მაგალი თოდუა

მაგალი თოდუა 


დაიბადა 1927 წლის 19 იანვარს, მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში
1949 წელს დაამთავრა თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.
1950-1961 წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი ლაბორანტი და უფროსი მასწავლებელი; 1961-1966 წწ. - აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1968 წლიდან - სპარსული ფილოლოგიის განყოფილების გამგე. 1991-1995 წლებში იყო ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 2002-2008 წწ. - `გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის~ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. 2008 წლიდან ჟურნალ `ქართველოლოგიის~ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და თარგმანის ავტორი.
გარდაიცვალა 2016 წლის 3 მაისს.

* * *
ვერ განვკურნე გულის დარდი,
ჩამომშორდა გულის ვარდი,
მე სიცოცხლე შევსწირე და
მას მაინც არ შევუყვარდი,
ერთი კოცნა დამიხსნიდა,
მაგრამ ეჭვი მეპარება...
ჰა, სიცოცხლე კოცნის ფასად,
ოღონდ თვალთ ნუ მეფარება.
ჰეი, ვინ ხართ მუსლიმანი,
მე დამღუპავს შეყვარება!
რა კარგია ახლა შენთან,
სამოთხე და ამებაა!
ზამთრის გრძელი ღამეები
უშენოდ ხომ წამებაა!
მე რომ შენზე არ ვკვნესოდე,
წუთი ისე როგორ გავა.
შემომხედე და სიცოცხლე
თვითონ მოვა თავისთავად.
მიეშველეთ ჰ ა ფ ე ზ ს, თორემ
მისი საქმე ცუდად წავა!

* * *
რაა ვარდი, თუ ვერ გყნოსავს
შენ, ლამაზო ვარდივითა?
უბადაგოდ გაზაფხული
ხომ მოვიდა დარდივითა!
თუ ბულბული არ გვიგალობს,
მაშინ ბაღი რა ყოფილა.
გვერდით ტურფა თუ არ მიზის,
გულს ვერ ჩავთვლი კმაყოფილად!
რაა ბაღი, თუ არ არის
ვარდნარი და დაფნიანი!
რა გამოდგა, თუ არ ვკოცნე
გოგო ბაგეთაფლიანი!
ამ ბაღს მაშინ შევიყვარებ
და სამოთხეც მეგონება,
თუ აქ ვარ და თანაც გულზე
ლერწმისტანა მეკონება.
თუ ჭკვიანი გინდა იყვე,
შემისმინე შეგონება!

* * *
მერიქიფევ, გადმომისხი,
ჩქარა, თორემ მწყურია!
კიდევ ერთი თასი, თორემ
დღენი მიმიწურია.
სიყვარულის ტკივილით ვარ
კაცი განაწამები,
მაშ, მოიტა მერიქიფევ,
ღვინით სავსე ჯამები.
ჩქარა, თორემ ხვალ, ვინ იცის,
იქნებ ბარგიც ამიკრეს,
მოდი, გულის ეს ხანძარი
ღვინის ცეცხლით ჩამიქრე.

* * *
ჩემი ტურფა მე, მის მიჯნურს,
თუ მაგემებს ტკბილსა ყანდსა,
მას ერთ ხალში დავუთმობდი
ბუხარას და სამარყანდსაც.
მწდევ, დამისხი, ხვალ ვინ იცის,
შეგვისწრებენ მცინარესა,
ხვალ ვიხილავთ მოსალსა და
რუქნაბადის მდინარესა.
ვაი, როგორ ჯვარზე მაცვა,
როგორ მომსპო ავად ზაკვით,
ვერ გავიგე, ქალი არის
ეს თუ თურქი ავაზაკი!...

* * *
ჰე ნიავო, სატრფო ჩემი,
ალბათ, შეგხვდა შენა,
ეს შენ, ალბათ, მას მოსტაცე
ზილფთა მისთა ფშვენა.
ჰეი, ვარდო, შენი ქება
თუმცა ყველგამ ისმის,
მაგრამ მაინც სად შენა და
სად სიტურფე მისი!
ჰე, რეჰანო, ვერ ედრები
მას სახით და ფერით,
ის ქორფაა, შენ კი, ნუ გწყინს,
გასვრილი ხარ მტვერით.
ჰე, ნარგიზო, ვერ ედრები
შენ მის თვალთა მთვრალთა,
შენ მოხრილხარ, ის კი ტოკავს
და გვიბნელებს თვალთა.
ჰეი, სარო, ტანკენარო,
კი ხარ ტანად ალვა,
მაგრამ მაინც ხომ არ სჯობდა
სადმე გადამალვა.
ჰო, გონებავ, ის რომ გიყვარს
განა ეგ-ღა კმარა,
მასზე ხელი არ გეწიფვის
არა, არა, არა!

* * *
მუდამ დარჩი ასე ტურფა,
ასე კარგი დარჩი მუდამ,
შენი სახე ტიტად იქცეს,
შენი ლოყა - იაგუნდად.
რაც დღე გავა, ცეცხლი მწვავდეს
შენი ტრფობის ალებისა,
შენ დაჩრდილო სილამაზე
მთელი ქვეყნის ქალებისა.
შენი ტანი ალეფს ჰგავდეს,
ალვასავით აიყაროს,
სხვა სუყველა, როგორც ნუნი,
შენ წინაშე დაიხაროს.
შენზე ვინც არ გაგიჟდება,
მან არც ქვეყნად გაიხაროს!..

* * *
ჩემი გულის ბუდეა
შენი ზილფის ხვეული,
ნუ დაიშლი, დავრჩები
ბუსეჩამორღვეული.
ჩემი გული შენ დაგაქვს,
მას უფრთხილდი, ძვირფასო,
ფეხით არ გამითელო
სიცოცხლე და სხეული.
როცა შემომანათებ
შენთა თვალთა შუქითა,
მეც მენთება თვალები
შენთვის ღამეთეული.
ბაღში აწი რა მინდა,
ბაღში რისთვის ვიარო,
როცა ჩემთან მოსულხარ
ტურფა, ბაღად ქცეული.

* * *
გული გახდა მისი ტრფობის
სადგური და ბინა.
ჩემს თვალებში მხოლოდ მისი
ელვარება ბრწყინავს.
მე, ვისაც არ მომიხრია
არავის წინ ქედი,
როგორც მონა, მუხლმოყრილი
ვდგავარ იმის წინა.
ტრფობისაგან გაგიჟება
გახდა ჩემი ხვედრი,
როგორც მეჯნუნს მოუვიდა
ეს ამბავი წინათ...

* * *
გულწარმტაცი წავიდა,
უკან აღარ მოიქცა,
დაივიწყა მიჯნური,
ო, რა ცუდად მოიქცა.
მე ან ბედმა მიმტყუნა,
ბედია თუ ღმერთია,
ან ისაა უღმერთო,
რა ვქნა, ორში ერთია.
მე მის თვალწინ ვიწვები,
მსხვერპლად მისად მზადა ვარ,
ის კი ერთხელ არ მკითხავს,
ასეთ დღეში რადა ვარ.
ვთქვი: ვიტირებ და ცრემლი
იქნებ ვერ აიტანოს,
მაგრამ, ეჰ, რას დააკლებს
წვიმა კლდეს და პიტალოს.

* * *
მას შემდეგ, რაც დღეს
ჩვენ ვნახეთ, ხალხო,
ღვთის მადლს რა ვუთხრათ ან კაცის ამაგს?
დღეს ლოცვის ნაცვლად
ჩვენს ფირს* დუქანში
ღვინის სმა ჰქონდა და პურის ჭამა!
ჩვენ, მის შეგირდებს,
რას გვერჩით ახლა,
მეჩეთში ერთს თუ გამოვრჩით ნამაზს*,
როდესაც ღვინის
სარდაფში უძევს
ფუძე ჩვენს მოძღვარს და სჯულის მამას!
ის თუ აქ ლოთობს,
ჩვენ ჩვენი რწმენის
სარდაფში ვისხდეთ, ვის რაში ჰგამა?
რაც მაქვს ბუნება,
დასაბამით მაქვს,
დაუსაბამო ამქვეყნად რა მაქვს!
დალალთა მისთა
ხლართებში გაბმა
რა თავბრუს მახვევს, რომ მივხვდე ამას,
ჭკვიანო, შენც კი
დაკარგავ ჭკუას
იმ ბორკილისთვის, მე რომ დღეს დამაქვს.

* * *
ვნებააშლილი, თმადაშლილი და ღვინით მთვრალი
ღამით, მძინარეს, თავს დამადგა (შევხედე) ქალი.

ხელში ეჭირა ღვინის სურა და მიღიმოდა,
მის გადაღეღილ მკერდზე დამრჩა ორივე თვალი.

დამიჯდა თავთან, მომეფერა და ასე მითხრა:
„რატომ არ გინდა, მოიხადო მიჯნურის ვალი?

განცხრომის დროა, მეც ამისთვის მოვსულვარ შენთან.
შენ გეძინება, მე კი გულზე მედება ალი.

მიჯნური თუ ხარ, მაშინ ღვინოც უნდა დალიო!
თუ ღვინოს არ სვამ, სიყვარულით არა ხარ მთვრალი.“

ჰე, ღვთისმოსავო, ნუ დამიშლი განცხრომას ქვეყნად;
წადი ჯანდაბას, აგიღია ეშმაკის კვალი!

ღვინო და ქალი, ჰეი ჰ ა ფ ე ზ, გიყვარდეს მუდამ,
თუ გინდა, ქვეყნად გადიხადო, რაც გაძევს ვალი!

* * *

მემთვრალეთ აუგს ნუ იტყვი,
მე გთხოვ განდეგილ მამასო,
განა თქვეს შენზე მემთვრალეთ
ცოდვა მოვკითხოთ ამასო?
შენ რას დაეძებ, მე რა ვარ,
რას სდევ მართალს და მრუდესა.
სუყველა იმას მოიმკის,
რაც მას უხნავს და უთესავს.
ყველა გულისსწორს დაეძებს,
გული გულს უგებს ბოგასა,
სიყვარული აქვს სალოცად
მეჩეთს და სინაგოგასაც.
ჩვენს მომავალზე არ გვითხრა
რამ, კეთილის გარდაო;
ანდა რა იცი, რა გველის,
თვალთ გაფარია ფარდაო.
რა ვქნა, ვერ გავხდი მორწმუნე,
მამაო, ნუ მსდევ ამაოდ.
სამოთხეს არც მე ვეძებდი
და არცა ჩემი მამაო.
რომელ სამოთხეს არ მიჯობს,
როდესაც გულის სწორები
მდინარის პირას ვქეიფობთ,
ჩრდილებს გვიფენენ წნორები.
ჰ ა ფ ე ზ, შენ ღვინო დალიე,
უფრო მოიგებ ამითა,
და სამოთხეშიც გნახავენ
ხელში საღვინე ჯამითა.

* * *

მე სულ ვარ მთვრალი, ნიავით ნელით
სულ ღელავს რადგან თმის შენის ლელი;

მე სულ ვძრწი, რადგან ერთს რომ გამხედავ,
ვერ გამიმართავს წელიწადს წელი.

ო, ღმერთო ჩემო, მოთმენას ამდენს,
რასაც მე ვუძლებ, ან ვით ვარ მრთელი!

ნათლის წილ - ბნელი... წარბთა წინ შენთა
სანთლად დანთებას ამაოდ ველი.

იქნებ ისურვო, ედემად იქცეს
ეს მწირი მიწა! - არ არის ძნელი:

ნიავს უბრძანე, აგხადოს რიდე
და აჰა, კიდე სამოთხის ველის!

ნიავს ვამბობდი, - ნიავი და მე,
ეს მერამდენე იქნება წელი,

ორივე შენი ვართ ანაწერი
(ორივე შენი მიჯნური ძველი), -

მე თვალთა შენთა ისე დამბნიდეს,
ძირს ვგდივარ აგერ, ვით მძიმე ძელი,

ის კიდევ ზილფთა შენთა სურნელმა
ისე დაათრო, ველად რბის ხელი.

* * *

სამეფოთა მფლობელნი შენს მთვრალ ნარგიზს მონებენ,
შენი ღვინით დამთვრალა, ვინც ქებულა გონებით,

შენ - ნიავის ალერსი, მე - ცრემლი და ვაება...
ვშიშობ! ქვეყნად ბევრია შენი ტრფობის მქონენი.

ო, მომხედე ფარულად, როცა გვერდით ჩამივლი,
ნუ სწვავ სხვასაც, თორემ მე ჩემი არ მეგონები.

ჩემი თანამგზავრები ცხენზე ამხედრებულან,
მე ქვეითად მივდივარ ჩემი მცირე ქონებით.

ნუ შედიხარ სენაკში, ის ბოროტთა ბუდეა,
წამო,  ღვინის სარდაფში, გულში ჩაგეკონები.

მიკვირს, ეშხის ქამანდით ვისაც შენ დაატყვევებ,
რატომ ჰქვიათ საწყლები, რატომ ჰქვიათ მონები?

* * *

თუკი არ გავიხარეთ, თუ არ ვსვით და დავლიეთ, -
მაშინ ხომ ეს ცხოვრება სულ უაზროდ გავლიეთ.

ჩვენ ეს ზნე გვჭირს, არც გვინდა შევიცვალოთ შეგნება,
ჩვენ არ ვფიქრობთ, თუ ბოლო ვის როგორი ექნება.

გულის დვრიტა გავიხსნათ, ბედი არც გავიხსენოთ,
ბედზე ზრუნვას შენ განდობ, ბრიყვო ვარსკვლავთმრიცხველო.

ასე რატომ გაოცებს ცვლილებანი ჟამისა,
მცირე მაგალითი აქვს ამ საწუთროს ამისა?

მოდი, ხელში დაიჭი ჯამი ღვინით ავსილი,
იც, ხომ იცი, თავია ბაჰმანის და ჯამისა.

განა იცი, ისინი ახლა საით არიან?
მათი დიდი დიდება ბედმა მტვერში გარია.

მოდი, მოდი, დაცალე ღვინით სავსე ბადია,
სანამ ჰყვავის მოსალი, სანამ რუქნაბადია.

* * *

კურთხეულ იყოს
ის დრო, როდესაც
შენ ჩემკენ ჩუმად გეჭირა თვალი,
როცა ჯერ კიდევ
ღაწვებზე მაჩნდა
ვნებათა შენთა ღელვათა კვალი;
კურთხეულ იყოს
ის დრო, როდესაც
იქით თვალით რომ მკილავდი მწყრალი,
აქეთ ტუჩებით
ბადაგს მასმევდი
და იყავ ვნების მორჩილი ქალი;
კურთხეულ იყოს
ის დრო, როდესაც
ნაქეიფარზე, ვით სიძე-სძალი,
მე და შენ ერთურთს
შემოვრჩით ერთხელ
და შევაჯუფთეთ ცოდო და ბრალი;
კურთხეულ იყოს
ის დრო, როდესაც
ლოყათა შენთა ძოწი და ლალი
გულს უმოწყალოდ
მიფუფქავდა მე,
ვითა ფარვანას _ კელაპტრის ალი;
კურთხეულ იყოს
ის დრო, როდესაც
სუფრას გვილხენდი შენ, სუფრის თვალი,
და როცა მთვრალი
თვალით გვიმზერდი,
გველეწებოდა რბილი და ძვალი;
ახლა რომ აგერ
მეჩეთში ვგდივარ
და ღვინის ნაცვლად წინ მიდგას წყალი,
კურთხეულ იყოს
ის დრო, როდესაც
სირაჯხანაში ვეყუდე მთვრალი!

* * *

ო, რა კარგია ჩემი შირაზი,
ტურფა, წარმტაცი და საყვარელი!
ღმერთო, დაიცავ კედლები მისი,
ღმერთო, შენ იყავ მისი მფარველი!
შენ რუქნაბადი* ადინე ლაღად
(ის უკვდავების წყაროა ტკბილი)
მარად აყვავე ჩემი მოსალი*,
აქროლე მისი ნიავი გრილი!
ო, ერთხელ მაინც ნახეთ შირაზი,
და ხილვით მისით იცხონეთ სული!
ო, გაიცანით შირაზელები _
გულით კეთილნი და სიბრძნით სრულნი!


* * *
ნიავო, იმ ჩემს თარაქამაზე
რომ არ მასვენებს მე დღე და ღამე,
ხომ არ გაიგე რამე ახალი,
ჩემთვის არ მოგაქვს ამბავი რამე?
თუ ეს ძილია, ნუ გამაღვიძებ,
ღმერთო ძიერო, დე, იყოს ძილი,
ძლივს მასთამ ერთხელ გავიხალვათე
და არ დამიფრთხო ზმანება ტკბილი.
თუ არ დამინდობს და გამიმეტებს,
დაღვეის ჩემს სისხლს და გამწირავს ერთობ,
ეს ჩემი სისხლი მას მაინც ტკბილად
დედის რძესავით შეარგე, ღმერთო!

* * *
წალკოტიდან ისევ ისმის მუტრიბის ხმა ამო,
გულში ცეცხლი გაგიჩნდება, ცრემლით ვეღარ ლამო.
ისევ კვნესის, ისევ მესმის მოწოდება მისი,
ჩვენ გვეძახის, - ვერ ვჩერდები! - წამო მასთან, წამო.
მეგობარი იყო ჩემი მერიქიფე ერთი,
მზეს სჯაბნიდა სილამაზით, დალალით და მკერდით.
ახლა იმის დავიწყებას მე ამაოდ ვლამობ!
ღვინო ჰქონდა იმას მუდამ გულის სამალამო.
ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი, ის მასმევდა ღვინოს,
გამო სიყვარულისა და გულის კვნეის გამო.
ჰ ა ფ ე ზ ი  რომ ღვინოს დალევს, შაჰსაც ვეღარ იცნობს,
მე რას მერჩით, თუ სასმელმა თვალი დამილამოს.

* * *

რა ვქნა, როგორ მოევლება
ამ ჩემს ჭირს და ამ ჩემს სნებას?
კერპად ის მყავს, კერპს კი გული
ქვის არ ჰქონდეს, არ იქნება.
ცით მოწყვეტილ ვარსკვლავს მოჰგავს,
ახლოს ზის თუ შორით დგება,
ვით უხდება მიხვრა-მოხვრა
და ზილფების მხრებზე გდება.
ტრფობა ერთხელ რომ მომენთო,
სულ ცეცხლში წვა დამეკვება,
გულში კუპრის ქვაბი მიდუღს,
გავანელო, არ მაქვს ნება.
ხომ ამ დღეში ვყავარ კაცი,
ხომ სახმილში ძვალი დნება,
შენს სიყვარულს ვესავ მაინც,
შენ გახსენებ ნება-ნება.
რა გულ-მკერდი გამოუჩანს,
როცა გულისპირი სძვრება!
მომკლა კაცი, მომკლა კაცი
მისგან ატეხილმა ვნებამ!
მის ტკბილ ტუჩებს, მის ტკბილ ტუჩებს
დამაწაფეთ, თუ გსურთ ქება,
თორემ ჰ ა ფ ე ზ ს, თორემ ჰ ა ფ ე ზ ს
ვერ ვუშველით, - კვდება, კვდება!

* * *

ათასი მტერი
რომ მყავდეს ქვეყნად
და ასაკლებად მომიხტეს კარად,
სანამ შენ ერთი
მყავხარ მოყვარე,
არ ვშიშობ, რადგან შენ ხარ და კმარა!
ეს მე შენია,
რომ მაქვს იმედი,
ჩემს გვერდით მდგარი მეგულვი ფარად,
თორემ უშენოდ
მე როგორ გავძლებ, _
სიკვდილის შიში მზაფრავს და მზარავს!
თუ სუნთქვა შენი
არ მოაქვს ნიავს,
ჩემს ნიადაგზე ვერ ვდგავარ მყარად
და ვარდის დარად
პირს ისე ვიხოკ,
სისხლი ღაწვებზე ჩამომდის ღარად.
ოცნება შენზე
და მოსვენება?
გაყრა შენი და რაიმე ჩარა?
არა, სიცოცხლევ,
ასეთი რამე
ჯერ არ მომხდარა, არა და არა!
შენ რომ დამკოდო,
უფრო მრგებს, ვიდრე
სხვამ წყლულს სალბუნი დამადოს წყნარად;
სხვის მოწვდილ თაფლს და
გოლეულს* მიჯობს
შენი სამსალა და ძირიმწარა.
სიკვდილით ჩემით
დავთრგუნავ სიკვდილს,
ხმლით შენით ჩემს სისხლს თუ ადენ ღვარად;
მკვდრად ნუ მახსენებთ, -
ვკვდები სიკვდილით,
რათა სიცოცხლით ვიცოცხლო მარად!

* * *

ირიჟრაჟა! მერიქიფევ,
მომაწოდე ღვინის ჯამი,
ჩქარა, თორემ ეს ცხოვრება
არ დაიცდის ერთი წამი!
ჩქარა, თორემ ეს სიცოცხლე
გაფრინდება, გაიქცევა;
ჩვენ წავიქცეთ მანამ, სანამ
დედამიწა დაიქცევა!
ალისფერი ღვინო მოდის
დალოცვლილი დოქიდანა,
ადე, თუ გსურს გაიხარო,
ძილმა რაღა მოგიტანა!
ვინც აქ ვლოთობთ, ყველა წავალთ,
ისევ ვეღარ წამოვდგებით.
ჩვენგან დოქი გააკეთეთ,
ღვინის ჭურჭლად გამოვდგებით.
უკვე თავი მოგვაბეზრა
ღვთისმოსავთა დარიგებამ.
ჩქარა ღვინო მომაწოდე,
ჩქარა მორჩი ჩარიგებას!
ჰ ა ფ ე ზ, ჭკუას მიტომ გიქებ,
ღვინის ჯამს რომ ეტანები.
მაშ, დალიე ტკბილი ღვინო
და აღივსე ნეტარებით!

* * *

ბაღში ვიყავ, ვხარობდი
   ყვავილების კრეფითა,
მომეგება ბულბული
   გალობით და ყეფითა.
მოთქვამდა და ტიროდა,
   ვით მიჯნურთა წესია.
(ვინ ყოფილა მიჯნური
   და ვის არ უკვნესია)
და დავფიქრდი შემყურე
   ბულბულის და ვარდისა.
ვთქვი: სიტურფე ძირია
   წუხილის და დარდისა.
თორემ ტრფობა ბულბულმა
   რად დაიჭდო დაღადა,
იგი კვნესის, ვარდი კი
   ინაზება ლაღადა.
უბედურმა ბულბულმა
   ვარდს დაუწყო მდურება.
ვერ შევძელი გულგრილად
   მისი ცოდვის ყურება.
ბაღში ბევრი ვარდია
   კაცის გულის დამწველად,
მაგრამ ვარდი ვინ კრიფა
   ხელის გაუკაწვრელად.
ჰ ა ფ ე ზ, მაცდურ საწუთროს
   ნუ მიანდობ იმედებს,
ყოველგვარი ძაგება
   მისთვის გამოიმეტე!

* * *
განდეგილო, ღვთის გულისთვის,
   გამეცალე, გადექ განზე,
ჩვენს ქცევას და ჩვენს მომავალს
   ალმაცერად რატომ გამზერ?!
როგორ, ღვინო არ დავლიო?
   ეჰ, ამანაც არაკი თქვა.
მწდევ, აქ მოდი გენაცვალე,
   ტკბილი ღვინო არა გიდგას?
ჩქარა, ჩქარა! გამახელე,
   თორემ მერე გვიანია,
დამიჯერე, მთვრალი კაცი
   ფხიზელ კაცზე ჭკვიანია.
ღვთისმოსავო, მომერიდე,
   თორემ ხელი მექავება,
მე ვითმინე, აწი კიდევ
   არ მსურს თავის შეკავება.
თუ არ გინდა, ბორკილები
   გედვას, იყო ნაწამები,
მაშ, ხელ-ფეხი შეიკარი,
   ქალის შავი ნაწნავებით.
გაზაფხულდა. დაივიწყე
   აღთქმა ღმერთთან დადებული,
მუდამ მას რომ დაუჯერო,
   არ ხარ ამის ვალდებული!
მოდი, თორემ გადაგიტანს
   გულის დარდი და იარა,
მოდი, თორემ ამ ცხოვრებამ
   ნიავივით ჩაიარა.
ჰ ა ფ ე ზ, დაჯექ და დალიე,
   ავი ბედი გააწბილე,
ეს ცხოვრება მწარე არის
   და ბადაგით დაატკბილე.


* * *
ჩემზე მეტი სიმდიდრე
   სულთანს არ აბადია!
ცალი ხელით ქალი და
   ცალით - ღვინის ბადია!
- ჰე, ჩააქრეთ სანთელი!
   მე ის აღარ მჭირდება,
როცა გვერდით მოვისვამ
   ტურფას, სახებადრიანს.
მე სულ ღვინო მწყურია,
   მე სულ ღვუნო მწადია,
მაგრამ მისი დალევა
   უშენოდ რა მადლია!
ჩემი ყური ყოველთვის
   დაფა-ზურნის ჰანგს ეძებს,
ჩემს თვალს მუდამ ქალის და
   ღვინის მზერა სწადია.
ჰე, სუფრაზე ამაოდ
   მუშკი არ მოასხურონ,
შენს დალალთა სურნელს ხომ
   მუშკის სურნელს ადრიან.
პირში შაქარს ნუ მიდებ,
   შენი ბაგე მაწვნიე,
ის ხომ უფრო ტკბილია,
   ის ხომ უფრო ყანდია.
რას მიქვია სახელი,
   სახელს მე ის მიხვეჭავს,
რომ ჩემს უგვან ქცევაზე
   ხმები ქვეყნად დადიან.
დარდიმანდი და ლოთი
   რაღა მარტო მე მნახე,
ჩვენს ქალაქში სუყველა
   სარდაფებში აგდია.
ნუ მიძაგებ მოჰთასიბს,
   ისიც დაგვიჭკვიანდა,
ჩვენში მასაც ლოთისთვის
   თავი გაუყადრია.
ჰეი, ჰ ა ფ ე ზ, ღვინო და
   სატრფო არ მოიშორო,
თორემ, ხედავ, დღეები
   როგორ სწრაფად გადიან.

1 comment: