლოდ: ბედის უმადურს
   ახლოს ნურავის მივეკარებით.
კაცს სიღარიბე ვერ დაამცირებს,
   თუ დიდი არის თვითონ ბუნებით,
თვით ჭიანჭველას არას ავნებდა
   სოლომონ ბრძენი ავი ხსენებით.
შენი მშვილდივით მოხრილი წარბით
   ჰ ა ფ ე ზ ი ს გული ვერ აღიგზნება
და ამ ბებრული უძლურ სიხარბით
   ჩემ თავზე ბევრჯერ გამეცინება.

* * * (30)
მოიტა ღვინო! რაც კი მომივა,
   მე ისევ უნდა მან მომირჩინოს,
ღვინით დალეულს თუ რამე სტკივა,
   წამსვე მორჩება, თუ დალევს ღვინოს.
მხოლოდ ორი რამ გვამხიარულებს,
   საუბრის დროს და პურის ჭამაში,,
მშვენიერ ვაზის ტკბილი ნაყოფი
   და ლამაზ ქალთა თვალის თამაში,
ყველას შეაცდენს ეს ეშმაკები,
   მათ თვალებს ვერვინ დაემალება;
მეც მათ მახეში ბევრჯერ გავები,
   არც არის რამე სხვა საშუალება.
როცა ისინი მომიახლოვდნენ,
   მე იმათ ცოდვას ვერ გადავურჩი,
ათასი ლოცვით და სინანულით,
   ვერაფერს გახდა ცხოვრება ურჩი.
სიყვარული ხომ სიცოცხლე არის,
   ვისაც აქვს კარგი, კეთილი გული,
ვისაც იგი არ გამოუცდია,
   შეუნდოს ღმერთმა დანაშაული.
მოდის დრო უკვე მასთან შეყრისა
   და განშორების ჟამიც ნელდება,;
შემდეგ ამ ტკბილი ნეტარებისა
   ტანჯვა გულს აღარ გაუნელდება.
ჰ ა ფ ე ზ! ყველას ნუ გაუზიარებ,
   რაც საიდუმლო გქონია რამე,
შენ მხოლოდ იმის გულს გაახარებ,
   ვინც ნახა ქვეყნის ტანჯვა, სიამე.

* * *(31)
მოდი, ვით იყო წინათ ჩვეული,
   ჩემ გულს ალერსი ისევ მოუნდეს;
მოდი, რომ ჩემი მკვდარი სხეული
   ახალ სიცოცხლეს კვლავ დაუბრუნდეს.
მოდი, რადგანაც მაგ განშორებამ
   მე მხედველობა დამიხშო ბნელით;
მოდი, რომ შენმა მოახლოებამ
   დამაჯილდოვოს თვალის გახელით.
თუმცა სიბერემ და მწუხარებამ
   უკვე მოწამლა სიცოცხლე ჩემი,
მაგრამ ეგ შენი მშვენიერება
   იქნება მაინც შვების მომცემი.
ყველაფრისათვის დაიხშო გული,
   ის აწ ვერავის ვერ მიიკარებს,
მაგ ღვთიურ სახეს მოწყურებული
   მარტოკა შენთვის გავაღებ კარებს.
ამბობენ, ღამე ბიწიერია,
   მე ბედის წყევლით ვადევნებ ფიქრებს, -
ბედის ვარსკვლავით რა მიწერია,
   ან ღამე რითი დამასაჩუქრებს.
მოდი, ჰ ა ფ ე ზ ი ს გულში ბულბული,
   ჩაბუდებული უფლის ბრძანებით,
შენი შეხვედრით აღტაცებული
   კვლავ იგალობებს დამთვრალი ვნებით.

* * * (32)
თუ ბედის რჩევა უნდა ვისმინო,
   თუ ბედიც ამის ნებას დამყვება,
რომ უსათუოდ მიყვარდეს ღვინო,
   რა ვუყო, აბა, რა გაეწყობა!...
ფრინველს ტყე მისცა, ლომსაც უდაბნო,
   სამიკიტნოში ჰ ა ფ ე ზი ს დათრობა,
თუ უფალმა ეს ასე შეიცნო,
   რა ვუყო, აბა, რა გაეწყობა!...

* * * (33)

თუ მნახოთ მწარედ დაღონებული,
   თუ უნუგეშოდ მიცემდეს გული,
ჩემი სხეულის ხორცი და ძვალი,
   თუ იყოს სრულად მოდუნებული,
ნუ მომაკარებთ ექიმის წამლებს,
   არ მიყვარს მე ის შეჩვენებული!...
მომეცით ღვინო, თარი, ჩონგური,
   ხმატკბილი საზი და ჭიანური.
თუ ამის შემდეგ მე არ მოვრჩები,
   მიშოვნეთ სადმე ლალის ტუჩები
და თუ ამანც ვეღარ მიშველა,
   თქვით, რომ ჰ ა ფ ე ზ ი  დარდაიცვალა!...

* * * (34)
ოჰ, ვიყო ნეტავ ტბა მოციმციმე,
   შენ - მთვარე, ცაზე სხივგაბადრული,
ვიყო ანკარა წყარო მთებისა,
   შენ - მწვანე მოლად შემოქარგული.
ან ვიყო ვარდის ბუჩქი ბაღისა,
   შენ კი - ყვავილი მასზე გაშლილი;
ან ვიყო ნეტავ პურის მარცვალი,
   შენ - ჩიტი... იქნებ გაგიძღეს თვალი.

* * * (35)
ღვინით შეღებე ეგ ხალიჩა, ზედ რომ ლოცულობ, -
   ისე, ვით ამას გვიქადაგებს ბერი მისანი.
ის შეუმცდარად საიდუმლოს გულში ინახავს,
   თუ საით მიდის ახლა ჩვენი ცხოვრების გზანი.
ბნელ ღამეებში ზღვის მორევი ჩვენს გულს აშინებს,
   ტალღა ტალღაზე შეუპოვრად როცა გადადის.
ჩვენს გულის ტკივილს, აბა, იგი როგორ გაიგებს,
   ვინც უდარდელად მოშორებით ნაპირზე დადის?!

* * * (36)
შენ ქალთა მეფედ იწოდები ამ ქვეყანაზე,
   ყველა ლამაზებს მთვარესავით თავზე ადგიხარ,
შენი თმის ღელვა და ღვთიური თვალთა სინაზე
   ჩრდილავს სუყველას, მშვენიერო, ისე კარგი ხარ.
ეგ შენი სახე მზის სხივებზე ბრწყინვალე არის
   და შენი თმების სიშავე კი შეარცხვენს ღამეს,
მაგ შენი ეშხით ჩემი გული მოკლული არის,
   და ამ ჩემ ტანჯვას მხოლოდ შენ თუ უშველი რამეს.
შენი ტუჩები წყარო არის მაცოცხლებელი
   და ტკბილი არის, ვით ნაშუადღევს ხილი ბაღისა,
რად გაუჩინე გულს ესოდენ მწარე ნაღველი,
   რომ კაეშანით მინასავით იმტვრევა ისა.
 ოჰ, მინდა ვიყო მარად შენი მონა-მსახური,
   რომ შენკენ იყოს სულ ჰ ა ფ ე ზ ი ს  თვალი და ყური.

* * *(37)
როგორც მლოცველებს სალოცავი გზით
   მექაში წასვლა გაეხარდებათ,
აგრეთვე ლოთებს ღვინის ალერსით
   სარდაფისაკენ უყვართ გარება.
მე წმინდა ადგილს ბევრიც მივსდიო,
   ვიცი, ჩემს სურვილს ვერ მივეწევი,
თუნდ ქააბამდეც რომ მივაღწიო,
   უფრო ურწმუნოდ გადავიქცევი,
სევდით მოცული შენი სიშორით
   ბედს უიმედო თვალით ვუცქერდი,
შენმა შეხვედრამ კი ხელმეორედ
   ისევ სიცოცხლით გამივსო მკერდი.
ჩაკრული თვალის ჩემი გულისთქმა
   ხომ სილამაზე ყოფილა მუდამ,
თუ ასე არის, აიაზის თმა
   რად შეიყვარა მეფე მაჰმუდმა?
მე, როგორც ღამით, ისე დილის ჟამს
   ბედის განგებით მინდოდა მხოლოდ,
რომ შენთან განცდილ უკანასკნელ წამს
   დასაწყისშივე ჰქონოდა ბოლო.
ჰ ა ფ ე ზ, დრო, მასთან გატარებული,
   ყოფილა, როგორც მწვავე ზმანება,
თუნდ სანთელივით დაგეწვას გული,
   აწ იგი ნუღარ დაგენანება.

* * * (38)
ორი ძმაბიჭი, ლექსთა კრებული
   და ძველი ღვინო ორი ხელადა,
თუ მექნა კუთხე მოფარებული
   სამუსაიფოდ მწვანე ველადა
არ გავცვლი ამას მთელ სამყაროში,
   თვით სამოთხეც კი რომ მოცენ თანა,
თუნდაც ამისთვის ამ ნეტარ დროში
   წინააღმიდგეს მთელი ქვეყანა.
ვინაც სიმდიდრეს გამოეკიდა
   და შეინახა განძთა ბეღელში,
მან იოსები ფულზე გაყიდა
   და არაფერი არ შერჩა ხელში.
მოდი, არ შენი სულის წყალობით,
   არც ამ დაცემით, მე რომ მჭირდება,
თავის სიდიდით და ბრწყინვალებით
   ქვეყანა ოდნავ არ დამცირდება,
სადაც უმადურ ბედის რისხვაში
   დღემდე ვერაფერს ხედავდა თვალი,
რომ ჩემს გარშემო ყვავილთა ზღვაში
   ვარდი იყო თუ მინდვრის ეკალი.
ჩახედე ქვეყნის სარკეთა გულში
   მხატვარი დიდი რომ იმალება,
თუ ვის უნახავს თავის წარსულში
   ასე დიადი საკვირველება.
უდაბნოს ცხელ ქარს უხვად რომ მოაქვს
   ბაღის მხარედან სურნელი თბილი,
იმას რაღაცა ვარდის სუნი აქვს,
   ფერი კი მსგავსი თეთრი ასკილის.
საწყნარდი გულო, შენ ქვეყნის ვალი
   არ მოგასვენებს წუთისოფელში,
ჩვენი ცხოვრების ძვირფასი თვალი
   ბოროტ ჰარიმანს უჭირავს ხელში.
ქვეყანა ცოდვის ტაფაში იწვის,
   ჰ ა ფ ე ზ, ამას ხომ შენ ხედავ კარგა,
და ის ამჟამად არავინ იცის,
   მისი მკურნალი სად დაიკარგა.

* * * (39)
გუშინ მე ვნახე, ანგელოზებმა
   დააკაკუნეს ღვინის დუქანში,
მოზიდეს გვამი ადამიანის,
   გადაისროლეს სავსე ფინჯანში.
ეს აკრძალული საიდუმლება
   რომ არავის არ გავაგებინო,
ქვეყნის სიწმინდის მოციქულებმა
   მე, ქუჩის გლახას, მარგუნეს ღვინო.
ზეცამ სიკეთის ბარგი ზედმეტად
   რომ ვეღარ ზიდა ისე ადვილად,
ეს დიდი ვალი, რაღაცა ბედად,
   ჭკუაზე შეშლილს მე მერგო წილად.
სამოცდათორმეტ სჯულთა ბრძოლაში
   ყველას ბევრი რამ ჰქონდა მიზეზად,
რომ ვერ იპოვეს გზა ჭეშმარიტი,
   მოგვცეს ზღაპრები ცხოვრების წესად.
მადლობის ნიშნად, ჩვენ ორთა შორის,
   ეს შერიგება რომ მოხდა ასე,
ღვთისმოსავებმა დაიწყეს როკვა
   და მიახალეს ჭიქა ჭიქაზე.
ის რა ცეცხლია, თუ მის ციალზე
   სანთელს უნებურ გაეღიმება,
ცეცხლი ის არის, როცა მის ალზე,
   ფარვანას ფრთები გადაეწვება.
ვეს შეუძლია,  ჰ ა ფ ე ზ ი ს  გარდა,
   ჰყოს ფიქრთა სახე ნიღაბახსნილი,
და სიტყვის ხუჭუჭ თმებისა ბარდა
   იქნეს კალამით ჩამოვარცხნილი

* * * (40)
მე მწუხარება სიხარულზე ბევრად მეტი მაქვს,
რა მქონდა ქვეყნად და აწი რა იმედი მაქვს.
ვისაც მე ძმობა-მეგობრობა შევფიცე გულით,
მტრად გადამექცა. ვაი, ვაი, ეს რა ბედი მაქვს.

* * * (41)
ვინც გამიღიმა და გული რომ მიჩვენა თბილი,
მტერი აღმოჩნდა, სხვაზე უწინ მან გამკრა კბილი;
და ღვთაებრივი, წმინდა სახის მე რომ მეგონა,
იგი ყოფილა საძაგელი, ჭუჭყით გასვრილი.

* * * (42)
გული გაივსო ქვეყნის ვარამით
და მით, რაც ქვეყნად არს სამწუხარო,
მაგრამ ვაი, რომ მასში არავინ
ჩემზე არ ფიქრობს, ეჰ, მეგობარო.
თუ ჩვენი შეყრის ყვავილთა ველში
საამო სუნი წამოგვეწევა,
როგორც კოკორი ვარდის ფურცელში
გული თვის ქერქში ვერ დაეტევა.
ეს ჩემი რჩევა და სისულელე
იგივე არის შესახებ ტრფობის,
როგორც ნათქვამი ვინმე შეშლილის
რაღაც ამბავი ქვისა და დოქის.
უთხარ განდეგილს, მარტოკა რომ ზის,
ნუ დაგმობს ჩვენი გულის სიხარბეს,
რომ სალოცავი კუთხე მეჰრაბის,
ჩვენია მხოლოდ მოხრილი წარბი.
სამიკიტნოს და ქააბას შორის
დღეს განსხვავება არაფერია;
საითაც უნდა იბრუნო პირი,
ყველა იმათი შესაფერია.
არ დაფასდება მწირობა წვერით,
წარბი და თმა რომ ჰქონდეს ქებული,
მწირი ის არის, თუ ყველაფერი
ბეწვი ბეწვზე აქვს დალაგებული.
დათმობა თმების თვით მწირობაში
ადვილი არის და შეიძება,
ვინც ჰაფიზივით თავს დათმობს, მაშინ
ნამდვილ კარგ მწირად არ ჩაითვლება.

* * * (43)
წყაროს ნაპირი, ხეები წნორის,
ნიჭი მგოსნისა და მეგობარი,
სატრფო ნაცნობი ტკბილი ამბორის,
მერქიფე სახით ვარდისმაგვარი.
ჰოი, სამეფოს დიდო ვარსკვლავო,
დაფსება რომ გცოდნია დროსი,
დიდი განძია ლხენა უდავო,
რომ განგიცდია ამ საწუთროსი.
ვინც უნდა იყოს სიყვარულისგან
ფიქრით სატრფოზე დამძიმებული,
ის დაიფარე ავი თვალისგან,
რომ კარგი საქმე მაქვს დაწყებული.
სარძლოს მოკაზმულს ძვირ სამოსელით
საქმედ ვუქციო ფიქრად სანდომი,
ვინძლო, რომ ჩემი საწუთროს ხელით
გახდეს ჩემთვისაც ხელმისაწვდომი.
ღამის საუბრის იცოდე ფასი
და დაუფლება სიმხიარულის.
აჰა, გულსა წვავს მთვარის ემბაზი,
ველი ყვავილთა ჭრელ თაიგულის.
ღვინით სავსეა თვალის ფინჯანი,
ჩვენი მერქიფის უფლის ბრძანებით,
იგი აშფოთებს ამ ჩვენ გონებას
და გვაჯილდოებს ლოთური ვნებით.
შთანთქა სიცოცხლე ცრუ ანგარებამ,
მოდი, მერქიფევ, მო, გვიახელი,
იქნებ შეიგნონ ამ ავარებმა
და აწ კარგ საქმეს მოჰკიდონ ხელი.

* * * (44)
ეი, შენ მწირო, ჩამომეხსენი,
   ამაო არის შენი ყვირილი,
მარად ყოფაში სამოთხისათვის
   არა ვყოფილვარ მე გაჩენილი.
ერთ მარცვალსაც კი ვერ გამოაკლებს
   თვის სასარგებლოდ ყოფნის ხვავიდან,
ვინც არ დათესა სიმართლის თესლი,
   არყოფნის გზაზე იმავ თავიდან.
შენ - ღვთის ვედრება, სალოცი ხალი,
   გზა მწირობისა, სიწმინდე სულის,
მე - სახლი ღვინის, ზარი, ცოდვის გზა,
   და სინაგოგა უწმინდურ სჯულის.
შენს კეთილ საქმედ ნუ გახდი ღვინოს,
   შენ, ღვთისმოსავო და წმინდა მწირო,
მარად ყოფნაში ბუნებამ ერთად
   მე და ღვინო თვით შეგვაკავშირა.
თუ რომ ჩვენსავით ღვინოში მწირმა
   დააგირავა შესამოსელი,
ვინც უნდა იყოს, მან სამოთხეზე
   უთუოდ უნდა აიღოს ხელი.
სამოთხის ეშხით და ფერიებით
   ვერ დატკბება და ვერ გაახარებს,
ვინაც კი ჩემი სატრფოს კალთის ქვეშ
   სასიხარულოდ თავს შეაფარებს.
ჰ ა ფ ი ზ, თუ ღმერთი მისი შეწევნით
   წყალობას შენთვის კვლავ გაიმეტებს,
წაწყმედის შიშზე და სამოთხეზე
   ნუ დაამყარებ მაგ შენს იმედებს.

* * * (45)
ლოთების აუგს ნუ გამაგონებ,
   მწირო სოფლისავ, თუ შეიძლება
სხვისი ცოდვებით, ცხადია, ვგონებ,
   რომ შენი ბედი არ შეიცვლება.
მე ცუდი ვარ თუ კეთილმოქმედი,
   შენ როგორც გინდა - იყავ უმქისო,
ყველას განაგებს თავისი ბედი,
   ვინც რას დათესავს, მას მოიმკისო.
რა არის მთვრალი, რაა ფხიზელი,
   ქეიფსაცა აქვს დრო და საგანი,
ყოველ სახლშია ტრფიალის ხელი,
   მეჩეთი იყოს, გინდა საკანი.
შენ მე ტკბილ იმედს ნუ დამიკარგავ,
   მარადიულზე ჩემი წარსულით,
დროთა წიაღში ვერ დაინახავ:
   ვინ მახინჯია, ვინ - კარგი სულით.
ღვთისმოშიშობის ფარდის იქიდან
   მე ჩემი ნებით თვით გამოველი,
და მამაჩემმა სამოთხის გზიდან
   სიამოვნება ჰპოვა ყოველი.
ჰ ა ფ ე ზ, სიკვდილის დღის განსაცდელში
   თუნდ ხელში გექნეს საღვინე ჯამი,
ღვინის მარნიდან თვით სამოთხეში
   მაინც მოხვდება ეგ შენი გვამი.

* * * (46)
დღეს გაზაფხული არის პირველად,
   სიამოვნებას დღეს მიეწევი,
ბევრჯერ ამოვა ყვავილი ველად -
   შენ შავი მიწის ქვეშ მოექცევი.
მე არას ვამბობ, თუ შენ რას დალევ,
   და თან ამჟამად შენთან ვინ არი,
რაც რამ კარგია, თვით ამოირჩევ,
   თუ გაქვს გონება დაუძინარი.
ჩანგის ჰანგები თვით ჩაგაგონებს,
   რაც ძვირფასია და მოსაწონი;
კეთილი რჩევა არ დაგაღონებს,
   მის გასაგონად თუ შეგწევს გონი.
ყველა ფოთოლი ერთიმეორის
   ისტორიაა მისაბაძავი,
სამწუხაროა, თუ შენ მათ შორის
   შეუგნებელად გეგულვის თავი.
სიცოცხლის უნარს წაგართმევს ძალად
   ქვეყნის მუდმივი სევდის კირთები
და ამ უაზრო ზღაპრებით კვალად
   ყოველდღე-ღამე დაიტვირთები.
რად გვიჭირს ისეთ გზაზე გარება
   და ვართ რაღაცა შიშით მოცული,
სადაც სიამეს და ნეტარებას
   მეგობრის ხილვით მიიღებს გული.
ჰ ა ფ ე ზ, თუ ბედი მას თანაგრძნობით
   შენთვის სიკეთეს კვლავ შეეცდება,
შენ ამაღლდები შენი შეცნობით
   და ეგ სიკეთეც გაორკეცდება.

* * * (47)
მოდი, მაგ ღვინის ღრმა მდინარეში
   გადაისროლე ეს ჩემი ნავი,
რომ ამ საყვირთა ხმების თარეშში
   მოხუცს ჭაბუკი მეგონოს თავი.
მეც გადამაგდე მაგ ღვინის ნავში,
   ჰეი, მერქიფევ, ხომ იცი, თქმულა:
"გადაგდებული სიკეთე წყალში
   რომ არასოდეს არ დაკარგულა!"
ღვინის სარდაფში მე გავიარე
   გზა სიმრუდისა და ბოროტების,
და ამის შემდეგ დრო არის ბარემ,
   გამეღოს კარი ჭეშმარიტების.
მოიტა ღვინო სურნელი, ჯამში
   წითელ ვარდივით რომ აენთება,
რომ განიბანოს გულის წიაღში
   სიავე, შური და ბოროტება.
მე თუ ლოთი ვარ და უბედური,
   შენ შენს სიკეთეს ნუ დაიშურებ,
თავგზააბნეულს მომაპყარ ყური
   და წყალობის თვალს ნუ მომაშორებ.
თუ შუაღამეზე ოქროსფერ სხივით
   მზე გაგინათებს მოულოდნელად,
თუკი იხილე გოგო ვარდივით, -
   ჩამოაგლიჯე ნიღაბი ხელად.
როდესაც რომ მე გარდავიცვლები,
   თუ სურდეთ, მიწას რომ მიმაბარონ,
მათ მაშინ ჩემი ხორცი და ძვლები
   ღვინის სარდაფის ჭურში დაფარონ.
თუ შენი სული, როგორც ჰ ა ფ ე ზ ი ს,
   იქნება სევდით გარემოცული,
კუდიან ვარსკვლავთ სხივების ისრით
   დე, გაიგმიროს ეგ შენი გული.

* * * (48)
ძაღლი სჯობია ღირსებებით იმ ადამიანს,
ვინც თავის მოძმეს გააგონებს სიტყვას შხამიანს.

მართალი სიტყვა კეთილ საქმედ მაშინ იქცევა,
თუ მისი აზრი შენი გულის სიღრმეში შევა.

კაცი თვალისწინ წარბშეკრული გიღიმის მწარედ,
ძაღლი კარს უკან საცოდავად აგდია გარეთ,

სამწუხაროა - ძაღლი კეთილს არ დაიშურებს,
მაგრამ კაცი კი შენ ყოველთვის მტრად შემოგყურებს.

ბოროტგანზრახვით ვინც მოვიდა ქვეყნის არეში,
დაბოლოს მაინც მოექცა ის ცივ სამარეში.

ჩვენი ცხოვრება ისე არის დღეს დაწეული,
როგორც რომ ხიდი უსაფუძვლო, ბჭე დაქცეული.

ამ სახიფათო, საშიშარ ხიდს შენ ნუ შეჰყურებ,
სხვა გზა მოძებნე და აქ ნუღარ დაისადგურებ.

ამ ქვეყნის ქოხი ისე არის ახლა ჩათვლილი,
როგორც სალარო დანგრეული, განძგამოცლილი.

მეცნიერებმა სიმართლე რომ განჭვრიტეს ახლა,
მათ ეს ქვეყანა აღიარეს სასტუმრო სახლად.

რომ ეს სასტუმრო სამუდამოდ არ შეიძლება
და ეს ქვეყანაც არავისთვის არ შეიცვლება.

მე შენ გიშველი, გინდ იყავი გური ბაჰრამი,
მაგრამ დაბოლოს მაინც შთანგთქამს საფლავის ხრამი.

უარჰყავ ჩინი და სიმდიდრე შენი რაცაა,
რადგან, იცოდე, ეგ სურვილი უძირო ჭაა.

ბრმა თუ არა ხარ, გეუბნები, ან ბრმად მხედველი,
შრომას და საქმეს არასოდეს არ უშვა ხელი;

ამ ქვეყანაზე ყველამ უნდა ხელი აიღოს,
ბერმა, ჭაბუკმა, მათხოვარმა, თუნდ მეფე იყოს.

ჰ ა ფ ე ზ, ისინი, ვინც ამჟამად გაგინაპირეს,
ქება-დიდებით აღმერთებენ დიდყურა ვირებს.


* * * (49)
თუ დალევ ღვინოს, ძირს გადაღვარე
   იმის ნარჩენი ჭურის ნაჟური,
დე, იყოს ცოდვა - თუ გაგვახარებს,
   არაფერია სხვა დასაშური.
გასწი, დალიე, რაღას უყურებ,
   ნუ ხარ ამაო სეცდით ავსილი,
უმაგისოდაც გაგანადგურებს
   ამ წუთისოფლის ბასრი მახვილი.
მე შენი ფეხის მტვერთა ტრფიალში,
   ლერწამ-ტანადო და მომხიბლავო,
განკითხვის დღეზე მიწის წიაღში
   ვერ დამაკავებს ვერც სასაფლავო.
რაა სამოთხე, რის ჯოჯოხეთი,
   რა კაცი, რისი კეთილი სული.
არა სწამს არვის სჯული ასეთი
   ამ გზით ყველაა ხელაღებული.
ცის გამზომავმა ექვსივე მხარეს
   ისე ჩაკეტა განკითხვის გზები,
რომ ძირს მიწაზე აღარც კი არის
   მარადი ხრამი ამოსავსები.
მაცდური იგი - ასული ვაზის*
   თვალის თამაშით ჭკუას შესცქერის,
ნუ ქნას განგებამ განკითხვის დღეზე
   დაენგრეს ვაზებს ბჭე ტალავერის.
მეიქედეს* გზით, ჰოი, ჰ ა ფ ე ზ ო,
   სიამით განვლე წუთისოფელი,
დე, იყოს ლოცვა დღეს საამისო
   სატრფოს ნუგეში და გული წრფელი.

--------------------------------------------------------

ნომრები შეესაბამება ამბაკო ჭელიძს თარგმანებში მოცემულ ნუმერაციას და არა ჰაფეზის დივანის ყაზალთა თანამიმდევრობას.

3 comments: