სხვადასხვა

სხვადასხვა ცნობები ჰაფეზის შესახებ
შეკრიბა და დაამუშავა ალექსანდრე ელერდაშვილმა


  • შემონახულია ერთადერთი ავტოგრაფი, სადაც ჰაფეზი ასე მოიხსენიებს საკუთარ თავს: მუჰამად იბნ მუჰამად იბნ მუჰამადი შამს ალ-ჰაფეზ აშ-შირაზიდ წოდებული (მუჰამედის ძის მუჰამედის ძე მუჰამედი შირაზელი - ან შირაზის - მზე ჰაფეზი).
  • ბუხარის სახანოს სკოლებში (მაქთაბებში) მე-16-20 საუკუნეებში საფეზის ლექსები სწავლების აუცილებელ კურსში შედიოდა.
  • მიჩნეულია, რომ ჰაფეზი 1320 ან 1325 წელს დაიბადა, თუმცა ზოგიერთი ვერსია 1300 წელსაც ასახელებს და დაბადების ადგილად უთითებს არა შირაზს, არამედ ქალაქ იაზდს... შესაძლოა, ეს იმიტომ ხდება, რომ ხდება აღრევა ჰაფეზის ორი უფროს ძმაში, რომლებიც ასაკით საკმაოდ უფროსები იყვნენ მომავალ პოეტზე.
  • არსებობს ინფორმაცია, რომ 1353 წელს, როცა შირაზის გამგებელთა ტახზე ავიდა მუზაფარიდების დინასტიის წარმომადგენელი მუბარეზ ედ-დინი, ჰაფეზი 52 წლის იყო და იგი გაიქცა შირაზიდან, თავი გაარიდა ახალ, მკაცრ და დაუნდობელ შაჰს და თავი ისფაჰანს შეაფარა... თუ ეს ინფორმაცია სარწმუნოა, მაშინ ჰაფეზი ნამდვილად დაბადებულა 1300/1301 წელს... ისფაჰანიდან შირაზში იგი რვა წლიანი ყარიბობის შემდეგ დაბრუნებულა.
  • ცნობილია ასეთი ლეგენდაც, რომ მუბარეზ ედ-დინის დამამხობელ მისსავე შვილს, შაჰ-შოჯას, თავადაც ჰყვარებია პოეზია და ლექსებსაც წერდა... ერთხელ თურმე ჰაფეზის ლექსი მან, შურის გამო, დაიწუნა და საყვედურიც უთხრა. ჰაფეზს პასუხად უთქვამს, რომ მისი ლექსები შირაზიდან მთელ ქვეყანაში ვრცელდება, სხვებისა კი ქალაქის ჭიშკარს ვერ სცდებაო; ამ დაპირისპირებას ის მოჰყოლია, რომ შაჰ-შოჯას კარზე ჰაფეზს აღარ დაედგომებოდა და  შირაზს დიდი ხნით გასცლია...
  • ერთი ლეგენდის თანახმად, ინდოეთის ერთ-ერთი სამთავროს მბრძანებელს, მაჰმუდ ბაჰმანს ჰაფეზი მიუწვევია თავის კარზე და შირაზიდან ინდოეთამდე მგზავრობისათვის საჭირო თანხაც გამოუგზავნია, რომლის დიდი ნაწილი პოეტს შირაზშივე დაუტობია - საკუთარი თუ დის ოჯახის ვალები გაუსტუმრებია; შემდეგ გზად მიმავალს თავისი სიყრმის მეგობარი შემოხვედრია და თანხის დარჩენილი ნაწილი სულ მისთვის მიუცია. ორმუზდის სრუტეში მას მაჰმუდ ბაჰმანისგან გამოგზავნილი გემი ელოდებოდა, მაგრამ ზღვაში გასვლისთანავე ქარიშხალი ამოვარდნილა და მგზავრები ნაპირზე დაბრუნებულან, ჰაფეზს კი მიუტოვებია იქუარობა და შირაზში დაბრუნებულა. ინდოელი მბრძანებლის სიყვარული იმდენად დიდი იყო პოეტის მიმართი, რომ იგი არ განრისხებულა და პირიქით, კიდევ გამოუგზავნია ჰაფეზისთვის საარსებო ფული თუ ქონება.
  • ჰაფეზი თითქმის ხანდაზმულ ასაკში დაქორწინებულა და შესძენია ორი შვილი, შემორჩენილია მათგან უფროსის, ვაჟის სახელიც - შაჰ ნუმანი, რომელიც ინდოეთში გადასახლებულა, იქვე გარდაცვლილა და ქალაქ ასირგარჰში დაუკრძალავთ.
  • ჰაფეზის რამდენიმე მეტსახელს შორის, რაც უკვე ნახსენებია ბიოგრაფიულ მასალებში, ჰქონდა კიდევ ერთი - „თარჯომან ალ-ასრარ“ - საიდუმლოებათა ამხსნელი ანუ მთარგმნელი.

* * *
გავშიფროთ ზუსტად სიტყვა „ჰაფეზ“-ის მნიშვნელობა... 
ფონეტიკური მხარე - სპარსელებისთვის ეს სიტყვა ასე ჟღერს - ha:fez.... პირველი ხმოვანი (a:) არის გრძელი „ა“ - حافظ
სიტყვა სიტყვით კი ეს სიტყვა ნიშნავს რაღაცის მცველს, ანუ იმას, ვინც რაიმეს იცავს... ჰაფეზის შემთხვევაში ხსოვნის დაცვაზეა ლაპარაკი, ანუ ეს იქნება დაახლოებით ასეთი ქართული სიტყვა - „დამმახსოვრებელი“ და არ არის აუცილებელი, რომ ადამიანმა მაინცადამაინც ყურანი იცოდეს ზეპირად (მეხსიერებაში შეინახოს, დაიცვას); ლოგიკურად „ჰაფეზი“ შეიძლება ერქვას, თუნდაც „შაჰნამეს“ ან „ბუსთანის“ ზეპირად მცოდნეს... უბრალოდ ტრადიციულად ყურანის დამმახსოვრებელთათვის იმეტებდნენ ამ საპატიო წოდებას.


* * *
ჰაფეზის ლექსები რუსულად ერთ-ერთ პირველს უთარგმნია პოეტ ათანას ფეტს; გთავაზობთ მის თარგმანს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მთავარია თარგმანი იყოს მაღალმხატვრული და სათარგმნელი ენის პოეტურ ტრადიციებს იზიარებდეს:

Гафиз убит. А что его убило, --
Свой чёрный глаз, дитя, бы ты спросила.

Жестокий негр*! Как разит он стрелами!
Куда ни броситъ их, -- везде могила.
    Ах, если есть душа у райской птицы,
    Не по тебе ль ее трепещут крыла?
      Нет, не пугай меня рассудком строгим,
      Тут ничего его не сможетъ сила.
        Любовь свободна. В мире нет преграды,
        Которая бы путь ей заступила.
          О, состраданье, голос сердца нужный!
          Хотя бы ты на помощь поспешила.
          Знать, из особой вышла ты стихии:
          Гафиза песнь тебя не победила!
          * * *
          • დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ ტაშკენტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ინახება ამირ ხოსრო დეჰლევის „ხამსას“ (ხუთი პოემის) ფრაგმენტები, სადაც ხუთიდან სამი მესნევის ტექსტი ჰაფეზი შირაზის ხელითაა გადაწერილი.
          • თუ რიგით მკითხველისთვის ჰაფეზის პოეზიაში მიწიერი სიყვარულისა თუ თრობა-დროსტარების თემები ჩანს, ამ ყველაფერს სუფიზმის სულით განმსჭვალული ადამიანი სულ სხვაგვარად ხედავს; ასე, მაგალითად: „სიყვარული“ სუფისტისათვის სხვა არაფერია, თუ არა სწრაფვა ღმერთისაკენ, „სატრფოში“ მისტიკოსები თავად ღმერთს ხედავენ, „ღვინო, თრობა და ზოგადად სიბრუვე“ მხოლოდ გზა და საშუალებაა, რომელიც მეტრფეს, მიჯნურს (ლექსის ავტორს) სატრფოსთან (ღმერთთან) მიიყვანს და ასე შემდეგ.
          • პირველი, ყველაზე სერიოზული ხელნაწერი გამოცემა განხორციელდა შუა საუკუნეების თურქეთში სამ ტომად, 1814 წელს კი გერმანიაში დაიბეჭდა ჰაფეზის ყაზალების სრული თარგმანი... ქართულ ენაზე დღეისათვის (2016 წ. ივნისი) თარგმნილია ჰაფეზის 80-მდე ყაზალი (495-იდან) სხვადასხვა მთარგმნელის მიერ.


          * * *  
          ჰაფეზის მავზოლეუმის, რომელიც მდებარეობს ქალაქ შირაზის გარეუბანში, იქ, სადაც პოეტის საყვარელი მუსალის ბაღია და მდინარე რუქნაბადი ჩქეფს და სადაც ჰაფეზი მისივე სურვილით დაკრძალეს 1930 წელს აშენდა და შირაზში და ზოგადად ირანში ჩასული ტურისტისათვის აუცილებლად მოსანახულებელ ობიექტად ითვლება, თავად ირანელებისთვის კი ჰაფეზის საფლავი ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ სიწმინდეს წარმოადგენს.


          1 comment: