მთარგმნელთა კლუბი

2014 წლის 13-16 ოქტომბერს მთარგმნელთა კლუბ „ალექსიაში“ ჩატარდა 
ჰაფეზის მე-7 ყაზალის თარგმნის კონკურსი, სადაც შემოვიდა შემდეგი თარგმანები:


* * *
მოდი, იხილე ლალისფერი სითხე კრიალა,
ღვინით სავსეა- ო, დერვიშო,– თიხის ფიალა.

დარდიმანდს ჰკითხე კაეშანი თრობით მოგვრილი,
განდეგილისთვის ხომ უცხოა ღვინის ტრფიალი.

ფასკუნჯს ვერავინ ვერ გააბამს ბადის ხლართებში,
გასჭერ თასმები, მათში დაძრწის ქარი  ფრიალა.

ეს სიცოცხლე ხომ ხანმოკლეა, ნუ დახარბდები,
დალიე, სანამ გელხინება, დარდობ კი არა.

ვერც სიყმაწვილემ ვერ გარგუნა შენ სიხარული,
ვერც სიბერეში მოიშუშე გულის იარა.

გალაღდი, სანამ ცოცხალი ხარ, სანამ ლხინში ხარ,
თორემ ადამიც წალკოტს მოსწყდა და ვერ იხარა.

ჰაფეზ, ძოწისფერ ღვინით სავსე თასის შეგირდო,
ქარს შეულოცე და შეიხთან გზავნე, იალა!
(თარგმნა მზია თვალაბეიშვილმა)

* * *
“სუფი ,შეხდე ნეტარებით სავსე ფიალას,
იხილე მასში ლალისფერი ღვინო კრიალა,

შენ საიდუმლო ფარულისა დარდიმანდს ჰკითხე
და არა იმას,სიბრძნის წნეხქვეშ ვინც იწრიალა.

ხაფანგის თასმა ვერ დაიჭერს ფასკუნჯს ზეციურს,
ყველა ხაფანგმა მხოლოდ ქარი გაიფრიალა..

ცხოვრების ნადიმს შეუერთდი ,ნუ მიგიტყუებს
იმისი ყოფა,ვინც ცხოვრება გაიტიალა..

ტრფობის ყვავილი შეაწყვიტე ამ წუთისოფელს,
სხვა ამა ქვეყნად ვერვინ ვერ რა გაარკვია რა!

როცა წყურვილმა შეაწუხა თვით ადამმაც კი
 სამოთხის გზიდან სალხინებლად  აქეთ იარა..

ჩემგან  თაყვანი გადაეცი ჯამთა მეუფეს
ჰაფეზი ღვინის შეგირდია სუფის კი არა!”
(თარგმნა ვალოდია ჯინჭარაძემ)

* * *
აქ მო, დერვიშო, გამომართვი ეს სავსე  თასი!
იწამე ღვინო, ლალისფერად ლივლივა მასში.

ის, რაც განდეგილს ვერ უცვნია, მთვრალ რინდსა ჰკითხე,
თუ გსურს გარკვევა იდუმალის დაფარულ არსში.

სულის ფასკუნჯი მოარიდე დაგებულ ხაფანგს,
ქარის დაჭერაც შეუძლია მის თასმებს, საშიშს.

სულის სალხენად თუ სასმისი ვერ შეიცანი, –
ამ ქვეყნად ყოფნა უსასრულო რად გინდა მაშინ.

თავი ანებე სახელის და დიდების ძებნას
სანამ ცხოვრება გზად გახვედრებს ყვავილებს, გაშლილს.

თვით ადამმაც კი ედემიდან  განდევნა თავი,
წყარო ღვინისა  რომ ვერ ჰპოვა სიმშვიდის ბაღში.

ჰაფეზი თასის შეგირდია, გესმის, ნიავო? _
თასთა შეიხი მომიკითხე და უსტაბაში!
(თარგმნა ნინო ანთიძემ)

* * *
ჰეი, დერვიშო! ლალის ღვინო ლივლივებს  ჯამში.
შიგ ჩაიხედე, დაინახავ როგორც სარკეში,

რომ დარდიმანდებს უკეთ ესმით სიტკბოებანი,
განდეგილთათვის დაფარული მიღმიერ კარში.

ხაფანგით ფასკუნჯს ვერ დაიჭერ,ახსენ თასმები,
მხოლოდ ქარი თუ გაებმება ამგვარ მახეში

და თუ ცხოვრების ლხინში ერთ-ორს შეირგებ სასმისს
ეგ იმყოფინე, უკვდავების ნატვრის გარეშე.

სიჭაბუკეში, თუ ვერ მოსწყვეტ ყვავილს ლხენისას,
სახელ- დიდებას  ვეღარ ჰპოვებ  სიჭარმაგეში

აქ დაეწაფე, ამა ქვეყნად წყალს სამოთხისას,
უწყლოდ სავანეც უდაბნოა, ქართა თარეში.

გასწი ნიავო! და მეუფეს ყველა სასმისის,
ჩემი სალამი გადაეცი,  ლხენის  მხარეში...

ჰაფეზი ღვინის შეგირდია, აწ და მარადის
ერთგული მონა  მთვრალი უცქერს  ბატონს  თვალებში.
(თარგმნა ანა ჩიქოვანმა)
* * *
იცი, დერვიშო, რომ კრიალა სარკეს ჰგავს ჯამი?
ლალისფერ ღვინის ელვარება იხილე წამით.

იდუმალება მთვრალ რინდს ჰკითხე, მან უწყის უკეთ,
ვიდრე იმ ბერმა, რომ გვაშინებს განკითხვის ჟამით.

ფასკუნჯის დევნას სჯობს დაგლიჯო თასმა ხაფანგის,
თავს ქარის დევნით რომ იქცევდა, არცა სხვა რამით.

ცხოვრების ლხინში ერთ-ორ სასმისს გამოჰკარ ხელი,
დროულად წადი, არ დაგგესლოს  საწუთრომ შხამით.

გულო, გარდახდა სიყრმის ჟამი, სახელს ნუ ეძებ,
ვერ აყვავდები სიბერეში აწ დასაბამით.

იხარე ქვეყნად, რადგან წყალი როცა მოაკლდა,
თვით სამოთხეში ვერ გაჩერდა ადამი წამით.

ჰაფეზი ჯამის შეგირდია, წადი, ნიავო,
მონის სალამი მიაწვდინე მეუფეს ამით.
(თარგმნა გიორგი ხულორდავამ)

* * *
როგორ კაკმამებს ჯამში ახლა ლალისფრად ღვინო,
მოდი  დერვიშო, ჩაიხედე  სულის სარკეში
და  ფარდის მიღმა  მდუმარება ჰკითხე დარდიმანდს-
ამაყ განდეგილს, რომ გაბმულა თრობის მახეში.

მაგრამ დაიჭერს  განა ფასკუნჯს, ხაფანგის თასმა?!
 მან მხოლოდ ქარის დატყვევებას ღამე უთია,
ნუ დახარბდები შენც სიცოცხლის უსასრულობით,
რადგან ცხოვრება რამდენიმე ტკბილი წუთია.

ისე გავიდა სიჭაბუკე, ვერც კი მოასწარ
თან, სიხარულის ყვავილებიც  რომ დაგეკრიფა,
სიჭარმაგეში რად დაიწყე დიდების ძებნა,
ამზე ალბათ, სიყრმის წლებში უნდა გეფიქრა.

უწყლოდ, ადამმაც კი დატოვა სამოთხის ბაღი,
ჰაფეზიც ცდილობს მხოლოდ  ღვინით, სიბრძნის გაგებებს,
წადი ნიავო, მორჩილების,  სალამი უთხარ,
ჯამების მეფეს და პოეტის ბედის გამგებლებს!
(თარგმნა ლია გვენეტაძემ)


* * *
მოდი დერვიშო და იხილე ღვინის კამკამი,
ლალისფერ ღვინით ავსებული ეს თიხის ჯამი.

იდუმალება ფარდის იქით რაც იმალება,
მთვრალ რიდსა ჰკითხე -ბედნიერი არის ის ამით.

აზრზე არ არის განდეგილი ,ვერაფერს ხვდება,
რადგან გართული არის იგი სმითა და ჭამით.

ზღაპრულ ფასკუნჯებს ხომ ვერავინ მოინადირებს,
და ვერ დატკბება მონადირე ვერასდროს ამით!

სცადე,დაგლიჯე ბორკილის თუ ხაფანგის თასმა,
ხაფანგი მხოლოდ ნიავს იჭერს დღისით თუ ღამით.

ლხინში თუ მოხვდე ,ერთ-ორ სასმისს გამოჰკარ ხელი,
ბევრის დალევა სულს ამოდხდის,დარჩები გვამი.

შენ ჩემო გულო სიჭაბუკე წარსულში დაგრჩა,
ვერ მოასწარი შენ,დატკბობა ყვავილთ სიამით.

დაგაახლოვა შენ სიკვდილთან უკვე სიბერემ,
ვერაფერს ასწრებ-დაგრჩენია ორიოდ წამი.

თუ სამოთხეში საკმარისი არ არის წყალი,
სამოთხიდანაც გულნაკლული მიდის ადამი.

ჰეი,ნიავო მონურ სალმით აუწყე შეიხს,
ურჩი ჰაფეზი შეგირდია ღვინიან ჯამის!
(თარგმნა ტარიელ ხუხუნაიშვილმა)


* * *
მოდი სუფი, დავცალოთ და დავინახოთ
ლალისფერი ღვინით სავსე
მოსარკული ძირი ჯამის.

არსი მიღმურ იდუმალის
მთვრალ რინდს ჰკითხე.
დაყუდებულს არა ესმის.
არ დაუფრთხო ძილი ღამის

ქარისმჭერი ხაფანგები
და-ცა-ლეწე!
ვერ დაიჭერ ცაში ფასკუნჯს,
ნუმც გექნება ფიქრი ამის.

ქვეყნის ლხინში ნამდვილ სასმისს
დაეწაფე. მერე გაქრი.
ნუმც გაღელვებს ამა სოფლის
ყოფა წამის.

ვერ მოსწყვიტე ჭაბუკობას
ვარდი, გულო.
აწ სიბერის ხანს ნუ გინდა
სახელი და ფიქრი ჟამის.

ნამდვილ ლხინში იხარხარე.
ედემბაღში რა მოაკლდა წყალი ადამს,
დაიღუპა თავი ლამის.

მე, ჰაფეზი, ვარ შეგირდი
ლალის ღვინით სავსე თასის.
ჰე, ნიავო, მიმესალმე
შეიხს ჯამის.
(თარგმნა ბექა თოფურიამ)

* * *
დერვიშო, მოდი აქ, ჯამი ნახე,
   გამოსარკული, სუფთა, კრიალა,
მასში კამკამებს, ელვარებს წითლად,
   ეს ლალისფერი ღვინო ბრიალა.
დარდიმანდს ჰკითხე, ფარდების მიღმა
   იდუმალება, თუ რა რიგია,
განდეგილს არრა გაეგება
   რა დიდი გზა მოვლო, ბევრი  იარა.
მაშ, დააგლიჯე ხაფანგს თასმები,
   ფასკუნჯს თუ ვეღარ მოინადირებს
ქარების მკვლელი არის ხაფანგი,
   ცხოველ-ფრინველთა მჭერი კი არა.
ამ საწუთროში, შესვი, შეგერგოს,
   ორი სასმისი გადაჰკარ, წადი...
ნუ დახარბდები უსასრულობას,
   ნუ შეერწყმები აწმყოს ზიარად.
გულო, დაგტოვა შენ სიჭაბუკემ,
   სიხარულისა ვერ კრიფე ვარდი,
ნუღარ დაიწყებ დიდების ძებნას,
   ახალგაზრდობამ გაიფრიალა,
არსებულ ლხინში, შენც გაიხარე
   და ყველა სიტკბო იგემე, შესვი,
უწყლობით ადამს გასჭირვებია
   და სამოთხეც კი დარჩა ტიალად.
ჰაფეზი ღვინის ჯამის შეგირდი,
   ვით მონა, სალამს გიძღვნის მეუფეს,
ჰეი, ნიავო, ჯამების შეიხს,
   უთხარ - დავცალე ბოლო ფიალა!
(თარგმნა მანანა ტონიამ)



ჰაფეზის ერთი რობაის თერთმეტი თარგმანი


1. ტარიელ ხუხუნაიშვილი
სატრფოს ქუჩას მოჰყვება ნიავქარი ნოვრუზის,
მას სთხოვე აელვაროს გულში ცეცხლი რომ უზის,
ბუნებაში გაერთე სევდის მოსაცილებლად,
ბაღნარში გებადება სიამოვნება მუზის.

2. ტარიელ ხუხუნაიშვილი
სატრფოს ქუჩიდან უბერავს ნიავი გაზაფხულისა,
სთხოვე მას, გაგიძლიეროს შენ ჩირაღდანი გულისა,
მინდორში გაისეირნე,რომ სევდა მთლად მოიცილო,
ბაღნარში შეძლებ ისწავლო ლექსის თქმა-ხმა ბულბულისა.

3. ალექსანდრე ელერდაშვილი
ნოვრუზზე რომ მოქრის სატრფოს სურნელება ნიავით,
სთხოვე გული აგიყვავოს, ვით ენძელა, ია ვით...
განიშორე სევდა, რაიც სავსე გქონდა სიავით,
რომ ბულბულმა შენც გასწავლოს მღერა წიავ-წიავით.

4. მანანა ტონია
ბუნიაობის ნიავქარები სატრფოს ბაღიდან მომვარდნენ დღეს და,
ქარებს შევთხოვე ჩემთვის ეშველათ, ააელვარონ ამ გულის სევდა,
მინდვრად გაიჭერ, ჩამოიბერტყე, გულისპირიდან დარდების მტვერი,
ღაზალის მღერა იმ ბულბულს სთხოვე, ბაღნარში, ატმის ტოტზე რომ თვლემდა.

5. ლელა ფიროსმანიშვილი
სატრფოს ქუჩიდან  დაუბერე,  ნოვრუზის ქარო, 
ვინძლო ეს გული ჩირაღდანად ააელვარო, 
მინდორში გადი, რომ განაგდო გულიდან   სევდა, 
ბაღნარში მოდი, რომ ბულბულებს ჰანგი მოჰპარო.

6. ეკა ჩხარტიშვილი
სატრფოს ქუჩის ნოვრუზის ნიავი, ვით სულდგმული
შეგეწევა, აგანთებს გულის ყველა კუნჭულით,
მინდვრად გადი, დარდების გადამტვერვა თუ გინდა ,
ლექსებს ბაღში გასწავლის შენ აშუღი ბულბული.

7. მზია თვალაბეიშვილი
სატრფოს აივანს მიუალერსა და შენსკენ მოჰქრის სიო ნოვრუზის,
სთხოვე ამ ნიავს გულში აგინთოს, აგიგიზგიზოს ცეცხლი ხორაზმის,
გაიჭერ მინდვრად, ჩამოიბერტყე გულისგულიდან სევდა მტვრიანი,
მოდი ბაღნარში, ისწავლე ლექსთქმა იმ ბულბულისგან, ზამბახზე რომ ზის. 
8. მზია თვალაბეიშვილი
სატრფოსგან მოჰქრის ნავრუზის ქარი,
სთხოვე აგინთოს გულთ კელაპტარი,
მინდვრად გაფანტე სევდა მწყაზარი,
ბულბულს აყეფე ტრფობის ყაზალი.

9. გიორგი ხულორდავა
სატრფოს სახლიდან მოგიჟმაჟე ნიავის გამო,
ხამს შენს გულშიაც აელვარდეს სახმილი ამო,
მინდვრად გადი და სევდის მტვერი ჩამოიბერტყე,
ლექსის სათქმელად, ბულბულებთან, ბაღნარში წამო.

10. გიორგი ხულორდავა
სატრფოს სახლიდან გაზაფხულის ნიავი მოდის,
ამ ნიავს სთხოვე, ჩამოგწყვიტოს მკერდიდან ლოდი,
მინდვრად გადი და სევდის მტვერი ქარს გაატანე,
ლექსის სათქმელად, ბულბულებთან, ბაღნარში მოდი.

11. ნინო სპანდერაშვილი
სატრფოს ქუჩაზე გაზაფხულის ქარი რიალებს,
სთხოვე, იგი  გულს სიყვარულით ააბრიალებს,
სევდას გულიდან გადაგიყრის ველ-მინდვრის ცქერა,
ან ლექსი, ბაღში ბულბულივით თუ იწკრიალებს.


1 comment:

  1. მადლობა. ყოჩაღ კლუბო

    ReplyDelete